„საქართველოს ხელისუფლებაში ახალგაზრდული ძალები მოვიდნენ, მაგრამ მე არც მათი მომხრე ვარ და არც მათ ვეწინააღმდეგები. ეს ყველაფერია, რისი თქმაც შემიძლია. ვწუხვარ, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები ასეთ კალაპოტში შევიდა“, - აცხადებდა ბიძინა ივანიშვილი 2005 წელს გაზეთ „ვედომოსტისთვის“ მიცემულ ერთადერთ ინტერვიუში.
2005 წლის ამ ინტერვიუშიც გამოსჭვიოდა ბიზნესმენის შეფარული ნათქვამი „ვარდებიანი ხელისუფლების“ მიმართ. იგი ამ ადამიანებს არ თანაუგრძნობდა, მაგრამ, არც ეწინააღმდეგებოდა. იმავდროულად, ირწმუნებოდა, რომ საქართველოში არსებულ თავის ბიზნესს გაყიდდა, რადგან უკვე 50 წლის იყო და მხოლოდ ძირითადის გარშემო აპირებდა კონცენტრირებას. ამ ინტერვიუდან ირკვევა, რომ ივანიშვილი არცერთ ქართველ ბიზნესმენს არ ეკონტაქტებოდა და მხოლოდ ნათესავებთან, მეგობრებთან ინარჩუნებდა ურთიერთობას. მას მხოლოდ მშვიდი ცხოვრება, თავისი ოჯახი, სოფელი ჭორვილა აინტერესებდა, რომლის დატოვებაც მას ბიზნესის გამო იშვიათად უწევდა.
ერთადერთი პროექტი, რის დასრულებასაც აპირებდა საქართველოში, ეს ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კომპლექსი გახლდათ. საამისოდ მიწის ნაკვეთიც შეიძინა ბაკურიანში, ევროპის ამ ერთ-ერთ საუკეთესო მთიან რეგიონში. საქმეში კანადური და ავსტრიული კომპანიებიც ჩართო, რომლებიც ბაკურიანის საკურორტო კომპლექსის განვითარებაში თავის წვლილს შეიტანდნენ. რაც შეეხება ბაკურიანის გონდოლებიან საბაგირო გზას, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს გასეირნება ძალიან მოეწონა, ესეც ბიძინა ივანიშვილის ამ კონკრეტული პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდა, რასაც ბაკურიანის საკურორტო ზონად გადაქცევის შემდგომი ეტაპები მოჰყვა და, რაც ასე საზეიმოდ ჩაიბარა სწორედაც სააკაშვილის ხელისუფლებამ.
მაშინ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დიდსულოვნად აღნიშნა: მინდა გამოვაცხადო შემდეგი - „ერთი თვის განმავლობაში, ეს საბაგირო გზა ყველა მოთხილამურისთვის უფასო იქნება, რათა ხალხს ეს სპორტი შეუყვარდეს.“
ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ, როგორც ჩანს, ბიზნესმენის მხრიდან ბაკურიანში სამთო-სათხილამურო კომპლექსის შექმნით და სხვა ინიციატივებით არ დასრულებულა მისი პროექტები. ამჯერად ბიზნესმენმა უფრო მასშტაბური პროექტის - „ქართული ოცნების“ განხორციელება ჩაიფიქრა.
„ძალიან ზედმეტ ყურადღებას აქცევთ მაგ ივანიშვილს. რახან 1-2 მილიარდი იშოვა, ამიტომ ყველა მასზე უნდა ლაპარაკობდეს?!“ - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ ბოლო დღეებში გავრცელებულ განცხადებას.
ცხადია, ხელისუფლებას ძალიან მოსწონდა, როცა ბიზნესმენისგან მდუმარედ იღებდა შემოწირულობებს და მის მიერ განხორციელებული საქმეებით თავად კოკეტობდა.
ივანიშვილი და პიკასო
ბიზნესმენის ინტერესების სფეროში კულტურას რომ დიდი ადგილი უჭირავს, ეს საქართველოს მოსახლეობისთვის ამერიკული ჟურნალის, „ფორბსის“ გარეშეც ცნობილი იყო. თუმცა კოლექციონერობა მისი ბოლოდროინდელი გატაცებაა. მან საბაზრო ღირებულებაზე ძვირად შეიძინა პიკასოს ტილო „დორა მაარი კატით“, რომელიც მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებულ ტილოთა შორისაა.
