უგულავა მოსახლეობის ყიდვას 5-5 ლარად ცდილობს. ყოველ შემთხვევაში, თბილისის მერის გადაწყვეტილებით 17 ოქტომბრამდე აღებული სამგზავრო ბილეთებზე 5 ლარი ირიცხება და ეს 1 იანვრამდე გაგრძელდება.
მერიის ინფორმაციით, 5-ლარიან ვაუჩერს საქალაქო ტრანსპორტის ყველა ის მგზავრი მიიღებს, ვისაც 17 ოქტომბრამდე საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულება სატრანსპორტო ბარათით ერთხელ მაინც აქვს გადახდილი. მოქალაქეებს შეუძლიათ, 17 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე მათთვის სასურველ მეტროსადგურის სალაროში მივიდნენ და გააქტიუროს ბარათზე 5 ლარი. ამიტომაც გუშინ მეტროსადგურებთან ისეთი აურზაური და ზედახორა იყო, რომ ვისაც რეალურად სჭირდებოდა მგზავრობა, ბილეთის შევსებას ვერ ახერხებდა.
Presage.tv დაინტერესდა, თუ რითი ხსნის მერია ამ გადაწყვეტილებას და, რაც მთავარია, ეს აქცია რა დაჯდება და საიდან დაიფარება.
თბილისის მერიის პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ ეს გადაწყვეტილება თბილისის მთავრობამ იმის გამო მიიღო, რათა მოსახლეობამ გაძვირებული ტრანსპორტის კომპენსაცია მიიღოსო. რაც შეეხება იმას, თუ საიდან დაფინანსდება და საერთო ჯამში ამ აქციისთვის რამდენია გამოყოფილი, მერიის პრესამსახურის პასუხი ასეთია: „ეს თბილისის მთავრობის დადგენილებაა და, ცხადია, თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდება“. თუმცა, საერთო ჯამში რამდენი გამოიყოფა, ეს მარტო უგულავამ იცის და, როგორც ჩანს, ამის გამჟღავნებას არც აპირებს.
არადა, როგორც თბილისის საკრებულოს წევრი, რესპუბლიკელების წარმომადგენელი თინა ხიდაშელი აცხადებს, „ეს გადაწყვეტილება ძალიან ბევრ კითხვას აჩენს“. მთავარი კითხვა, მისი თქმით, არის ის, თუ რა არგუმენტით ხდება კომპენსაციის დარიგება განურჩევლად ყველასთვის და საიდან განისაზღვრა, რომ ტრანსპორტის გაძვირების საკომპენსაციო თანხა მაინცდამაინც 5 ლარს შეადგენს.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, "თავისუფალი დემოკრატების" წევრი გია ცაგარეიშვილი კი ეჭვობს, რომ „უგულავა ამ მეთოდით ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს“.
ერთი არის ის, რომ ცდილობს მოსახლეობის გულის მოგებას და მეორე, თბილისის ბიუჯეტიდან თანხების უკონტროლო ხარჯვა ხდება შესაძლებელი, რასაც შემდეგ უკვე საარჩევნოდ გამოიყენებს. თუკი მთელ რიგ ქმედებებს გავითვალისწინებთ, რაც კონკრეტულად თბილისის მერიამ ბოლო თვეების განმავლობაში განახორციელა, დაწყებული ნაგვის გადასახადის ახალი წესის შემოღებით და დამთავრებული ტრანსპორტის გაძვირებითა და საბავშვო ბაღების საფასურის შემოღებით, ძნელი წარმოსადგენია, რომ მოსახლეობის გულის მოგება ასეთი ადვილი იყოს.
მაგრამ ფაქტია, რომ თბილისის მერმა ეს გადაწყვეტილება ძალიან მოულოდნელად მიიღო. აქამდე ე.წ. ვაუჩერები ორჯერ დარიგდა და ორივეჯერ წინ ისეთი პიარკამპანია უძღოდა, რომ ამის მეტი არაფერი ისმოდა. ამიტომაც ადვილი მისახვედრია, რომ ეს ყველაფერი, გარკვეულწილად, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენასაც უკავშირდება.
ამასთან, როგორც სახელისუფლებო კულუარებში საუბრობენ, ივანიშვილის იმ განცხადების შემდეგ, სადაც იგი გარკვეულ სიმპათიას მერაბიშვილის მიმართ ამჟღავნებს, მოსახლეობაში ივანიშვილის კვალდაკვალ კეთილგანწყობამ მერაბიშვილის მიმართაც იმატა. უგულავამ კი ამის გამო საფრთხე იგრძნო და ქმედითი ღონისძიებების გატარება გადაწყვიტა. მოსახლეობის მოსყიდვის მცდელობა კი ამ ხელისუფლებას არაერთხელ ჰქონია და, როგორც ჩანს, კონკრეტულად უგულავა ისევ ნაცად ხერხს მიმართავს.
საინტერესო ის არის, რომ ეს გადაწყვეტილება მარტო თბილისელებზე არ გავრცელდება, რადგან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქართველოს ყველა მოქალაქე სარგებლობს. ფაქტია, რომ უგულავას საკმაოდ შორს მიმავალი გეგმები გააჩნია. არადა, ეს ხელისუფლება სულ ორი დღის წინ ივანიშვილს იმაზე დასცინოდა, ყიდვა-გაყიდვის მეტი არაფერი იცისო. ამ ფონზე კი 5 ლარიანების დარიგებას რა შეიძლება დაერქვას, ადვილი მისახვედრია.