დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა. დაიხურა ფაბრიკა-ქარხნები და უმუშევრობის ზრდაც დაიწყო. მაგრამ სამწუხაროდ, მომავლის მოიმედე მოსახლეობა, მის მიერ მოყვანილი ახალი ხელისუფლების შემდეგ უფრო სავალალო მდგომარეობაში ჩავარდა. სულ უფრო მეტი სამსაუხრი დაიხურა და სულ უფრო მეტი ხალხი დარჩა უმუშევარი...
ასე აღმოჩნდა ბევრი ფოთელი თურქეთში, თუ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ბევრი უკმაყოფილოა ემიგრაციის პირობებით და ყველაზე მეტად, შელახული თავმყოყვარეობა აწუხებთ.
ნაირა ლ. „ექთანი ვიყავი. ჩემი სამსაუხრი რომ დაიხურა, რამდენიმე წელი გარე-ვაჭრობით ვარჩენდი ოჯახს. მაგრამ შვილების სწავლისათვის ეს საკმარისი არ იყო. ამიტომ ხშირად მიწევდა ვალების აღება. მეუღლე პენსიონერი იყო და სამსახურიდან დაითხოვეს. შვილი გათხოვდა და სიძეც უმუშევარი დარჩა. დამიგროვდა პროცენტები და ბანკებმა, თუ მევალეებმა შევიწროვება დამიწყეს.
სხვა რა გზა მქონდა?.. ნაცნობი დახმარებას დამპირდა და მეც თურქეთს მივაშურე. თავდაპირველად სამსუნში მოვხვდი. პირველი თვის სამასი დოლარი დამსაქმებელს გადავუხადე. მეორე თვის ფული ოჯახში გამოვაგზავნე. მესამე თვეში კი ვიზის დამთავრებამდე უნდა დავბრუნებულიყავი სახლში და ის ხელფასი არც გამომატანეს, ისე უფულოდ გამომიშვეს.
უკმაყოფილო ვიყავი, მაგრამ უფულოდ სანამ დავრჩენილიყავი. ამიტომ დამსაქმებლის დარეკვას არც დაველოდე, მე თვითონ ჩავედი სტამბულში. გაგონილი მქონდა, სტამბული დიდი ქალაქია, მდიდარი ხალხი ცხოვრობს და სამსახურებიც უფრო ადვილად იშოვებაო. მაგრამ აქ უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდი.
ღამეს ქუჩაში ვათევდი. უმუშევრადდარჩენილი ქართველები სხვებიც ათევენ ღამეებს „აღსარაის“ ავტოსადგურში ერთ-ერთი სააგენტოს ოფისში. ქალები სკამებზე იძინებენ. კაცებს კი არ იღებენ. მამაკაცებს ყველგან ერიდებიან. მათ ვერც მოექცევიან ისე, როგორც ქალებს და ამიტომაც მათი სამსახურები ქალაქში თითქმის არ არის. კაცებს მხოლოდ თხილის პლანტაციებში და მეფუტკრეობაში თუ დაასაქმებენ და იქაც არ არის კარგი სიტუაცია.
სტამბულში მოგვიანებით მოვნახე სამსახური ფაბრიკაში. ხარისხის კონტროლზე ვიმუშავე ფეხზე დგომით დღე და ღამე, მაგრამ ბაირამობა დაემთხვა და ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი კვირა გამომივიდა მუშაობა. სულ 16 დღე გავატარე და ერთი ცენტი არ ამიღია. მაგრამ იმითაც კმაყოფილი დავრჩი, რომ ქუჩაში არ ვიყავი.
მალე ჩემმა ფოთელმა მეზობელმა თავისი სამუშაო ოჯახის მეზობლად შეიტყო, რომ ქართველი მომვლელი ქალი, ოჯახის ხნიერ წევრებთან ერთად ავტოავარიაში მოხვდა და საავადმყოფოში თავზემდგომი ჭირდებოდათ. ერთი კვირა ანკარაში ვედექი თავზე ამ ქალს, რომელიც ბათუმში უნდა ჩასულიყო და ვიზის გაგრძელების შემდეგ დაბრუნებულიყო. მაგრამ მისი ჯანმრთელობა გაუარესდა და სამუშაოდ დაბრუნება ვერ მოახერხა.
ოჯახის ახალგაზრდა დიასახლისი კი თავის მშობლებს მეურვეობდა ანკარის საავადმყოფოში და შვილების მოსავლელად დამხმარე ქალი სტამბულში რომ დასჭირდათ, სიძის სურვილით, ბავშვებთან გადამიყვანეს. მაგრამ ახალგაზრდა დიასახლისთან უსიამოვნება ხშირად მქონდა. ამიტომ არ მინდოდა დავთანხმებოდი. მაგრამ სხვა სამსახური არ გამოჩნდა. მე ენა არ მესმოდა და ზოგჯერ შესაძლოა არც მეხებოდა, მაგრამ მეგონა, დიასახლისი ჩემზე ცუდს ლაპარაკობდა.
