commersant.ge
საქართველოში 3 მილიონზე მეტი ადამიანი სამედიცინო დაზღვევის გარეშეა დარჩენილი. ამ მონაცემებს საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი აქვეყნებს. ინსტიტუტის პრეზიდენტის გიორგი გიგოლაშვილის განცხადებით, დაზღვევის გარეშე დარჩენილ ადამიანთა უმეტესობას პირველადი სამედიცინო მომსახურების მიღებისა და სათანადო ხარჯების დაფარვის შესაძლებლობაც არა აქვს. აუცილებლობის შემთხვევაში კი მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე ახლობელთა დახმარებასა თუ ბინის და ავტომობილის გაყიდვაზეა დამოკიდებული. გიგოლაშვილის განმარტებითვე, სადაზღვევო კომპანიების უმრავლესობას ინდივიდუალური დაზღვევის სიძვირისა და მოქალაქეთა დაბალი გადახდისუნარიანობის გამო საცალო ბაზრის ათვისების სურვილი არა აქვს. ამიტომ, მისივე თქმით, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის განხორციელება, ყველა დასაქმებული მოქალაქე უნდა ფლობდეს სადაზღვევო პოლისს. დაუსაქმებელი პირებისათვის სახელმწიფომ უნდა განახორციელოს მათთვის ხელმისაწვდომი სამედიცინო დაზღვევის პროგრამა. რომელიც “იაფი“ დაზღვევაზე მასშტაბური, დახვეწილი და რეალურ მოთხოვნებზე მორგებული იქნება.
საპარლამენტო უმცირესობაში კი აცხადებენ, რომ რეალურად სახელმწიფომ ამ 3 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობის დაცვაზე უარი თქვა. ჯანდაცვის საპარლამეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მიდგომაა დააფინანსოს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის, ამ შემთხვევაში მილიონამდე სოციალურად დაუცველი ადამიანის ჯანდაცვა. დანარჩენებმა კი საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედონ. თუმცა მთავრობამ კარგად იცის, რომ დაზღვევის გარეშე დარჩენილი ადამიანების უმეტესობას მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება არ შეუძლია. ანიკაშვილის განმარტებით, დღეს ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხები მშპ–ს მხოლოდ 2%–ია, მაშინ როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირდაპირი რეკომენდაციით ეს მონაცემი 4–5%–ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ექსპერტთა განცხადებით კი, სახელმწიფო არა მარტო უარს ამბობს 3 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობის დაცვაზე, არამედ არც ალტერნატივას სთავაზობს. დაზღვევის ექსპერტის ლევან კალანდაძის განცხადებით, ადამიანებს, რომლებიც სოციალურად დაუცველთა კატეგორიას არ განეკუთვნებიან, ინდივიდუალური დაზღვევის შესაძლებლობა რეალურად არა აქვთ. სადაზღვევო კომპანიების ინტერესების სფეროში ამ სახის მომსახურეობა ნაკლებად შედის. მათთვის კორპორატიული დაზღვევა გაცილებით მომგებიანია. თუმცა აქ მეორე პრობლემაა – კომპანიების უმეტესობა საკუთარ თანამშრომლებს დაზღვევაზე უარს ეუბნება. ლევან კალანდაძის განმარტებით, მთავრობამ შეცდომა დაუშვა, როცა იაფი დაზღვევის პროგრამა ისევე ნაჩქარევად გააუქმა, როგორ ნაჩქარევადაც შემოიღო. მისი თქმით, მართალია ეს პროგრამა დაუხვეწავი და გაუმართავი იყო, მაგრამ გაუქმების ნაცვლად მთავრობას მის განვითარებაზე უნდა ეზრუნა.
ინფორმაციისთვის: საქართველოში 2009 წლის ბოლოს დაახლოებით 1,3 მლნ. ადამიანს აქვს სამედიცინო დაზღვევის პოლისი. აქედან დაახლოებით 900 000 ე.წ. „უმწეოთა“ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამითაა დაზღვეული, დაახლოებით 70 000 – პედაგოგთა სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით. სახელმწიფოს განცხადებით, დაახლ. 150 000 ადამიანი ~იაფი~ დაზღვევის პროგრამაშია ჩართული, დანარჩენი – „კორპორატიული“ ნებაყოფლობითი დაზღვევის პოლისებს ფლობს. 0–18 წლის და 60 წელზე მეტი ასაკისთვის რამდენიმე პროგრამა ხორციელდება, რომლებიც ამ მოქალაქეების არასრულ სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.
მთავრობის პოზიციის მიღებას რამდენიმე უწყებიდან ველოდებით და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.