ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა რადიკალიზმით გამსჭვალული წერილი შეგნებულად დაწერა, რადგან კომაში მყოფი ქართული საზოგადოების მდგომარეობიდან გამოყვანა შოკის გარეშე შეუძლებელია. Presage.tv ესაუბრება გია ხუხაშვილს.
ბიძინა ივანიშვილმა კარგად დაიწყო, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამაღლებიდან დაცემამდე ერთი ნაბიჯია, რა შეცდომა არ უნდა დაუშვას ივანიშვილმა? მით უფრო, რომ არსებობს პატარკაციშვილის მაგალითი?
- მათი შედარებისგან მაინც თავს შევიკავებ, რადგან ეს ორი სხვადასხვა ფენომენია. ფაქტობრივად, ბადრი წლების განმავლობაში ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პოლიტიკაში გახლდათ ჩართული, ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა კი იყო სწრაფი, მე ვიტყოდი, ელვისებური. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ორივე ბიზნესმენები იყვნენ, ამ ქვეყნის პატრიოტიზმის გარდა, სხვა ბევრი საერთო არაფერი აქვთ.
რა შეცდომები არ უნდა დაუშვას? პირველ რიგში, ალბათ უნდა შეეცადოს, რომ ამ გზაზე რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაუშვას და იმ პროპაგანდას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან უკვე მოდის, და, რომელიც უფრო გაძლიერდება, სწორი პასუხები გასცეს. ვგულისხმობ მოსაზრებას მისი „პრორუსობის“ შესახებ, ასევე, კლასიკურ შეკითხვას, - რას ფიქრობ ნატოზე? იტყვი თუ არა სიტყვა „ოკუპაციას“ და ა.შ. არ ვიცი, კიდევ ბევრი რჩევის მიცემა შეიძლებოდა. უფრო სწორად, ივანიშვილი ჰგავს იმ ადამიანს, რომელსაც შეუძლია, სხვის შეცდომებზე ისწავლოს, არათუ თავის შეცდომებზე.
ხელისუფლება ცდილობს, იგი პატარკაციშვილთან გააიგივოს. სახელებით გათამაშებაც აშკარაა: არკადი - ბადრი, ბიძინა - ბორისი...
- გასაგებია, ეს წინასწარ ვიცოდით ყველამ, რადგან ეს არის უნივერსალური მეთოდი, რომელსაც ხელისუფლება, პრინციპში, ყველას მიმართ იყენებს. აქ მუშაობს ძალიან მარტივი ფორმულა - ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი მტერია. მტერი კი ერთადერთია - რუსეთი. შესაბამისად, ვინც ჩემთან არ არის, ყველა რუსეთის აგენტია. ასეთი შეხედულება არა მხოლოდ ივანიშვილის მისამართით გამოთქმულა, არამედ ისეთი ადამიანების მიმართაც, რომლებიც აშკარად გამოკვეთილი, პროდასავლური ორიენტაციის არიან. როდესაც ხელისუფლებას გაუჭირდება, ასეთი ადამიანების მიმართაც კი პრორუსულობის ბრალდება ისმის.
ასეთი რამ ირაკლი ალასანიაზეც გვსმენია, რაც ყველას კარგად გვესმის, სრული აბსურდია. არადა, მასთან რაიმე პრეტენზია თუ შეიძლება გქონდეს, მისი ზედმეტად პროამერიკულობაა. ამ ფონზე პრორუსულობაზე საუბარი, რა თქმა უნდა, არასერიოზულია. თუმცა ეს არის უნივერსალური მეთოდი, რომელსაც ყოველთვის იყენებს ხელისუფლება. სახელებს რაც შეეხება, სხვათაშორის, ეროსი კიწმარიშვილისადმი ჩემი დამოკიდებულებისა და კატეგორიულად მიუღებლობის მიუხედავად, მასზეც ამბობდნენ - „ერასტი.“
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწერილ წერილში ვანო მერაბიშვილისადმი მისი დამოკიდებულებაც გამჟღავნდა. ეს პოლიტიკური რევერანსია მერაბიშვილის მიმართ?
