რამდენიმე დღის წინ საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები იმყოფებოდნენ და ვიზიტის ფარგლებში საქართველოში მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ. განსაკუთრებული აქცენტი კი საარჩევნო რეფორმაზე გაკეთდა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები კასტრიო ისლამი და მაიკლ იენსენი შეხვდნენ, როგორც ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს, ასევე საარჩევნო შეთანხმებაზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფის წევრებს.
ამ შეხვედრების შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ მათ განსაკუთრებული ყურადღება საარჩევნო თემატიკის სამ საკითხზე გააკეთეს. ეს საკითხებია საარჩევნო სისტემა, ამომრჩეველთა სიები და პროექტში შეუთანხმებლად მოხვედრილი საკითხები.
შეუთანხმებელი საკითხები
როგორც სარედაქციო ჯგუფის წევრმა, „ახლების“ წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, ევროსაბჭოს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კოდექსში შეუთანხმებელი საკითხები არ უნდა გაჩნდეს.
„მე პირდად ვუთხარი, რომ ეს არ არის ოპოზიციასთან შეთანხმებული წინადადებები და უფრო მეტიც, ოპოზიცია ამას ეწინააღმდეგება და შევეცდებით, რომ „ნაცმოძრაობის“ დამოუკიდებელი ინიციატივები არ გახდეს უკვე კანონის შემადგენელი ნაწილი.
მათ ეს მოსაზრება გაიზიარეს, რომ თუკი არის განწყობა, რომ შეთანხმებულ დოკუმენტზე მივდივართ, მაშინ არ უნდა იყოს 10% შეთანხმებული და 90% შეუთანხმებელი. მათ რამოდენიმე მწვავე კითხვაც დააფიქსირეს ხელისუფლებასთან მიმართებაში.
ამის შესახებ მათ ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და შეთანხმებაზე არახელმომწერ ოპოზიციასთან და მოისმინეს მათი აზრი. ჩვენ გვკითხეს, თუ რას ვფიქრობდით და რომ ნახეს, ჩვენი პოზიციაც იგივეა, მათ თქვეს, რომ მნიშვნელოვანია შეთანხმების პირობის დაცვა. როდესაც არის განწყობა, რომ დოკუმენტი იყოს შეთანხმებული, მაშინ ეს განწყობა უნდა იყოს ბოლომდე და არა ნაწილობრივ“, - ამბობს მამუკა კაციტაძე.
მის ამ ნათქვამს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, საარჩევნო კოდექსზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფის ხელმძღვანელი პავლე კუბლაშვილიც ადასტურებს. თუმცა, იგი იმასაც ამბობს, რომ მათ ხელისუფლებამ ისიც უთხრა, რომ პროექტში შეუთანხმებლად მოხვედრილი საკითხები ჯერ ისევ ღიაა და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ საუბარია იმ საკითხებზე, რაც ახალი „საარჩევნო კოდექსის“ პროექტში ხელისუფლების ინიციატივით მოხვდა და შეთანხმების ხელმომწერმა პარტიებმაც მას შემდეგ გაიგეს, რაც ეს პროექტი გამოქვეყნდა.
შეუთახმებლად ჩაწერილ საკითხებს შორის აღმოჩნდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის მარკირების გაუქმება, საარჩევნო უბნებიდან ვიდეოთვალის მოხსნა, ცესკოსთვის ამომრჩეველთა ერთიანი რაოდენობის გამოქვეყნების ვალდებულების მოხსნა, გუბერნატორებისთვის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლების მინიჭება და ა.შ.
ისიც უნდა ითქვას, რომ პროექტში შეუთანხმებელი საკითხების მოხვედრამ იმ ოპოზიციის უკმაყოფილებაც გამოიწვია, რომელიც ამ შეთანხმების ხელმომწერია. თუმცა, არასამთავრობო სექტორი აქცენტს თავად ამ ცვლილებების შინაარსზე აკეთებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ამით სარჩევნო გარემო არათუ არ უმჯობესდება, არამედ უარესდება.
