სააკაშვილის მოწინააღმდეგეს რუსეთთან დიალოგი სურს

სააკაშვილის მოწინააღმდეგეს რუსეთთან დიალოგი სურს

მილიარდერი ბიძინა (ბორის) ივანიშვილი, რომელმაც თავისი კაპიტალი რუსეთში დააგროვა და რომელსაც სურს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბრძოლაში გამოიწვიოს საქართველოს პრეზიდენტის პარტია, პოლიტიკური წესრიგის პრიორიტეტად მოსკოვთან დიალოგის აღდგენას მიიჩნევს.

რუსეთი, რომელმაც საქართველო 2008 წლის აგვისტოს 5-დღიან ომში დაამარცხა, შეეჯახა თბილისის ურყევ ნებას - დასავლელი მოკავშირეების თხოვნის მიუხედავად, არ დაუშვას რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. კრემლი არაერთხელ ღიად მოუწოდებდა პროდასავლური სააკაშვილის გადაყენებისაკენ, ხოლო რუსი ლიდერები ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს მოსკოვში დემონსტრაციულად იღებდნენ.

„ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ რუსეთთან ინტერესთა თანხვედრას, თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ“ - აღნიშნა ივანიშვილმა როიტერთან საუბრისას. 55 წლის მილიარდერმა როიტერს ინტერვიუ ქართულ ენაზე მისცა თბილისის ბიზნეს-ცენტრში, რომელიც ცნობილი იაპონელი არციქტეტორის, შინო ტაკამაცუს მიერ არის აშენებული. მშენებლობა 50 მილიონი დოლარი დაჯდა. ივანიშვილმა, რომელსაც 5.5 მილიარდი დოლარი კაპიტალით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ფორბსის მიხედვით 185-ე ადგილი უჭირავს (25-ე ადგილი რუსეთში), ერთი კვირის წინ პირველად განაცხადა თავისი პოლიტიკური ამბიციის შესახებ და მიხეილ სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა.

იუსტიციის სამინისტრომ დაუყოვნებლივ შეახსენა მას, რომ რუსეთის მოქალაქეობის მქონე ივანიშვილს ავტომატურად ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა იმის გამო, რომ 2010 წლის მარტში მან მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობაც. ქართული კანონმდებლობის მოხედვით, ივანიშვილს აეკრძალა, შექმნას და დააფინანსოს პოლიტიკური ორგანიზაცია და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.

„ისინიპოლიტიკური პროცესებიდან ჩემს გარიყვას შეეცადნენ, მაგრამ მე არ გავჩრდები - თქვა ივანიშვილმა - თუ ისინი შეეცდებიან ამიკრძალონ არჩევნებში მონაწილეობა, ეს არჩევნები არალეგიტიმურად ჩაითვლება“.

საქართველოს მოქალაქეობა ივანიშვილმა 2004 წელს პირადად სააკაშვილის ბრძანებულებით, რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მიიღო.

მორიგი საპარლამენტო არჩევნები მომავალ შემოდგომაზე უნდა გაიმართოს, თუმცა ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლება კენჭისყრას უფრო ადრე დანიშნავს და ამით შეეცდება ივანიშვილის შეჩერებას. ამ უკანასკნელმა უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები პრეზიდენტის ოპონენტებთან

ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, ბლოკს შევქმნით თუ ერთი პარტია იქნება... დღესდღეობით ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან მიმდინარეობს კონსულტაციები“ - თქვა ივანიშვილმა.

მან „ფსევდოოპოზიციად“ მონათლა სააკაშვილის კრიტიკოსების უმრავლესობა და პირობა დადო, რომ ხელისუფლება არჩევნებში გამანადგურებელ დარტყმას მიიღებს: „90-პროცენტიანი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობით შევალთ“.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება ერთკვირიანი ყოყმანისა და უძილო ღამეების შემდეგ მიიღო.

„ბოლო მომენტამდე ვყოყმანობდი... თუმცა, ახლა ვფიქრობ, რომ ჩემი პოზიციები ყოველდღიურად გაძლიერდება, ხოლო ხელისუფლების - შესუსტდება“ - ამბობს ბიზნესმენი და კიდევ ერთხელ ადასტურებს განზრახვას, გაყიდოს რუსეთში დარჩენილი აქტივები, რათა ფული საქართველოს ეკონომიკაში ჩადოს.