- მოდით, ასე ვთქვათ, იმ წერილში კონკრეტულად ვინც ჰყავს ნახსენები, ყველას მიმართ მისი მიდგომა ასეთია - ერთი მხრივ, ის ლაპარაკობს ადამიანების დადებით თვისებებზე და შემდგომ, საუბრობს უარყოფითზე. ეს მხოლოდ მერაბიშვილს არ ეხება. იმ ჩამონათვალში ბევრი სხვა ადამიანიც მოხვდა. ეს გახლავთ თავად ამ წერილის სტილისტიკა. ასე რომ, აქ განსაკუთრებული ის არის, რომ მერაბიშვილი ხელისუფლებიდან ერთადერთია, ვინც მის მიერ არის ნახსენები. თუმცა იქვე სხვებიც მოიხსენია. შესაძლოა, ეს თემა ძალიან საკამათოა.
ხომ არ დაკარგა ქულები იმ ადამიანებში, ვინც მერაბიშვილის მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი?
- არა მგონია, მერაბიშვილისთვის მაინცდამაინც სასიამოვნო ყოფილიყო ამ წერილის წაკითხვა, ან რაიმე პოზიტივი იკითხებოდეს მის მიმართ. მართალია, აღნიშნავს მის დადებით თვისებებსაც, მაგრამ იქვე, მისთვის საკმაოდ შემაშფოთებელ რაღაცებსაც ამატებს. ასე რომ, ამ მონაკვეთს მაინცდამაინც მერაბიშვილის სასარგებლოდ ვერ განვიხილავ.
ცოტა გულუბრყვილოდ არ გეჩვენებათ, როცა ივანიშვილი მიმართავს მერაბიშვილს, სააკაშვილს გადადგომა ურჩიოს?
- დიახ, ეს პოლიტიკური ტაქტიკის საკითხია. მე ვფიქრობ, იგი თვითონ აკეთებს გათვლას. პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით, მან ჩათვალა, რომ ასეთი გზავნილი გარკვეული შედეგის მომტანი იქნება. სიღრმეებში ჩახედული არ გახლავართ, რა დგას ყველაფერ ამის უკან არ ვიცი, თორემ უფრო კომპეტენტურად გეტყოდით, ეს სწორი ნაბიჯი იყო თუ არა. უბრალოდ, ასეთი მიმართვის კონტექსტი იცის მხოლოდ ივანიშვილმა და ალბათ, - მერაბიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწერილი მიმართვა რადიკალურ შეფასებებსა და მკვეთრ პოზიციაზე იყო აგებული. ეს შეგნებულად გააკეთა?
- ვფიქრობ, ასე სპეციალურად მოხდა. შევეცდები, ჩემი მოსაზრება გითხრათ ამ ყველაფერზე. რა თქმა უნდა, ის წერილები, რომელიც ივანიშვილმა გამოაქვეყნა, სტანდარტულ პოლიტიკურ ტექნოლოგიაში ვერ ჯდება, რადგან პოლიტიკოსები და სხვათაშორის, არა მხოლოდ პოლიტიკოსები, ჩვენც, საზოგადოების წევრებიც, ძალიან იშვიათად ვსაუბრობთ ასეთი მძაფრი ფორმით, ვცდილობთ, ყველაფერს ტექნოლოგიების თვალსაზრისით ვუყუროთ, რომ ვინმე არ გავანაწყენოთ, ცალკეული პირების მისამართით რაიმე საწყენი არ ვთქვათ. ვფიქრობთ, რად გვინდა მტრები და სხვა. ივანიშვილის მთავარი გზავნილი ქართული საზოგადოების მიმართ, მე ვიტყოდი, მისი მთავარი ფასეულობა კი ის არის, რომ ერთგვარ კომაში მყოფი ქართული საზოგადოების მდგომარეობიდან გამოყვანა დღეს შოკის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, ივანიშვილი გვეუბნება, რომ არ უყურებს ამ პროცესს პოლიტიკური ტექნოლოგიის თვალსაზრისით, არამედ ამ პროცესს უყურებს, როგორც საქართველოს მოქალაქე. გვეყოფა სიცრუე, სიცრუეში ცხოვრება, მხოლოდ სიმართლით უნდა გავიაროთ შემდგომი გზა.