ისიც უნდა ითქვას, რომ შეუთანხმებლად ჩაწერული საკითხები ძირითადად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თემას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ ივლისში გაფორმებულ შეთანხმებაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვას ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეკავა. გარდა იმისა, რომ ამ შეთანხმების თანახმად კანონპროექტში უნდა შესულიყო ცალკეული ცვლილებები, რაც ადმინისტრაციული რესურსის ერთი პარტიის სასარგებლოდ გამოყენებას შეზღუდავდა, ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ შეიქმნებოდა მონიტრინგის ჯგუფი.
მონიტორინგის ჯგუფის შექმნა იმ სამ საკითხს შორისაა, რომელიც ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ პროექტში არ არის ასახული და მასზე მსჯელობა ცალკე უნდა გაიმართოს და ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.
არასამთავრობო სექტორის ნაწილი კი მიიჩნევს, ახალი „საარჩევნო კოდექსის“ პროექტში ჩადებულია დამატებითი მექანიზმები ადმინისტრაციული რესურსის ხელისუფლების სასარგებლოდ გამოყენებისთვის და აცხადებენ, რომ, თუკი მათ უფლებები კანონით გაუფართოვდებათ, მონიტორინგის ჯგუფის მუშაობა, მას რაც არ უნდა ფუნქციები მიენიჭოს, არაეფექუტრი იქნება.
ასეთ საკითხებად კი სამი არასამთავრობო ორგანიზაცია - საია, „სამართლიანი არჩევნებისთვის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ასახელებს იმას, რომ კოდექსის პროექტით იზრდება იმ თანამდებობის პირთა წრე, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ, შეუზღუდავად მიიღონ მონაწილეობა წინაასარჩევნო კამპანიაში.
კერძოდ, არსებულ ჩამონათვალს დაემატა სახელმწიფო რწმუნებული. აქამდე ამის უფლება მხოლოდ არჩევით თანამდებობის პირებს ჰქონდათ.
გარდა ამისა, ეს ორგანიზაციები ერთ-ერთ არსებით პრობლემად მიიჩნევენ იმას, რომ კანონპროექტში „საარჩევნო აგიტაციის“ ცნების განმარტება აღარ არსებობს, რაც, მათი თქმით, კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის წინაასარჩევნო კამპანიის წარმოების წესებს.
„ჩვენ უარყოფითად ვაფასებთ ამ ცვლილებებს, ვინაიდან იმ პირთა ნუსხის შემცირების ნაცვლად, რომლებსაც შეუზღუდავად შეუძლიათ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, ამ პირთა წრე კიდევ უფრო გაფართოვდა. ეს კი ეწინააღმდეგება ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით აყენებდნენ.
„რაც შეეხება „საარჩევნო აგიტაციის“ ცნების არგანმარტებას, მიგვაჩნია, რომ ამის გარეშე ვერ მოხდება იმის დადგენა, იყო თუ არა ამა თუ იმ პირის ქმედება საარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევა, რადგან არ ვიცით, თავად ეს აგიტაცია რას ნიშნავს“, - აცხადებს ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია.
აღსანიშნავია, რომ ამ სამ ორგანიზაციას ერთობლივად აქვს შემუშავებული დასკვნა პროექტთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაშიც ეს მოსაზრება ამ სამი ორგანიზაციის საერთო პოზიციად ითვლება.
ამასთან, ამ სამი ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია, ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კუთხით კვლავაც პრობლემად რჩება არაერთიმნიშვნელოვანი საკითხი და ეს დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას საჭიროებს. კერძოდ:
„მკაფიო ზღვარი უნდა გაივლოს პარტიულ საქმიანობასა და ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებას შორის წინასაარჩევნო პერიოდში.
უნდა გაიზარდოს იმ პირთა ნუსხა, ვისაც სრულიად აკრძალული აქვს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. ამ მიზნით არსებულ ნუსხას უნდა დაემატოს შემდეგი თანამდებობის პირები: მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი და მისი მოადგილე, მუნიციპალიტეტის გამგებელი, თვითმმართველი ქალაქის მერი (გარდა თბილისის მერისა) და მერის მოადგილეები, გამგეობები, ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - გამგეობის (მერის) რწმუნებული, კონტროლის პალატის თავმჯდომარე, სახალხო დამცველი.
