ჯოშუა კუცერა, “Eurasianet”
ვაშინგტონის სამუშაო ჯგუფმა აშშ-ს ორი სენატორის ხელმძღვანელობით საქართველოს შესახებ განცხადება გაავრცელა. დოკუმენტი, რომლის სახელწოდებაცაა „საქართველო დასავლეთში: საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის პოლიტიკური „საგზაო რუკა““, საუბარია ამ ქვეყნის ურთიერთობაზე აშშ-სთან და ევროპასთან. დოკუმენტი მოიცავს მთელ რიგ რეკომენდაციებს ამერიკელი, ევროპელი და ქართველი პოლიტიკოსებისთვის, მათ შორის უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებულ რამდენიმე საკმაოდ პროვოკაციულ წინადადებას:
„წინადადება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო ძალთა განთავსების შესახებ: შემდგომი დიპლომატიური აქტივობის ფარგლებში შეერთებულმა შტატებმა თავის მოკავშირეებთან თანამშრომლობით უნდა შეიმუშაოს მკაფიო ხედვა უსაფრთხოების სფეროში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად შესრულების კონტექსტში, კერძოდ: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, საიდანაც გაყვანილია რუსეთის არმიის და მესაზღვრეების დამატებითი კონტიგენტი, ხოლო უსაფრთხოება უზრუნველყოფილია იმ ნეიტრალურ საერთაშორისო ძალთა ყოფნით, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ ადგილობრივ ხელისუფლებებთან…
- ნატოს წევრობისკენ საქართველოს მისწრაფების განმტკიცება. ამერიკის ოფიციალურმა პირებმა უნდა გამოიყენონ ჩიკაგოს ნატოს სამიტი ალიანსის მხრიდან საქართველოს ბლოკში გაწევრიანებისადმი თანხმობის პრაქტიკული დადასტურებისთვის, მათ შორის თანამშრომლობის გააქტიურების შესახებ დოკუმენტთა პაკეტის მიღებით, რომელშიც დადასტურდება საქართველოს გაწევრიანების გადაწყვეტილება და მკაფიოდ იქნება ხაზგასმული, რომ კომისია ნატო-საქართველო და საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის ეროვნული წლიური პროგრამა ის მექანიზმებია, რომელთა საშუალებით საქართველო თავის დროზე გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი…
- საქართველოში აშშ-ს ყოფნის გაზრდა. საქართველოს უსაფრთხოების სფეროს სტრატეგია შეკავების ტაქტიკას ეყრდნობა. ნებისმიერი ამერიკული ყოფნა საქართველოში ამ ტაქტიკის განმტკიცებას შეუწყობს ხელს და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ფსიქოლოგიურად დაეხმარება ქვეყნის მოსახლეობაში უსაფრთხოების განცდის განმტკიცებას. უსაფრთხოების სფეროში ოფიციალური გარანტიების არ არსებობის პირობებში შეერთებულმა შტატებმა უნდა გაზარდოს მისი უმნიშვნელო სამხედრო წარმომადგენლობა, რომელიც დაკავშირებულია 1. საქართველოს არმიის მომზადების პროგრამასთან, რომლის მიზანიც კოალიციის ძალთა ფარგლებში ოპერაციების განხორციელებაა; 2. ნატოს საწრთვნელი ცენტრის პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მხარდაჭერასთან; 3) ობიექტებთან და ლოჯისტიკასთან ავღანეთში ტექნიკისა და არმიის გადაყვანის კონტექსტში ამ ეტაპზე, და მომავალში ნაკლები მოცულობით, ასევე ლოჯისტიკური კვანძის ფუნქციონირებისთვის, რომელიც ცენტრალური აზიის კარიბჭეს წარმოადგენს.