რამდენადაც მწარე უნდა იყოს ეს ყველაფერი, ასეთია მისი პოზიცია. ასე რომ, ივანიშვილი ამბობს, მე არ მეშინია დღეს მტრების გაჩენის და მზად ვარ, ყველას პირდაპირ ვუთხრა ის, რასაც ვფიქრობ. მოგეხსენებათ, როდესაც ადამიანი კომაშია და ხედავთ, რომ სხვა მეთოდები არ მოქმედებს, ამ დროს ხშირად იყენებენ ე.წ. ელექტროშოკს. ივანიშვილიც ამ როლს თამაშობს ახლა, ცდილობს, გააღვიძოს საქართველო, მიძინებული, დათრგუნული, დაშინებული ქართული საზოგადოება. ვფიქრობ, საერთოდ, ახალი რაღაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში. თუ ამ შოკურმა თერაპიამაც არ გაჭრა საზოგადოებაზე, გამოდის, ძალიან დიდი რისკია იმისთვის, რომ კომიდან ვერასდროს ვეღარ გამოვალთ.
ივანიშვილმა თავის მიმართვაში თქვენი და ჩემი კოლეგებიც მოიხსენია და ექსპერტები და ჟურნალისტები ორმაგ სტანდარტებში ამხილა.
- პირველ რიგში, პოზიტივია მისი მართალი ტონი. საერთოდ, ჩვენთან მიღებულია, რომ ჟურნალისტები, ექსპერტები რაღაც ხელშეუხებელი კასტაა და დამოკიდებულება არ უნდა გამოვხატოთ მათ მიმართ. თითქოს ისინი გარკვეული იმუნიტეტით სარგებლობენ. ამ აზრს არ ვიზიარებ. სხვათაშორის, ძალიან ბევრ ჟურნალისტად წოდებულ ადამიანს, გარკვეულ მიზეზთა გამო, მედიასპეცნაზს ვეძახი. ისინი არ არიან ჟურნალისტები. ზოგიერთი ჟურნალისტი, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილის ჭიშკართან დგას, იმ ფუნქციას კი არ ასრულებს, რაღაც ახალი გაიგონოს, არამედ მათი ფუნქცია ძალიან მარტივია - დააფიქსირონ, ვინ შედის და ვინ გამოდის და ინფორმაცია თავის ხელმძღვანელობას მიაწოდონ. ფაქტობრივად, დღეს ბიძინა ივანიშვილის თვალთვალი საჭირო აღარ არის, რადგან ამ ფუნქციას ძალიან კარგად ასრულებს ზოგიერთი ჟურნალისტი. ამიტომ, ასეთ ჟურნალისტებზე რაღაც რომ თქვა, არა მგონია, ცუდი ტონი იყოს, რადგან, თავისთავად, ის თავის პროფესიულ ღირსებას ღალატობს. დიდი ბოდიშით, მაგრამ იმისთვის, რომ ჟურნალისტის ნიშანი უკეთია მკერდზე, ეს მას ნამდვილად არ ხდის ჟურნალისტად. თეთრი ხალათი არ ნიშნავს, რომ ექიმი ხარ.
ჩემი კოლეგების დასაცავად მაინც შეგეკამათებით. ცნობილი ადამიანები როდესაც პოპულარობის ზენიტს მიაღწევენ, უცხოეთშიც მათი სახლების წინ ათენებენ ჟურნალისტები და დილიდან საღამომდე დგანან მათ სახლებთან.
- დიახ, მაგრამ ივანიშვილთან მიმართებით, სამწუხაროდ, ეს ის შემთხვევა არ არის.
რაც შეეხება ექსპერტებთან მის დამოკიდებულებას?