უნდა შეიზღუდოს ყველა სახის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიისას, გარდა შენობებისა.
საარჩევნო სუბიექტებს და წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილე ყველა სხვა პირს (მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს) უნდა აეკრძალოთ სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან დაფინანსებული ღონისძიებების წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყენება (მათ შორის, ასეთი ღონისძიების დროს აგიტაციის გაწევა, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების სახსრებით შეძენილი პროდუქტების საარჩევნო სუბიექტების მონაწილეობით დარიგება და სხვა).“
არასამთავრობოების ეს დასკვნა არსებობს, მაგრამ ძნელი სათქმელია, გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება.
საარჩევნო სისტემა
გარდა ამისა, კაციტაძის თქმით, ევროსაბჭოს წარმომადგენლები დაინტერესდნენ საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხითაც და გაეცინათ ამ საკითხზე სახელისუფლო გუნდის პოზიციაზე.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმას ჯერ კიდევ „რვიანი“ ითხოვდა და მათ ხელისუფლებას შესთავაზეს, რომ ხმების წონადობის პრინციპის დასაცავად პარლამენტი რეგიონულ-პროპორციულ სისტემით არჩეული დეპუტატებისგან დაკომპლექტებულიყო. ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილე პარტია წარადგენს არა ერთიან სიას, არამედ სიებს რეგიონების მიხედვით და დეპუტატები აღებული ხმების მიხედვით გაჰყავს. „რვიანის“ მეორე ინიციატივა კი იყო ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც მაჟორიტარულის დაბალანსებას ითვალისწინებს პროპორციული სიებით.
მაგრამ, ხელისუფლებისგან უარი მიიღეს და საბოლოოდ შეთანხმების ტექსტში ამ საკითხს მიება პარლამენტის რაოდენობის გაზრდა იმ მოტივით, რომ ხმების წონადობა დაცულიყო.
ხმების წონადობის დაცვა ვერც ამ პრინციპით ხდება და კაციტაძის თქმით, ევროსაბჭოს წარმომადგელებს შენიშვნები სწორედ წონადობის დაცვის პრინციპთან დაკავშირებით ჰქონდათ. რაზეც უმრავლესობისგან პასუხად მიიღეს, რომ მათ შეეძლოთ, სულ მაჟორიტარული სისტემა შემოეღოთ, თუ არსებობს ოლქების თანაბრობის სურვილი, რაზეც სტუმრებს გაეცინათ.
„აქ არჩევანი ჩვენ გვაქვს მარტივი - ან ჩვენ ვამბობთ, რომ, პირობითად, ყაზბეგს, ონს, ცაგერს, ამბროლაურს, ლენტეხს და კიდევ ოცამდე მუნიციპალიტეტს არ ეყოლება მაჟორიტარი, ან გვაქვს ისეთი სისტემა, რაც გვაქვს. ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ, წავიდეთ იმაზე, რომ რომელიმე მუნიციპალიტეტი მაჟორიტარული წარმომადგენლობის გარეშე დავტოვოთ.
შესაბამისად, სხვა არჩევანი ამ პირობებში ნამდვილად არ ჩანს. ჩვენი შეთავაზება იყო მარტივი - 83 მაჟორიტარი და 67 პროპორციული 150 კაციან პარლამენტში. მათი მხრიდან მუდმივად ისმოდა, რომ მნიშვნელოვანია პროპორციული ნაწილის უფრო მეტი წარმომადგენლობა პარლამენტში და სწორედ ამიტომ ჩვენ შევცვალეთ ჩვენი პოზიცია და ეს იყო კომპრომისი ჩვენი მხრიდან. საბოლოო ტექსტში ეს არის 83 მაჟორიტარი და 107 პროპორციული, რაც კიდევ ერთი კომპრომისის მაგალითია ჩვენი მხრიდან. ჩვენ ეს ვუთხარით და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახსნა მათთვის მისაღებია“, - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ იმ საარჩევნო სისტემას, რაც პროექტშია ჩაწერილი, ზემოთ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციებიც აკრიტიკებენ.