- სამხედრო სფეროში ურთიერთობის ნორმალიზება. აშშ-ს მაღლჩინოსნებმა ურთიერთობის ნორმალიზება უნდა მოახდინონ საქართველოსთან სამხედრო სფეროში, მათ შორის უნდა აღდგეს თავდაცვითი შეიარაღების მიწოდება და სპეცდანიშნულების ძალთა მომზადება. მიწოდებებთან დაკავშირებული შეთანხმება დაეხმარება საქართველოს თავდაცვითუნარიანობის გაზრდაში, კოალიციის ძალთა ოპერაციებში მონაწილეობის მხრივ და ნატოსთან პარტნიორობის პროგრამის მიმართულებით ამოცანების მიღწევაში. ეს ნაბიჯები ისე უნდა გადაიდგას, რომ არ დარჩეს ეჭვი იმის თაობაზე, რომ აშშ-ს ეს გადაწყვეტილება მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოს მთავრობის ვალდებულებასთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ, და რომ ის შეთანხმებულია ალიანსის მოკავშირეებთან, რათა თავი ავარიდოთ ალიანსში სკეპტიკურად განწყობილი წევრების გაკვირვებას და ნატოს სახელმწიფოების მხრიდან ანალოგიური ნაბიჯების გადადგმისთვის, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტრადიციულ კავშირებთან თავდაცვის სფეროში, ასევე ის, რომ ეს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს აშშ-ს და საქართველოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მთელი პროცესის გამჭვირვალეობას.
- საქართველოში ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის (EUMM) მუშაობაში ჩართვა. ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიამ პროცესის ყველა მონაწილის, მათ შორის რუსეთის მხრიდან, პატივისცემა დაიმსახურა და მას შეუძლია საკუთარი როლის გაზრდა ოკუპაციის ხაზზე უფრო მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის. იმ პრეცედენტის დაძლევისთვის, რომელიც კოსოვოში ევროკავშირის მართლწესრიგისა და კანონიერების უზრუნველყოფის მისიამ (EULEX) შექმნა, აშშ-მ უნდა განიხილოს საქართველოში ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის მუშაობაში სხვა მხარეებთან ერთად მონაწილეობის შესაძლებლობა.“
განსაკუთრებით გამაოგნებელია საქართველოს ტერიტორიაზე შეკავების მექანიზმის სახით ამერიკის არმიის განთავსების შეთავაზება. ერთი შეხედვით ეს ნაბიჯი აგრესიული და წინდაუხედავია: ნუთუ აშშ-ს მართლაც უნდა საქართველოში ხაფანგის როლი ითამაშოს, თუკი რუსეთი რაღაცას მოიმოქმედებს? ან საქართველომ რომ მოიმოქმედოს რამე რუსეთის წინააღმდეგ, ხოლო ამ დროს ამერიკის არმია ბრძოლის ეპიცენტრში აღმოჩნდება, რა უნდა გააკეთოს მან? მეორე მხრივ, თუკი ამ ორ ვარიანტს გამოვრიცხავთ, მაშინ ეს შეიძლება ჯანსაღ კომპომისს გავდეს: საქართველო გამხნევდება, ხოლო რუსეთი (შესაძლოა) შეშინდეს და აღარ განიხილოს საქართველოს ტერიტორიაზე დაბინავებული ამერიკული ძალების საფრთხედ აღქმა (მათ სიმბოლურ რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ). არ ვიცი, რა რეაქცია ექნება ამაზე რუსეთს (მაგრამ ვეცდები გავარკვიო).
მთლიანობაში ამ დოკუმენტს შეგვიძლია ვუწოდოთ „როგორ უნდა განაწყოს აშშ-მ რუსეთი მის წინააღმდეგ“. მოსკოვში ყოფნისას ევგენი ბუჟინსკის შევხვდი, რომელიც ბოლო დრომდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო შეთანხმებების განყოფილების უფროსად მუშაობდა. მე მას ვკითხე, რა შეიძლება მომხდარიყო იმ შემთხვევაში, თუკი შეერთებული შტატები საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას დაიწყებდა:
„რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ურთიერთობებზე ნეგატიურად აისახება. საქართველო ძალიან სპეციფიკური შემთხვევაა, და მე რომ გადაწყვეტილებების მიმღები ამერიკელი პოლიტიკოსი ვიყო, ჯერ-ჯერობით საქართველოს პირველხარისხოვან საკითხად არ ვაქცევდი… თუკი თქვენ გსურთ რუსეთის ანტაგონისტურ რელსებზე გადაყვანა, მაშინ შეგიძლიათ დაივიწყოთ ტრანზიტი [ანუ რუსეთთან ავღანეთში სამხედრო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული თანამშრომლობა]. ეს კვლავ „ცივ მშვიდობასთან“ დაგვაბრუნებს“.