- რა არის, იცით, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა საიტმა ექსპერტებს შორის ნდობის რეიტინგთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა. იქ მოხვდნენ ექსპერტები, რომელთა ნდობაც საზოგადოებაში ერთ და ორ პროცენტს არ აღემატებოდა. ეს მაშინ, როცა ეს ადამიანები დღე და ღამ გამოდიან ცენტრალურ არხებზე. ადამიანები, რომელთა მიმართაც საზოგადოების ნდობა, პრაქტიკულად, ნულოვანია, და ამ დროს მხოლოდ ისინი არიან ეკრანებზე. ფაქტობრივად, ისინი იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული მანქანის ნაწილნი არიან, რომლებიც კი არ ანათლებენ საზოგადოებას და პოზიტივი კი არ შეაქვთ, არამედ მათ წამლავენ. დიდი ბოდიშით, შეიძლება მე ვიღაცასთან მიმართებით ივანიშვილს დავეთანხმო ან არ დავეთანხმო, მე პერსონალიებზე არ მინდა საუბარი, უბრალოდ, ვამბობ, რომ ზოგადი განწყობა ამ მიმართულებითაც პატივსაცემია. მედიასთან დაკავშირებითაც შესაძლოა, ვიღაცის შეფასებას დავეთანხმო, მაგრამ ზოგადად, თემა რომ არსებობს, რომ არსებობენ ჟურნალისტები, რომლებიც სინამდვილეში არ არიან ჟურნალისტები, არსებობენ ექსპერტები, რომლებიც არ არიან ექსპერტები და უბრალოდ, იდეოლოგიური მანქანის ნაწილი არიან, ამაში არ შეიძლება არ დაეთანხმო.
ლევან ჩოლოყაშვილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი თურმე ქველმოქმედებას იმიტომ ეწეოდა, რომ 15 წლის განმავლობაში პოლიტიკაში მოსვლას ელოდა. ივანიშვილის ქველმოქმედება თურმე ერთგვარი „პადკორმკა“ იყო, რომელსაც თევზებს წინადღით უყრიან, რათა მეორე დღეს ბევრი თევზი დაიჭირონ. ამ აზრის მომხრენი მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, რუსეთს ივანიშვილის ფაქტორის გამოყენება დასჭირდა.
- როდესაც ერთპროცენტიანი ექსპერტები ვახსენე, ჩოლოყაშვილიც მათ რიცხვს მიეკუთვნება. თუ ამის პროტესტი გაუჩნდება, შეუძლია, გადაამოწმოს.
ვინმე ირწმუნებს, რომ ბიზნმესმენი თურმე 15 წელიწადს მოთმინებით ელოდა ქართულ პოლიტიკაში მოსვლას?
- რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან, ბიძინა ივანიშვილი სულ რაღაც ორი-სამი თვის წინ ჯერ კიდევ არ ფიქრობდა პოლიტიკაში შემოსვლას. მთელი მისი ცხოვრების წესი აჩვენებს, რომ პოლიტიკა მისთვის არ იყო მიზანი. რამდენიმე წლის განმავლობაში იგი სოფელში ცხოვრობდა. წარმოიდგნეთ, ოთხი წლის განმავლობაში, საერთოდ არ გასულა იქიდან. ფაქტობრივად, ის ბუნებასთან იყო შერწყმული და პოლიტიკაში მოსვლის არანაირი ამბიცია არ გამოუვლენია. პირიქით, ეხმარებოდა ხელისუფლებას. პირველ რიგში, მათთან თანამშრომლობდა, ალბათ იმიტომ, რომ ფიქრობდა, ხელისუფლების დახმარებით საქართველოს ეხმარებოდა. ეს ლოგიკურიცაა, შენს ქვეყანას ეხმარები ხელისუფლების გავლით. თუმცა გაერკვეულ ეტაპზე, ალბათ, დაინახა, რომ ეს ორი სხვადასხვა რამეა. ხელისუფლების დახმარება სულაც არ ნიშნავს ქართული სახელმწიფოს დახმარებას. ამან ყველაფერი ერთ კრიტიკულ წერტილში მოაქცია. მისი გადაწყვეტილება დიდი ხნის გადაწყვეტილება არ გახლავთ. ეს ყველამ იცის, და ბატონმა ჩოლოყაშვილმა რაც არ უნდა ისაუბროს ამაზე, მისი გამონათქვამის მიმართ ნდობა, არა მგონია, ანგარიშგასაწევი იყოს. მას სრული უფლება აქვს, ეს აზრი ჰქონდეს.