რუსეთში არსებული ჩემი ქონების შეფასების პროცესი უკვე დაწყებულია... მესმის, რომ ვერ შევძლებ მაქსიმალურ ფასად მათ გაყიდვას, მაგრამ მზად ვარ ყველაფრის რეალიზება მოვახდინო“ - თქვა ივანიშვილმა. მისი თბილისური ოფისის ერთ-ერთი დარბაზის კედლებს დემიენ ჰერსტისა და როი ლიხტენშტეინის ნახატები ამშვენებს, ხოლო ეზოში ზაჰი ჰადიდის, ანიშა კაპურის და ჰენრი მურის სკულპტურები დგას.

ევროპას დემოკრატიით განვაცვიფრებთ

ივანიშვილმა ის პრობლემები ჩამოთვალა, რომელთა მოგვარებასაც პარლამენტის სპიკერის ან პრემიერ-მინისტრის რანგში აპირებს: სახელმწიფო მოწყობის ფორმის შესახებ საზოგადოებრივ დისკუსიაზე დაფუძნებული საკონსტიტუციო რეფორმა; სასამართლო რეფორმა, რათა შეიქმნას სასამართლოების დამოუკიდებლობის გარანტიები; ზედა ფენებში კორუფციის აღმოფხვრა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისთვის საჭირო სხვა ზომები.

შედეგის მისაღწევად ივანიშვილს, მისი აზრით, ორი-სამი წელი დაჭირდება, რის შემდეგაც იგი აპირებს დატოვოს პოლიტიკა.

„იმედი მაქვს, განვაცვიფრო ევროპა დემოკრატიის დონით, რომელსაც შევქმნით საქართველოში... ეს იქნება ისეთი ჭეშმარიტი დემოკრატია, რომ ევროპელები მოინდომებენ ინვესტიციების ჩადებას ჩვენს ქვეყანაში“ - თქვა ივანიშვილმა.

მას და ხელისუფლების სხვა ოპონენტებს ეჭვი აქვთ, რომ სააკაშვილს ხელისუფლებაში დარჩენა კონსტიტუციუით ლიმიტირებული ორი ვადის ამოწურვის შემდეგაც, პრემიერ-მინისტრის რანგში, სურს. რუსეთში ასეთი მეთოდი უკვე გამოიყენა სააკაშვილის შეურიგებელმა კრიტიკოსმა, ვლადიმირ პუტინმა, რომელიც მომავალ წელს, როგორც მოსალოდნელია, კრემლში მინიმუმ ექვსი წლით დაბრუნდება.

„ვიცი, რომ სააკაშვილს აქვს ხელისუფლებაში დარჩენის სურვილი. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ“ - თქვა ივანიშვილმა.

კონსტიტუციაში ერთი წლის წინ მიღებულმა შესწორებებმა გააფართოვა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი პრემიერ-მინისტრის უფლებები პრეზიდენტთან შედსარებით.

სააკაშვილი, რომლის უფლებამოსილება 2013 წელს იწურება, და მისი გარემოცვა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ გეგმებზე კომენტარს არ აკეთებენ.

რუსეთთან ომმა საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია კრემლის მოქმედებების დაგმობაში ერთიანი გახადა. ივანიშვილიც გმობს რუსეთის „გაუგონარ აგრესიას“, თუმცა პასუხისმგებლობას სისხლისღვრაზე ბიზნესმენი თბილისის „გაუაზრებელ და არადიპლომატიურ“ პოლიტიკას აკისრებს

რუსეთმა საქართველოს ომი სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დაცვის საბაბით გამოუცხადა.

ქართული მხარე ამბობს, რომ ბრძოლაში თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ჩაება. შედეგად, მოსკოვმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე კრემლს კრახი ელოდა, რადგან მის მაგალითს მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და წყნარი ოკეანის სახელმწიფომ, ნაურუმ მიბაძეს. დასავლეთმა დაგმო რუსეთის ქმედებები და ამავე დროს, მიუთითა თბილისს პასუხისმგებლობაზეც.

ივანიშვილს მიაჩნია, რომ შეძლებს საქართველოსთვის იპოვოს ის როლი, რომელიც მისაღები იქნება როგორც აშშ-სა და ევროპის, ასევე რუსეთისათვის.

ივანიშვილი ამბობს, რომ უახლოეს წლებში მსოფლიოს პირველ რიგში კვლავ პუტინთნ ექნება საქმე და მას უკავშირებს კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებს, რომლებიც რუსეთში უკვე მომწიფდა.

„რუსულ საზოგადოებას, რუსეთის ხალხს მოწონს ეს ადამიანი. ეს მათი საქმეა, მათი არჩევანი, თუმცა დემოკრატიული რუსეთი გაცილებით საინტერესო იქნებოდა როგორც ევროპისთვის, ასევე შეერთებული შტატებისთვის“ - ამბობს ივანიშვილი.