ჯარიმები გაფრთხილების გარეშე

ჯარიმები გაფრთხილების გარეშე



ფინანსთა სამინისტრო ერთი მხრივ თითქოს მეწარმეებს შეღავათებს უწესებს, მეორე მხრივ კი მარწუხებში აქცევს. “საგადასახადო კოდექსში” ორგვარი ცვლილება შედის, რომელიც ბიზნესის მაქსიმალურ კონტროლს ისახავს მიზნად.

სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის მეწარმეებისთვის გაფრთხილება იხსნება. ამ საგადასახადო დარღვევის აღმოჩენისთანავე დაჯარიმდებიან. არსებული კოდექსით სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის საგადასახადო ინსპექტორს მეწარმეები მხოლოდ უნდა გაეფრთხილებინა.

ცვლილებები ამასთან დაკავშირებით, “საგადასახადო კოდექსში” შედის. კოდექსის მოქმედი რედაქციით, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარისწორებისას საკონტროლო - სალარო აპარატის გამოუყენებლობისას, პირს ჯერ აფრთხილებდნენ, ჯარიმას კი შემდეგ, დანაშაულის გამეორებისას უწერდნენ. 

ეს, რა თქმა უნდა, მეწარმეებისათვის საგადასახადო წნეხის კიდევ უფრო დამძიმებაა, თუმცა ოდნავი შვება მათ იმ მხრივ მიეცემათ, რომ პირდაპირ დაჯარიმებულები 500 ლარს კი აღარ გადაიხდიან, არამედ 200 ლარით შეავსებენ სახელმწიფო ხაზინას. 
აქედან გამომდინარე, კანონპროექტში დევს მუხლი, რომ შესაძლებელია დადგენილი ჯარიმის - 500 ლარის, 200 ლარამდე შემცირება. სხვათა შორის, ჯარიმების ოდენობა თანდათან მცირდება. ეს უკვე მეორე ცვლილებაა ამ კუთხით. 

დაახლოებით ერთი წლის წინათ სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე პირველადი ჯარიმა 500 ლარი იყო, მეორეჯერ მეწარმე 1500 ლარით ისჯებოდა, ხოლო შემდეგ უკვე 5000 ლარით. ახლა ეს ნორმა გაუქმებულია და მეწარმეს პირველ ჯერზე და შემდგომაც 500-500 ლარს აკმარებენ. თუკი 500-ლარიანი ზღვარი კიდევ უფრო დაიწევს, ეს ცოტათი მაინც შეღავათს მისცემს ისედაც მარწუხებში მოქცეულ ბიზნესმენებს.

თუმა, ეს მხოლოდ ვარაუდია და რეალურად რა ცვლილებები შევა კანონში, მალე გამოჩნდება. აქამდე ყველაფერი მეწარმეთა საზიანოდ დგინდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა ბიზნესს მაშინ მიადგა, როდესაც შემოსავლების სამსახურმა კერძო საგადასახადო ინსპექტორის ინსტიტუტი დანერგა.  

გაზაფხულიდან მოყოლებული კერძო ინსპექტორები გადასახადის გადამხდელის “გამოჭერაზე” არიან ორიენტირებულნი. გარდა ამისა, კერძე ინსპექტორთა სისტემის ამოქმედების შემდეგ, შემოსავლების სამსახურში მასობრივი შემცირება მოხდა. აქამდე მეწარმის შემოწმების უფლება მხოლოდ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტს ჰქონდა. 
საქართველოს მთავრობა ერთი ხელით თუ ჯარიმის ოდენობას ამცირებს, მეორე ხელით კიდევ ზრდის. მაგალითად, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევისთვის ჯარიმა იზრდება. 

ამასთან დაკავშირებით ცვლილება “საგადასახადო კოდექსში” შედის. დღეს მოქმედი რედაქციით, პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის დადგენილი წესის დარღვევა, 200 ლარით ისჯება. კანონპროექტით კი, ჯარიმის ოდენობა 500 ლარამდე გაიზრდება. კანონპროექტის ავტორი ფინანასთა სამინისტროა, ინიციატორი კი მთავრობა. პარლამენტში პროექტის განხილვა მომავალი კვირიდან, მეორე მოსმენით დაიწყება.