„ჯერ ერთი, დეპუტატთა რაოდენობის გაზრდა რეფერენდუმით გადასაწყვეტი საკითხია, რადგან შემცირება სწორედ რეფერენდუმის საფუძველზე მოხდა. ამიტომაც გაურკვეველია, თუ პარლამენტი სამართლებრივად როგორ მოახერხებს დეპუტატთა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდას.
ამასთან, აღნიშნული ინიციატივა ვერ აგვარებს იმ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია პარტიის მიერ მიღებული ხმებისა და მათ მიერ პარლამენტში მოპოვებული მანდატების პროპორციულობასთან. გარდა ამისა, ეს ინიციატივა ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმის წონის თანაბრობის პრინციპს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მიხედვით.
შემოთავაზებული პროექტი ასევე არ ითვალისწინებს თვითმმართველი ქალაქების მერების პირდაპირი წესით არჩევის საკითხს“, - ასეთია ამ სამი ორგანიზაციის დასკვნა, რაც, როგორც ჩანს, სრულ თანხვედრაშია ევროსაბჭოს დელეგაციის შეხედულებასთან.
ამომრჩეველთა სიები
მესამე საკითხი კი, რითაც ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია დაინტერესდა, პავლე კუბლაშვილის თქმით იყო ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული საკითხები.
„იყო საუბარი იმაზე, რომ ეს თუ სამოქალაქო რეესტრის ინფორმაციაა, რატომ სჭირდება დამატებითი გადამოწმება და ა.შ. ჩვენი პოზიციაც ასეთია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბოლო არჩევნების განმავლობაში არც ერთ დასკვნაში არ ყოფილა რაიმე შენიშვნა სიებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ სიები არის მაქსიმალურად დაზუსტებული ცდომილების იმ ალბათობით, რაც არის ბევრ ევროპულ ქვეყანაში. ამიტომ, რადგან მაინც არის კითხვების ნიშნები ჩვენი ოპონენტების მხრიდან, ჩვენ შევქმნით ამ ჯგუფს და ნებისმიერი მეთოდით, მათ შორის კარდაკარის მეთოდით ნახონ, სად არის პრობლემა.
მე დარწმუნებული ვარ, რომ სიების პრობლემა მოიხსნება. ყველა დარწმუნდება, რომ ეს არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ბრალი, რომ ასეთი თემა საერთოდ დგას დღის წესრიგში“, - აცხადებს პავლე კუბლაშვილი.
მამუკა კაციტაძის თქმითაც, „სიებთან დაკავშირებით ნდობის ამაღლებისთვის საგანგებო კომისიის შექმნა, რომელიც იქნება უმაღლესი ინსტაცია სიების დადგენისა და შემდეგ სამოქალაქო რეესტრი და ცესკო ამას ვეღარ შეასწორებს, ეს გარკვეულწილად მათთვის მისაღები ვარიანტი იყო“.
თუმცა, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს კომისია სიების ფორმირებას ვერ უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სიების ფორმირებისთვის საგანგებო კომისიის შექმნის საკითხი ერთ-ერთია ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმებიდან. ამასთან, ეს საკითხი არ არის ასახული იმ პროექტში, რომელიც ვენეციის კომისიას დასკვნისთვის გადაეგზავნა.
უკვე მიღებული ცვლილების თანახმად კი, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების მიზნით, კომისია პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნება და მის შემადგენლობაში თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპით შევლენ ხელისუფლების, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისიის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 21-ს. ასევე, პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომისიის შემადგენლობაში პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგინებას საქართველოს პრეზიდენტი განსაზღვრავს.
კომისია ორგანიზაციულ-ტექნიკურ საქმიანობას და საინფორმაციო უზრუნველყოფას აპარატის მეშვეობით განახორციელებს. კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს კომისია თავის შემადგენლობიდან აირჩევს. კომისიის თავმჯდომარე კი, აუცილებლად ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი წევრი უნდა იყოს.