რას გვეტყვით გუნდის შესახებ, რომელიც ივანიშვილმა გარშემო დაიყენა? რატომ არ ისურვეთ მის გუნდში ყოფნა? თქვენი კანდიდატურა ხომ ყველასთვის მისაღები იქნებოდა?
- მე მქონდა მასთან საუბარი. უბრალოდ, მე არ ვარ პოლიტიკოსი, ჩემი ფუნქცია და ჩემი ადგილი მაქვს ამ საზოგადოებაში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი ადამიანი ვარ, უბრალოდ, მე ვერ ვიქნები ეფექტური, რადგან პოლიტიკოსი სულ სხვა ფსიქოლოგიის ადამიანია.
თუმცა რჩევებს მისცემთ ბიძინა ივანიშვილს?
- სხვათაშორის, ორი წლის წინ შევხვდი მიხეილ სააკაშვილს, რის გამოც ძალიან გამაკრიტიკეს ჩემმა მეგობრებმა და კოლეგებმა. რატომ შეხვდი, ხომ იცი, მაინც აზრი არ ჰქონდა? თუ პრეტენზია მაქვს, ვიყო ექსპერტი, ჩემი პროფესიული ვალია, მივცე რჩევა ნებისმიერ ადამიანს, ვინც გავლენას ახდენს ჩემი ქვეყნის ცხოვრებაზე. ისევე, როგორც ექიმი, ვალდებულია, მტერსაც კი უმკურნალოს. მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილს არასოდეს არ დავზარდები, თუ მას ჩემი აზრი დააინტერესებს, რომ შეხედულება გავუზიარო.
ის გუნდი, ვინც მის გარშემოა... ალბათ, უკვე გაიგებდით მოსაზრებებს ცალკეული პერსონების მიმართ, რომ ისინი დაღუპავენ ივანიშვილს.
- წინასწარ ესეც მოსალოდნელი იყო. ბიძინა ივანიშვილს ახლა, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვას, ორ ფრონტზე ბრძოლა უწევს. ერთი, ის ჩაერთო ხელისუფლებასთან ბრძოლაში, მაგრამ, ამავდროულად, შიგნიდან ბრძოლაც მიმდინარეობს. ჩვენ გვესმის, რომ მეორე მხარესაც ძალიან გრძელი რიგი დადგება და ერთგულების მტკიცება. ეს არაერთხელ გვინახავს, და ასეთი „ერთგული“ ადამიანები მერე კურდღლებივით გარბიან და როგორ ღალატობენ თავიანთ კერპს. ასე რომ, ესეც არანაკლებ მძიმე ფრონტი იქნება მისთვის. რაც შეეხება დღეს არსებულ სიტუაციას, რა გითხრათ, მისი გუნდის შესახებ ჯერჯერობით არაფერი მსმენია. იქ სულ რაღაც ორ-სამ ადამიანს ვხედავთ, გუნდი რასაც ჰქვია, ჯერ არ ჩანს. იმედია, მალე გამოჩნდება. რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილი უკვე საჯაროდ გამოჩნდება.
უკმაყოფილონი არიან ჟურნალისტები, რომ აქამდე არ გამოჩენილა იგი საჯაროდ. პირველ რიგში, გეტყვით, რომ ეიფორია, რომ თურმე საუბარი უჭირს, ზღაპარია. ძალიან კარგადაც ლაპარაკობს და აყალიბებს თავის მოსაზრებებს. თუმცა, საჯარო პოლიტიკა სპეციფიური საქმეა. ჩვენ არ უნდა გავამტყუვნოთ ამის გამო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ფიქრობდა პოლიტიკაზე. მას რომ ამდენ ხანს ეფიქრა, დამერწმუნეთ, პირველივე დღეს გამოჩნდებოდა ტელეეკრანებზე. ის, რომ ამისთვის პასუხისმგებლობითა და საფუძვლიანად ემზადება, მეტყველებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. უბრალოდ, ამისთვის მზად არ იყო, მაგრამ მე ვფიქრობ, ძალიან მალე ვიხილავთ. ჩემი აზრით, ეს ყველასთვის სიურპრიზი იქნება.