სიძე წარმოშობით გურჯი იყო და უფრო თბილად მექცეოდა. რომ ხედავდა ჭამაში თავს ვიკავებდი, მითხრა, ეგებ ჩვენი საკვები არ მოგწონს, წაგიყვან სუპერმარკეტში, ან კაფეში და რაც მოგწონს იმას გიყიდიო. ესეც ვიუკადრისე და ტირილი დავიწყე. მე 57 წლის ქალი ვარ. სახლში ორ ინფარქტგადატანილი ქმარი დავტოვე. შვილის მშობიარობას ვერ დავესწარი და შვილიშვილი წამოზრდილი მხვდება. აქ კაფეებში სასიარულოდ ხომ არ ჩამოვუსულვარ? პატიოსნად ნაშრომი მინდა ჩავიტანო სახლში. მაგრამ პროცენტიანი ვალების დასაფარავადაც ეს ფული არ მყოფნის და მევალეებს ისევ ვემალები...
თავიდან 300-400 დოლარს მიხდიდნენ. მაგრამ ინფლაციის გამო სულ უფრო ნაკლები ფული იყო ეს ლირებით. ჩემს გარდა ოჯახში თურქი ქალიც მუშაობდა, ის საღამოს 6 საათმდე იყო და უფრო მეტს უხდიდნენ. დიასახლისს თურქი ერჩია, ახლობლის შვილი იყო. მის მამიდებს კი, რომლებიც ყოველ დღე მოდიოდნენ ამ ოჯახში, მე უფრო მოვწონდი. ამიტომ თურქი ქალი ჩემს წინააღმდეგ ამხედრებდა ოჯახს. თან ენა რომ არ ვიცოდი, ესეც იყო პრობლემა. ჩანაწერები კი მქონდა, ზოგი რამ ფაბრიკაში მომუშავე ქართველებისგანაც ვისწავლე. მაგრამ სანამ პრაქტიკა არ გავიარე, წინადადებების აწყობას ვერ ვახერხებდი.
სულ ხუთჯერ ვიყავი თურქეთში სამუშაოდ და ყოველთვის იძულებით მივდიოდი. თუმცა, არიან ქალები, რომლებმაც ენაც მალე ისწავლეს და 500-600 დოლარსაც იწუნებენ. ახალი ვიზის ასაღებად რომ ჩამოდიან, ერთი სული აქვთ, მალე გაიქცნენ თურქეთში. მაგრამ მე სხვა გამოსავალი ფოთში რომ ვერ ვნახე, ამიტომ იძულებული ვხდებოდი, ამ ორი კაპიკისთვის ისევ გამერისკა წასვლა. ახლა ენაც უფრო კარგად ვისწავლე, მაგრამ ბოლოს ისეთ მოხუცთან მომიწია მუშაობა, ვერ დავასრულე მუშაობის ვადა, დროზე ადრე წამოვედი.
საშინელ მდგომარეობაში ვიყავი. ამ ქალს დღეში რამდენჯერაც ლოცვალზე ფეხის დაბანა და ტუალეტში გასვლა დაჭირდებოდა, თან ვყვებოდი. ძილი არ მქონდა. ყოველ საათში დგებოდა ლოგინიდან და უყურადღებოდ ვერ ვტოვებდი. დღისით ვალაგებდი და ვრეცხავდი. მაინც სულ მედიდგულებოდა. ფული ენანებოდა. ყველაზე შეურაცხმყოფელი ის იყო, რომ ტექნიკაზე ხელს არ მაკიდებინებდა. ელექტროღუმელში თხილის მოხალვა მინდოდა და ხელზე დამარტყა. ბავშვივით რომ ვიტირე, მოვიდა და მომიბოდიშა. მაგრამ ტელევიზორში სერიალებს რომ უყურებდა და მეც მივუჯდებოდი (სხვანაირად ენასაც ვერ ვისწავლიდი), მეკითხებოდა, ტელევიზორი, სარეცხის მანქანა, მტვერსასრუტი და სხვა ტექნიკა შენ გაქვსო? მე ჩემი დამტვრეული თურქულით ვეუბნებოდი, რომ საქართველოში ყველაფერი გვაქვს და დიდი ხის წინაც გვქონდა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ფული არ არის და ამიტომ მივდივართ ასე შორს, ასე მძიმე სამუშაოზე.
ჩემი თბილი დამოკიდებულებით, „დედას“ რომ ვეძახდი, ცოტათი მაინც მოვულბე გული და წამოსვლის წინ ისე დამემშვიდობა, მალე ჩამოდიო, დამაბარა. მაგრამ უკან წასვლა არ მინდა. იმ მონობაში შეურაცხყოფილ ყოფას ისევ ჩემს ოჯახში ეკონომიურ სიდუხჭირეში ყოფნა მირჩევნია. ქმარ-შვილს სულ ვეხვეწები, არ გამიშვათ თურქეთში-თქო. ისინიც ძალიან გაღიზიანებულები არიან ჩემი მდგომარეობით და მირჩევენ, სახლში დავრჩე და შვილიშვილის გაზრდაში მივიღო მონაწილეობა. მაგრამ არ ვიცი სანამ გავძლებ აქ და საბოლოოდ რა გადამაფიქრებინებს ნებაყოფლობით მონობას... კარგი ოჯახიც რომ შემომთავაზონ, ისე გამიფუჭდა ნერვები, ამ ეტაპზე მუშაობას ვერ შევძლებ. თუ შემოსავალი არანაირი არ მექნება, რა ჭკუაზე დავდგები, ვინ იცის...