ასევე, კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი დაამტკიცებს.
კომისიის სხდომებზე გადაწყვეტილებები დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით მიიღება, მაგრამ არანაკლებ კომისიის წევრთა საერთო შემადგენლობის მესამედისა.
კომისიამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა უზრუნველყოს ამომრჩეველთა სიის დაზუსტება სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის კარდაკარ გადამოწმების პრინციპით.
ასევე, კოდექსში ჩაიწერა, რომ კომისიამ ამომრჩეველთა სიების დაზუსტება 2012 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა უზრუნველყოს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინოს. ეს სია კი, უკვე ამომრჩეველთა ერთიანი სია იქნება.
ამასთან, სახელმწიფო უწყებები ვალდებულნი იქნებიან, რომ კომისიასთან ითანამშრომლონ ამომრჩეველთა ერთიანი სიის დასაზუსტებლად. კომისიის საქმიანობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
მაგრამ საინტერესო ის არის, რომ არასამთავრობო სექტორი ამ კომისიის შექმნას სკეპტიკურად უყურებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს კომისია სიების გადამოწმებას ვერ შეძლებს და, შესაძლოა, უფრო მეტი პრობლემა შეიქმნას.
ამ არგუმენტით ცოტა ხნის წინ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - საია-მ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ განაცხადეს, რომ ისინი ამ კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვებიან. მათ არგუმენტად რამდენიმე ფაქტორი დაასახელეს.
როგორც საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, არ არის განსაზღვრული, თუ ვინ არის სიის ფორმირებაზე პასუხისმგებელი და ასეთი დამოკიდებულება აჩენს უნდობლობას. ამიტომაც არ გამორიცხავენ, რომ ამ კომისიის მუშაობის შედეგად საარჩევნო სიები უფრო მეტად აირიოს, ვიდრე დღეს არის.
ამასთან, მათი თქმით, კანონში არ არის გაწერილი, თუ რა დაჯდება ამ კომისიის მუშაობა და ეს კიდევ დამატებით კითხვებს აჩენს.
როგორც ჩუგოშვილი აცხადებს, სიების გადამოწმება უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო
რეესტრმა და ცესკომ, რომელსაც ამის ყველანაირი რესურსი გააჩნია და შემდეგ კომისიამ უნდა გადაამოწმოს.
„ასე რომ, საკმაოდ ბევრი საკამათო საკითხია და მე არ ვიცი, ამაზე პასუხისმგებლობას ვინ აიღებს. ჩვენ, სამი არასამთავრობო ორგანიზაცია ამაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ“, - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
თუმცა, სარედაქციო ჯგუფის წარმომადგენელი, „ახალი მემარჯვენეების“ წევრი მამუკა კაციტაძე ჯგუფის სახელით აცხადებს, რომ ოპოზიციის პირდაპირი მონაწილეობა სიების დადგენაში მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ ხარატიშვილისა და ვაშაძის დადგენილი სია უფრო კარგია, ვიდრე ამ კომისიის მიერ კარდაკარ გადამოწმებული ერთიანი სია იქნება... შემიძლია, ახლავე ვთქვა, რომ თუ არ იქნება პროცესისადმი ხელის შეშლა, ერთმნიშვნელოვნად მივიღებთ უკეთეს საარჩევნო სიას“, - აცხადებს მამუკა კაციტაძე.
საარჩევნო დაფინანსება
ევროსაბჭოს დელეგაციის შეხვედრებზე პარტიების საარჩევნო დაფინანსების საკითხი არ დასახელებულა, მაგრამ ამას არასამთავრობო სექტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან მიაჩნიათ, რომ კოდექსში ახალი ნორმების მიღებით არათუ ვერ მოგვარდება არჩევნების ფინანსური გამჭვირვალობა, არამედ უფრო ბუნდოვანს გახდის.