ევგენი ბუჟინსკი რუსეთის მხრიდან მთავარი წარმომადგენილი იყო იმ მოლაპარაკებებში, რომლის დროსაც გადაწყდა, რომ რუსეთი ტრანზიტის როლს ითამაშებდა მისი ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთების გადაზიდვაში, ამიტომ მისი სიტყვები გასათვალისწინებელია. იმის მიუხედავად, თუ რა კუთხით შევხედავთ, ეს სიტყვები ჟღერს ან როგორც მუქარა, ან როგორც კისინჯერის სულისკვეთების ძველი მკაცრი კურსის გატარება ცხოვრებაში. მე არ ვიცი, რატომ აწუხებს ასე რუსეთს ქართული იარაღის საკითხი, მაგრამ განგაში სახეზეა და ვაშინგტონი ამას უნდა ითვალისწინებდეს.
გუშინდელ სხდომაზე, სადაც რუსეთში ახალი ელჩის პოზიციაზე ობამას მიერ წარდგენილ მაიკლ მაკფოლის დამტკიცების საკითხს განიხილავდნენ, მას უამრავი შეკითხვა დაუსვეს. ურთიერთობათა „გადატვირთვაზე“ საუბრისას მთავარ დივიდენდად მან მოსკოვთან ავღანეთთან დაკავშირებული თანამშრომლობა დაასახელა:
„ჯერ ერთი, რუსეთის მთავრობასთან თანამშრომლობის გააქტიურების ხარჯზე ჩვენ ავღანეთში ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობები გავაფართოვეთ. იმ სარკინიგზო, საჰაერო გზებსა და საავტომობილო მაგისტრალებზე, რომელიც ჩრდილოეთ მარშრუტის სახელითაა ცნობილი, დღეს მიწოდებათა მთელი მოცულობის ნახევარი მოდის, რომლითაც ჩვენ ავღანეთში მებრძოლ ჩვენს სამხედროებს ვამარაგებთ. 2009 წელს რუსეთთან სამხედრო ტვირთების ტრანზიტზე შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ჩვენ 1 500-ზე მეტი ფრენა განვახორციელეთ; რუსეთის გავლით 235 000-ზე მეტი სამხედრო გადავიყვანეთ. ამ სატრანზიტო შეთანხმებებს ჩვენი სამხედრო კონტიგენტისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც პაკისტანის სატრანზიტო მარშრუტი სულ უფრო პრობლემური ხდება“.
როდესაც ეს ანგარიში გამოვიდა, მე მის ავტორებს ვკითხე, მიაჩნიათ თუ არა მათ, რომ მათი რეკომენდაციების რეალიზაციით მიღებული სარგებელი ამ თანამშრომლობის ჩაშლით გამოწვეულ ზიანს გადაფარავს. აი რა მიპასუხა სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთმა თანათავმჯდომარემ და ნიუ-ჰემპშირის შტატის დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა:
„არ ვფიქრობ, რომ ეს ანტაგონისტურ თამაშად უნდა აღვიქვათ. ჩვენ რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკას ვახორციელებთ და აშშ-სთვის საინტერესო მთელ რიგ საკითხებში პროგრესს მივაღწიეთ.ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებებით თანამშრომლობას განვავითარებთ. ჩვენ საქართველოში განსხვავებული ინტერესები გვაქვს და უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია საქართველოს, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიას დავეხმაროთ სამყაროს ამ ნაწილში. ჩვენ უკვე ვეხმარებით ამ ქვეყანას შეიარაღებული ძალების მომზადებაში და ვთანამშრომლობთ მასთან სამხედრო სფეროში. ვფიქრობ, რომ ჩვენი ინტერესები საქართველოში ცალკე თემად უნდა გამოვყოთ.“
ანგარიშის მეორე ცნობილმა თანაავტორმა, კერძოდ ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელმა ფრენსის ბარველმა დასძინა:
„ავღანეთში ფრენები რუსეთის ინტერესებშიც შედის. ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს ის თუ როდის გვიწევს ის სამსახურს და როდის აკეთებს ამას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ჩემი აზრით, ბევრი რამ რასაც ისინი აკეთებენ, მათსავე ინტერესებში შედის“.
