თბილისის გრაფ მონტე კრისტო

თბილისის გრაფ მონტე კრისტო

მიბაძავს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პუტინს, როდესაც 2013 წელს მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება და შეინარჩუნებს თუ არა ხელისუფლებას საკუთარი თავის პრემიერ-მინისტრად დანიშვნით? ქვეყნის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს მიაჩნია, რომ ის ასე მოიქცევა.

ბ-ნი ივანიშვილი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტმა ხელისუფლების ტოტალური მონოპოლიზება მოახდინა, განამტკიცა რა ის მორჩილი „ფსევდო-ოპოზიციითა“ და მედიის კონტროლით. ის აცხადებს, რომ ბ-ნი სააკაშვილი საქართველოს კერძო ბიზნესს საგადასახადო სისტემითა და სასამართლოთი აკონტროლებს. ივანიშვილი ამბობს, რომ საკუთარი თანამოქალაქეების გადასარჩენად, ის პოლიტიკაში შემოდის.

ეს მოულოდნელი სვლაა. ბ-ნი ივანიშვილი, რომელმაც მილიარდები რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა, საჯარო ცხოვრებას ყოველთვის გაურბოდა. მან საქართველოში რამდენიმე პროექტი დააფინანსა, მათ შორის გრანდიოზული მართლმადიდებლური ტაძარი თბილისში (დედაქალაქი), ასევე თეატრები, ნაციონალური პარკები და სამედიცინო კლინიკები. მან გარდაქმნა თავისი მშობლიური სოფელი ქვეყნის დასავლეთში. თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც ამას შარშან ჟურნალ Prospect-ში გამოქვეყნებული მისი პორტრეტი ცხადყოფს, ის დღემდე გამოცანად რჩება მისი თანამოქალაქე ქართველებისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ უცხო ადამიანებზე.

სააკაშვილმა ივანიშვილი ალექსანდრე დიუმას გამოგონილ პერსონაჟ გრაფ მონტე კრისტოს შეადარა. მაგრამ, პარალელი, როგორც ჩანს, ნაკლებად ადეკვატური ხდება. ივანიშვილს შურისძიებაზე მეტად თითქოს იმედგაცრუება ამოძრავებს. მეტიც, გამოგონილმა პერსონაჟმა მტრების დევნაში უზარმაზარი ცბიერება გამოავლინა. ბ-ნი ივანიშვილის განზრახვაში კი ამხილოს საქართველოს ტრაგედია ფარსის ელემენტებია.

აიღეთ მისი ორი ღია წერილი, რომლებიც 7 და 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა. დასაწყისში სააკაშვილზე თავდასხმამ პრესის სათაურები მოიცვა. თუმცა, ორივე დოკუმენტი ვრცელი, ქაოტური და ექსცენტრულია. მეორეში, ბ-ნი ივანიშვილი იმ პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს ასახელებს, რომლებთანაც ის არ ითანამშრომლებს; რამდენიმე წლის წინანდელი პრივატული საუბრების განხილვისას ის გადადგომისკენ მოუწოდებს ასევე შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს. უცნაური გზაა პოლიტიკური კამპანიის დაწყებისთვის.

იმავდროულად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ბ-ნი ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობა, რომელიც მთავრობამ სამშაბათს გააუქმა, რითაც მას საქართველოში პოლიტიკური პარტიის შექმნა აეკრძალა. სამართლებრივად მთავრობა დაცულია. თავის პირველ წერილში, ბ-ნმა ივანიშვილმა თავად განაცხადა, რომ საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეცაა.

ქართული კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის უფლება არ აქვს; თუკი შენ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებ, საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად კარგავ. თუკი თქვენ მისი აღდგენა გსურთ, მაშინ ოფიციალური წერილით პრეზიდენტს მიმართავთ.

ივანიშვილმა ხელისუფლების წისქვილზე დაასხა წყალი. დროს, რომელიც მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევისთვის შეირჩა, მეტისმეტი უბადრუკობის ელფერი დაჰკრავს. თუმცა ივანიშვილმა ეს მხოლოდ თავის თავს (და თავის მრჩევლებს) უნდა დააბრალოს.

ცხადია, ივანიშვილის რუსეთთან კავშირი ყურადღებას მიიპყრობს. რუსეთს და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების არანაირი ნიშნები არ ჩანს. გასულ კვირას, ჟენევაში საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები მოსკოვის მსო-ში გაწევრიანებაზე, კვლავ ჩაიშალა. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მმართველი პარტიის ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ბატონი ივანიშვილის განცხადებას იმით უპასუხა, რომ მას რუსეთის მარიონეტი უწოდა.

თუმცა ივანიშვილის ფრანგული კავშირები არავის შეუსწავლია. ის ახლოსაა საფრანგეთის ელჩთან საქართველოში (რომელსაც მალე ვადა ეწურება) და თბილისში თანამედროვე ფრანგული სკოლა ააშენა.

საფრანგეთის და საქართველოს ურთიერთობებში დათბობაა. გასულ კვირას, თბილისში ვიზიტის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ რუსეთი გაკიცხა იმისთვის, რომ საქართველოსთან 2008 წლის სამშვიდობო გეგმის პირობებს არ იცავს, რომელიც მისი შუამდგომლობით გაფორმდა. „საფრანგეთი ამ ფაქტს არ შეეგუება“- განუცხადა მან აღფრთოვანებულ მასებს. ბ-ნმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ისტორიული“ ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მდიდარი ქართველი სააკაშვილს გამოწვევას უგზავნის. 2008 წელს ბადრი პატარკაციშვილმა პრეზიდენტად საკუთარი კანდიდატურის დაყენებით სააკაშვილზე ანალოგიური შეტევა მიიტანა. ლოზუნგით „საქართველო სააკაშვილის გარეშე არის საქართველო ტერორის გარეშე“ მან ხმების მხოლოდ 7,1 % მოიპოვა.

თუკი ივანიშვილს და ოპოზიციის ყველაზე რეალურ ლიდერს ირაკლი ალასანიას შორის ჩანასახში არსებული თანამშრომლობა განვითარდება, მან შეიძლება მეტ წარმატებას მიაღწიოს. თუმცა, გრაფი მონტე კრისტო მას ალბათ თამაშის გაფართოვებას ურჩევდა.
foreignpress.ge