უნდა ითქვას, რომ წინასაარჩევნო და უშუალოდ არჩევნების დაფინანსების საკითხს ექსპერტებიც და პოლიტიკოსებიც ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად აფასებენ, რადგან არჩევნების სამართლიანი და სათანადო ჩატარება, გარკვეულწილად, ამაზეც არის დამოკიდებული.
სწორედ ამ არგუმენტით მოხვდა შეთანხმების ტექსტში პარტიებისთვის დამატებითი დაფინანსების საშუალების შექმნა, მაგრამ, არასამთავრობო სექტორი ამ გადაწყვეტილებას გაუმართლებლად მიიჩნევს.
საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამ არასამთავრობო ორგანიზაციას, - საია-ს, „სამართლიან არჩევნებს“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მომზადებული აქვს ერთობლივი დასკვნა, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი დაფინანსების საკითხებსაც უკავია და უნდა ითქვას, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსებასთან დაკავშირებულ ყველას ცვლილებას უარყოფითად აფასებენ.
„საარჩევნო კოდექსის“ პროექტი ითვალისწინებს საარჩევნო კამპანიის ფონდში საარჩევნო შემოწირულობების კანონით დაშვებული ლიმიტების გაორმაგებას. კერძოდ, დღეს დადგენილი ლიმიტი ფიზიკური პირისგან შემოწირულობის მიღების თაობაზე 60000 ლარი, ხოლო იურიდიული პირისგან - 200000 ლარი ხდება.
„გაუგებარია, რა გარემოებებმა განაპირობა მოქმედი ლიმიტების გაორმაგება. ზედა ზღვარის არსებობას პოლიტიკური კორუფციის პრევენციის მნიშვნელობა აქვს და სიფრთხილეს საჭიროებს აღნიშნული ლიმიტის აწევით პარტიებისთვის მეტი თავისუფლების მინიჭება. მაღალი შემოწირულობების თვალსაზრისით საქართველო ისედაც ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა“, - ნათქვამია დასკვნაში.
გარდა ამისა, კოდექსის პროექტის თანახმად, პარტიები, რომლებიც გადალახავენ 5%-იან საარჩევნო ბარიერს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებენ 1 მილიონი ლარის ოდენობის თანხას წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯების დასაფარად. ამასთან, პროექტში ისიც სწერია, რომ ამ ერთი მილიონიდან თითოეულმა 300 ათასი უნდა გადაუხადოს ტელევიზიებს სარეკლამო კამპანიისთვის.
მიგვაჩნია, რომ კომპენსაცია არ უნდა განისაზღვროს ერთიანი თანხის ოდენობით და პროპორციული უნდა იყოს პარტიის მიერ დახარჯული თანხების ოდენობისა, რომლის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების შესაბამისად“, - ასეთია ამ არასამთავრობოების რეკომენდაცია.
ამასთან, პროექტის თანახმად, არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თითო საუბნო საარჩევნო კომისიისთვის 50 ლარის, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში - 100 ლარის ოდენობით.
სამ არასამთარობო ორგანიზაციას კი ეს გადაწყვეტილებაც დაუსაბუთებლად მიაჩნია.
„შესაძლებელია, რომ საარჩევნო სუბიექტს საერთოდ არ ჰყავდეს არც ერთი წარმომადგენელი საარჩევნო კომისიებში. შესაბამისად, გაუგებარია, ამის გათვალისწინების გარეშე რატომ უნდა მოხდეს პოლიტიკური პარტიისთვის თანხის გადარიცხვა. ამასთან, არ არსებობს თანხის დაბრუნების ვალდებულება იმ შემთხვევისთვის, თუ არ მოხდა მისი სრულად ათვისება“, - ნათქვამია დასკვნაში.
უნდა ითქვას, რომ ეს საკითხები კანონპროექტში შეთანხმების შედეგად მოხვდა. მაგრამ, კანონპროექტის უფრო მეტი ადგილი იმ საკითხებს უკავია, რაც შეთანხმებაში მონაწილე ოპოზიციასთანც კი არ ყოფილა შეთანხმებული. დაფინანსებასთან დაკავშირებული კი ასეთი რამდენიმე საკითხია.