New Yourk-ისა და Wealth-ის თანახმად, ნიუ-იორკში, „სოთბის” აუქციონზე 95 მილიონ დოლარად გაყიდული პიკასოს შედევრის ახალი მფლობელი, სავარაუდოდ, ქართველი მილიარდერი გახდა. „წითელი კოლექციონერის ძებნა”, - ამ სათაურით გამოქვეყნდა პუბლიკაცია ამერიკულ მედიაში, სადაც 2006 წლის 3 მაისს გამართული აუქციონი დეტალურადაა აღწერილი.
აუქციონის გასამართ ოთახში მუქ სპორტულქურთუკიანი მამაკაცი შევიდა, სარეგისტრაციო მაგიდიდან ნომერი აიღო, რომელსაც აუქციონის მიმდინარეობისას პეროდულად მაღლა სწევდა. ბოლო დროს ამ მამაკაცს უკვე ხშირად ხედავენ აუქციონებზე, ამჯერად იგი წინა რიგში კი არ დაჯდა, სადაც აუქციონის მონაწილე სხვა ცნობილი პერსონები სხდებიან, არამედ - დარბაზის სიღრმეში. ამერიკული მედიის ცნობით, მას მოკრივის გატეხილი ცხვირი ჰქონდა, ხოლო ფეხთ იაფფასიანი ფეხსაცმელი ემოსა. როცა აუქციონზე პიკასოს შედევრის, „დორა მაარი კატით” გაყიდვა დაიწყო, მის მაქსიმალურ ფასად 50 მილიონი დოლარი სახელდებოდა, მაგრამ თანხამ თანდათან 65 მილიონს მიაღწია.
მოულოდნელად სპორტულ ქურთუკში გამოწყობილმა მამაკაცმა 85 მილიონი დოლარი დაასახელა, რასაც საკომისიო 10 მილიონი დოლარიც დაემატა.
„დორა მაარი“ პიკასომ 1941 წელს შექმნა. ფერმწერმა და, იმავდროულად, ფოტოგრაფმა ქალმა - დორა მაარმა (ნამდვილი სახელი გენრიეტა თეოდორა მარკოვიჩი) პაბლო პიკასოს ცხოვრებასა და შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა. პიკასომ იგი ერთ-ერთ კაფეში გაიცნო, როდესაც ქალი 29-ის, ხოლო მხატვარი 54-ის იყო. ესპანელი მხატვარი მოიხიბლა ამ ქალის ექსტრავაგანტურობითა და არაორდინალურობით. დორამ „დანით თამაშისას“ ორი თითი დაკარგა, ხოლო სისხლიანი ხელთათმანი სახლში გამოსაჩენ ადგილზე დაკიდა.
პიკასო სულ უფრო ხშირად ხატავდა ლამაზთითებიან წითელმანიკიურიან გოგონას - დორა მაარს. სხვათაშორის, დორას ძალიან მოსწონდა, როდესაც პიკასო მას ორი თითის გარეშე ხატავდა. მისი ოცნება იყო, მხატვრისთვის შვილი გაეჩინა, თუმცა, ქალი უშვილო აღმოჩნდა. ამის გამო პაბლო ხშირად მას დადარდინებულსა და ჩაფიქრებულს ხატავდა და მას საკუთარ მუზად მიიჩნევდა.
მოაზროვნე გოგონას მხოლოდ ერთი
ნაკლი ჰქონდა, უკიდურესად ნერვული იყო. მცირე წყენაზეც კი ტიროდა. ვერასოდეს დავხატე მომღიმარი, - იხსენებდა პიკასო - ჩემთვის ის ყოველთვის მტირალა ქალი იყო.
ომის შემდეგ პიკასომ დორას საფრანგეთის სამხრეთით სახლი აჩუქა. სამწუხაროდ, ქალმა იქ
ცხოვრება ვეღარ
მოახერხა, რადგან საყვარელთან განშორების შემდეგ დორა ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტი გახდა.
მიუხედავად იმისა,რომ ისინი სულ ცხრა წელი იყვნენ ერთად, დორა მაარი ესპანელი მხატვრის ცხოვრებაში ერთ-ერთი ქალი იყო, რომელმაც პიკასოს ცხოვრებაში დისონანსი შეიტანა.
„დორა მაარი კატით“ პიკასომ გერმანელებისგან ოკუპირებულ პარიზში დახატა. ამ დროისთვის მათ ურთიერთობას მნიშვნელოვანი ბზარი შეეპარა. მოგვიანებით მხატვარი იხსენებდა, რომ იმ პერიოდში დორა მაარი მისთვის „ომის პერსონიფიკაცირებული“ სახე იყო. ტილოზე მოჩანს ქალის მჭრელი, ველური კატის მსგავსი, მსხვერპლისკენ შემართული ბრჭყალები. 1963 წლიდან პორტრეტი ამერიკელი მულტიმილიონრების, გიტვიტცების კერძო კოლექციაში ინახებოდა.
