„არაფერი დამინახავს, არაფერი მსმენია, არაფერი მითქვამს“, - ხელისუფლების ეს პოზიცია ივანიშვილთან დაკავშირებით გრძელდება და საპარლამენტო უმრავლესობა ისევ იმას ამბობს, რომ მათ ივანიშვილის განცხადების წასაკითხად ვერ მოიცალეს. სხვა საკითხია, რას აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობა ისეთს, რომ პოლიტიკური განცხადებების წასაკითხადაც ვერ იცლის, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი კომენტარის გაკეთებას თავს ამ საბაბით არიდებენ.
ერთად-ერთი გოკა გაბაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც ივანიშვილის განცხადების შინაარსი იცოდა, მაგრამ მაინც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე presage.tv მის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ.
გოკა გაბაშვილი: ჩვენ ჯერჯერობით ვიცნობთ იმ ინტერვიუს ნაწილებს, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა მისცა „როიტერის“ სააგენტოს. ჩვენ ვიცნობდით ამ ადამიანის საქმიანობას ქველმოქმედების სფეროში და დადებითად ვაფასებდით, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვი მის პოზიციებზე პოლიტიკაში.
ადამიანი, როდესაც ფიქრობს, რომ საქართველომ თანხმობა უნდა მისცეს რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, ან როდესაც ადამიანი პუტინისგან მოელოდება, რომ ის გაატარებს დემოკრატიულ რეფორმებს, შეებრძოლება კორუფციას და დაუახლოვდება დასავლეთს, ან ივანიშვილს საერთოდ წარმოდგენა არა აქვს, რაზე ლაპარაკობს. ჯერჯერობით, პოლიტიკაზე შეიძლება წარმოდგენა საერთოდ არა აქვს, ან მეორეა, მართლა ფიქრობს, რომ საქართველო შეიძლება იცვლებოდეს „რასიისკი კრედიტზე“.
ეს ასე ნამდვილად არ არის. ამის შესახებ ნათელ სიგნალს არაერთხელ მიიღებს როგორც ბატონი ივანიშვილი, ასე პუტინი. საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს მოქალაქეების ხმები და საქართველოს პოლიტიკური პროცესი არ იყიდება, როგორც არ უნდა ჰქონდეს ვინმეს ამის სურველი.
მე ნაკლებად მჯერა გულუბრყვილობის, რომ ივანიშვილი არ იცნობს პუტინს და არ იცის, რომ პუტინი ვერ იქნება ვერც დემოკრატი და ვერც დასავლეთთან დაახლოებული და ვერც კორუფციასთან მებრძოლი. მე უფრო მჯერა სხვა რამის, რომ მისი პროექტი ნამდვილად დაკავშირებული არის ბატონ პუტინის ინტერესებთან.
მან არჩევნებთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება და თქვა, რომ თუ არჩევნებში მიაღებინებენ მონაწილეობას, მაშინ ის უმრავლესობით მოვა და, თუკი არ მიაღებინებენ, ეს არალეგიტიმური არჩევნები იქნება.
- რაც შეხება არჩევნებს, არჩევნები საქართველოში ჩატარდება დემოკრატიულად. საქართველოში ჩატარდება არჩევნები, რომელზეც მოწვეული იქნება ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია. საქართველოში ჩატარდება არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია და იქნება კონკურენტული ბრძოლა.
ერთი ადამიანის და მისი მოქალაქეობის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც თავად დაარღვია „მოქალაქეობის შესახებ“ კანონი, არ განსაზღვრავს საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს. შეიძლება ადამიანებს ბევრი ფულის გამო უჩნდებათ განცდა, რომ მთელი სამყარო მათ გარშემო ტრიალებს, მაგრამ ეს ასე არ არის.
საქართველოში პოლიტიკური პროცესი განვითარდება ისე, როგორც უნდა განვითარდეს, – დემოკრატიულად და სამართლებრივად.
რაც შეეხება ბატონ ივანიშვილს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მისი მოლოდინი, თითქოს პუტინი იქნება დემოკრატი, განახორციელებს დემოკრატიულ რეფორმებს, შეებრძოლება კორუფციას და დაუახლოვდება დასავლეთს და ამით მიეცემა შანსი, დაარეგულიროს ურთიერთობა რუსეთთან, ეს არის ან აშკარად პრორუსული პროექტი ან, მინიმუმ, ძალიან დიდი გულუბრყვილობა.
არჩევნები როდის ჩატარდება?
- არჩევნები ჩატარდება მაშინ, როდესაც უნდა ჩატარდეს.
სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა კი გაბაშვილმა აღარ ისურვა.