კანონპროექტი ითვალისწინებს ახალ ნორმას, რომლის თანახმადაც, საარჩევნო ადმინისტრაცია უფლებამოსილია, საარჩევნო (ასევე სარეფერენდუმო) პერიოდში, არჩევნების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ამასთან, ამ შესყიდვებთან დაკავშირებული ცესკოს ან სატენდერო კომისიის ქმედებებისა და გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს შესყიდვების პროცედურის შეჩერებას.
ეს ნორმა კი საია-ს, „სამართლიან არჩევნებს“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიუღებლად მიაჩნია.
„შემოთავაზებული ფორმულირება მიუღებლად მიგვაჩნია. გამონაკლისის სახით ასეთი შეიძლება გამართლებული იყოს ვადამდელი არჩევნების ჩატარებისას, როდესაც ადმინისტრაცია შეზღუდულ ვადებში ფუნქციონირებს. ამასთან, ეს არც საჭიროებს დამატებით საკანონმდებლო რეგულირებას, რადგან შეზღუდულ ვადებში გამარტივებული შესყიდვის ჩატარების შესაძლებლობას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი ისედაც ითვალისწინებს“, - ნათქვამია მათ დასკვნაში.
ასევე დაფინანსების საკითხს განეკუთვნება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოსთვის პარტიათა დაფინანსების უფლების მინიჭებაც.
პროექტის თანახმად, შემოწირულობის განხორციელება დაშვებული ხდება ისეთი სამეწარმეო იურიდიული პირისგან, რომელშიც სახელმწიფო წილი 50%-ზე ნაკლებია. შეგახსენებთ, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ კომპანიას საარჩევნოდ პარტიის დაფინანსება ეკრძალება.
ამ ნორმას ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან, მათი შეფასებით, ამით ბიუჯეტის თანხების გარკვეული პარტიის სასარგებლოდ გამოყენები საშუალება ჩნდება.
„ეს ნორმა მიუღებელია, რადგან ასეთი შემოწირულობის განხორციელების შემთხვევაში იზრდება სახელმწიფო ფინანსების პარტიული მიზნებისთვის გამოყენების საფრთხე. ამიტომაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი დებულება კოდექსში არ უნდა არსებობდეს და ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელშიც სახელმწიფოს წილი არსებობს, უნდა ეკრძალებოდეს შემოწირულობის განხორციელება“, - ნათქვამია დასკვნაში.
ამასთან, ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ხელისუფლებამ არჩევნების დაფინანსებასთან დაკავშირებით არ გაითვალისწინა ბევრი სხვა საკითხი, რომელიც არაერთხელ აღინიშნა ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებში.
ეს რეკომენდაციებია: სპეციალური დამოუკიდებელი მაკონტროლებელი ორგანოს შექმნა, რომლის ფუნქციაც იქნება პარტიების, როგორც რეგულარული, ასევე საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონიერების საფუძვლიანი შემოწმება. ასევე, ფინანსური ანგარიშგების უფრო დახვეწილი წესების შემუშავება, საჯაროობის უზრუნველყოფა და ა.შ. პარტიის მიერ წარდგენილი სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ფონდში მის მიერ გადარიცხული თანხების გამჭვირვალობა.
ანგარიშების გამოქვეყნების პერიოდულობა. ანუ, საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიში არა მხოლოდ არჩევნების შემდეგ, არამედ წინასაარჩევნო პერიოდშიც რეგულარულად უნდა ქვეყნდებოდეს.
არჩევნების წინა და არჩევნების წელს სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვებულ საწარმოებს უნდა აეკრძალოთ შემოწირულობის გაღება. ხოლო პოლიტიკური პარტიების დამფინანსებელ საწარმოებს - არჩევნების წელს და არჩევნების მომდევნო წელს - სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა.
მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, რომ შემოწირულობის ზედა ზღვარი მოიცავს პარტიის ანგარიშსა და მის მიერ წარდგენილი სუბიექტის ანგარიშზე შეტანილი თანხის ჯამს.