ეს ტილოც, რომლის სახელიც ივანიშვილს დაუკავშირდა, პირველად 1963 წელს გაიყიდა და 21-ე საუკუნემდე არც გამოფენაზე და არც აუქციონზე არ გასულა. ტილო მხოლოდ 2005-2006 წლებში მოხვდა ლონდონის, ჰონკონგისა და ნიუ-იორკის გამოფენებზე.
მოქალაქეობაზე უარის თქმა „ანარქისტობის“ საბაბით?!
პიკასოსადმი ივანიშვილით დაინტერესების კვალდაკვალ, ერთ უცნაურ დეტალსაც წავაწყდით. სხვათაშორის, მოქალაქეობასთან დაკავშირებით ცნობილ მხატვარსაც შეუქმნეს პრობლემები და იგი ანარქისტად გამოაცხადეს. ცნობილია, რომ პაბლო პიკასო ფაშიზმის წინააღმდეგ ერთ–ერთი გამორჩეული მებრძოლი გახლდათ. იგი სახალხო ფრონტის მებრძოლიც იყო საფრანგეთში, ასევე, აქტიურად ებრძოდა ფაშიზმს ესპანეთში. მიუხედავად იმისა, რომ 1901 წლიდან მოყოლებული საფრანგეთში ცხოვრობდა, მას სურვილი ჰქონდა, მომკვდარიყო, როგორც ჭეშმარიტი ესპანელი. საფრანგეთის მოქალაქეობაზე განაცხადი მხოლოდ ერთხელ, 1939 წელს შეიტანა, როცა გადაწყვიტა, გაეზიარებინა თავისი მეორე სამშობლოს - საფრანგეთის ბედი, რომელიც ფაშისტურ გერმანიასთან ომში ჩაება. თუმცა მისი განაცხადი არ დააკმაყოფილეს.
აღმოჩნდა, რომ საფრანგეთის პოლიცია მხატვარს ესპანეთიდან ჩამოსვლისთანავე უთვალთვალებდა. პიკასოს შესახებ პოლიციის ჯერ კიდევ პირველ, 1901 წლის, პატაკში ნათქვამი იყო, რომ ის ანარქისტია. მას შემდეგ პიკასო შფოთისთავთა საშიშ სიაში მოახვედრეს. გარდა ამისა, იმ დროისათვის მოარული ხმების მიხედვით, მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მხატვარი თავისი სურათების საბჭოთა კავშირისთვის გადაცემას აპირებდა, რომლის მხარდამჭერადაც ითვლებოდა. ყველა ამ მიზეზთა გამო საფრანგეთის პოლიციის უწყება ასკვნიდა: „პიკასო უნდა განიხილოს, როგორც საეჭვო პიროვნება საფრანგეთის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ მიზანშეწონილი არ არის მასზე ფრანგული პასპორტის გაცემა“.
კარგა ხნის შემდეგ ოფიციალურმა პარიზმა საკუთარი აზრი შეცვალა. მაგრამ პიკასო უკვე იმეორებდა თავისებურ აღთქმადქცეულ აზრს, რომ მას სურვილი ჰქონდა, ესპანელად გარდაცვლილიყო. ამასთან, როცა პრეზიდენტი ჟორჟ პომპიდუ პიკასოს დაჯილდოებას საფრანგეთის ყველაზე მაღალი ჯილდოთი - საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ჯვრით აპირებდა, მხატვარმა უარი თქვა იმ საბაბით, რომ მას, როგორც ესპანეთის მოქალაქეს, ესპანელ პატრიოტს, არ შეეძლო ამ რეგალიის მიღება.
არ ვიცით, რატომ გამოარჩია ივანიშვილმა პიკასოს შემოქმედებიდან ზუსტად „დორა მაარის“ პორტრეტი, მაგრამ შესაძლოა, ამის ახსნა ისევ ესპანელი მხატვრის სიტყვებში ვეძიოთ: „ოთხი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ დამეხატა რაფაელივით, და - მთელი ცხოვრება, რომ მესწავლა ბავშვივით ხატვა“.
ამას გარდა, ერთი ნატვრაც ჰქონდა პიკასოს, რაც ზოგჯერ სიმდიდრით მოყირჭებული ადამიანებისთვისაც სანატრელია: მე ვისურვებდი ვცხოვრობდე, როგორც ღარიბი ადამიანი ფულით.