შეიძლება ბარველი მართალიცაა და რუსეთი ტყუის. ვფიქრობ, ამის ზუსტად დადგენა შეუძლებელია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს ეს ანტაგონისტური თამაში არ არის, ყალბია. ვაშინგტონში იმ ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას, რომლებიც საქართველოსთან მეგობრობაზე საუბრობენ, ეს ქვეყანა მხოლოდ იმ დოზით აინტერესებთ, რა დოზითაც ის რუსეთის წინააღმდეგ ხელკეტად გამოდგება. სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთმა თანათავმჯდომარემ და სენატორმა ლინდსი გრემმა ლანჩის დროს მითხრა: „ვფიქრობ, საერთო ჯამში მათ ძველი საბჭოთა კავშირის აღდგენა გადაწყვიტეს და ჩვენ ამას უნდა ვუპასუხოთ“. აქ კი ვუბრუნდებით ძველისძველ და დაუსრულებელ დავას იმის თაობაზე, თუ ვინ არის ბოლოს და ბოლოს დამნაშავე იმაში, რომ ურთიერთობები ასეთ ცუდ მდგომარეობაშია – მოსკოვი თუ ვაშინგტონი.
ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო ამ ყველაფრის ეპიცენტრში აღმოჩნდა, რადგან როგორც ეს სამუშაო ჯგუფის ორმა სხვა წევრმა ამიხსნა, საქართველოს ყველა გადაცდომის მიუხედავად (რომლებსაც ასე დეტალურად აანალიზებენ ანგარიშის ავტორები) ამ ქვეყნის ისტორია დღემდე მისაბაძი მაგალითია. აი რა განაცხადა ნატოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა კურტ ვოლკერმა:
„ევროპის ისტორიას შეგვიძლია სხვადასხვაგვარად შევხედოთ. შეგვიძლია შევხედოთ მას, როგორც აღმასვლის, დაცემის და იმპერიების შეტაკებების ისტორიას; შეიძლება, შევხედოთ მას როგორც საფრანგეთის და გერმანიის ინტეგრაციის ისტორიას მრავალსაუკუნოვანი კონფლიქტების გადალახვის კონტექსტში. მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი ევროპულ ისტორიაში მმართველობის იდეის პროგრესი და ხალხებს და მათ მმართველებს შორის ურთიერთობაა. მონარქების ღვთიური მისიით თავსმოხვეული მმართველობის იდეიდან დაწყებული, დამთავრებული იმ იდეამდე, რომ ერებს თავად შეუძლიათ საკუთარი მმართველების არჩევა. ეს უზარმაზარი პროგრესი იყო… თავისუფლებათა დიდებული ქარტიიდან საფრანგეთის რევოლუციამდე, ამერიკის რევოლუციამდე, ფრანგ ფილოსოფოსებამდე, მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე, იტალიასა და გერმანიაში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებამდე და ბერლინის კედლის დაცემამდე. საქართველო კი იმის შეხსენებაა, რომ … მიუხედავად იმისა, რომ ამდენი გავაკეთეთ ამ დიდ ისტორიულ გზაზე, ჩვენ ვერ დავასრულეთ ჩვენი საქმე. ევროპაში არის ტერიტორიები, რომლებიც დღემდე ამ განვითარების, პროგრესის ნაწილად ვერ იქცა. იმ ადამიანებმა, რომლებიც ვამაყობთ და კმაყოფილები ვართ იმით, რომ ამხელა გზის გადალახვა შევძელით, არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ წინ არანაკლებ დიდი გზა გვაქვს გასავლელი“.
ცინიკოსებს გაეცინებათ, როდესაც მსაგვს სენტენციებს მოისმენენ, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლისგან, რომელიც ცდილობს ამ ხელისუფლების პოლიტიკის გამართლებას. მაგრამ ესეც მართალია და ძალიან ცუდია, რომ საქართველო გეოპოლიტიკურ პაიკად იქცა თამაშში, რომელშიც დამნაშავეა ყველა – ვაშინგტონიც, თბილისიც და მოსკოვიც – და მისმა არ როლმა ყველაფერი დაჩრდილა.
foreignpress.ge
730
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85