ვენდელ სტივენსონი,“The New Yorker”
2008 წელს, The New Yorker-სთვის საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის (მას ყველა მიშად იცნობს) პორტრეტი დავწერე. სააკაშვილი კრახის პირას იყო და ამერიკული ჩარევის წყალობით სამხრეთ ოსეთის სადაო ტერიტორიის გამო რუსეთის სრულმასშტაბიან ინტერვენციას გადაურჩა.
1990-იანი წლების ბოლოს საქართველოში ვცხოვრობდი და ხშირად ვსტუმრობდი მას ბოლო ათწლეულის განმავლობაში. სააკაშვილი ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციის დროს მოვიდა; ჩართო ელექტროობა, რაც მრავალი წლის განმავლობაში პრობლემა იყო და ერთი ხელის მოსმით კორუმპირებული პოლიციის მთელი შემადგენლობა სამსახურიდან დაითხოვა. (ეგვიპტეში, სადაც ახლა ვცხოვრობ, ფრთხილი ინკრიმენტალისტები [1] ამბობენ, რომ უშიშროების სტრუქტურების სწრაფი დემონტაჟი შეუძლებელია; ამ მასობრივი დათხოვნების შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე საგრძნობლად შემცირდა). მაგრამ მას შემდეგ მისი ქმედებები არათანმიმდევრული იყო, ის დიდწილად თვითგანდიდებისკენ მიისწრაფვოდა და სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდა მოქნილ დიდქტატორს, რომელიც დემოკრატიის ატრიბუტებს – სატელევიზიო არხებს, პარლამენტს, „დამოუკიდებელ“ საგადასახადო ორგანოებს, პოლიტიკურ პარტიებს – საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა. შესაძლოა ამას უკავშირდებოდეს კონსტიტუციაში პრეზიდენტის ორვადიანი ლიმიტის რევიზიაც, რაც იმას გულისხმობდა, რომ სააკაშვილს 2014 წელს ოფისი უნდა დაეტოვებინა.
რაც შეეხება ოლიგარქს, 2008 წელს, საქართველოში ყოფნის დროს, მე ხშირად მესმოდა სახელი ბიძინა ივანიშვილი, ხშირად მას ჩურჩულით წარმოსთქვამდნენ. ივანიშვილი კარჩაკეტილი მილიარდერია, რომელიც შარშან ჟურნალ Forbes-ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მოხვდა და რომლის ქონებაც 5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ივანიშვილმა ფული რუსეთში პერესტროიკა-პრივატიზაციის ველურ წლებში დააგროვა და შემდეგ კავკასიის მთების ძირში, თავის მშობლიურ სოფელში დაბრუნდა. პრესას მისი მხოლოდ ერთი ფოტო გააჩნდა, ინტერვიუ კი ასევე ერთადერთხელ რუსულ გაზეთში 2005 წელს გამოქვეყნდა. ივანიშვილი ჯადოსნური ქვეყნის ფილანთროპ ჯადოქარს გავდა; ის საკუთარ დროს თბილისის ფერდობზე აგებულ მოდერნისტულ კოშკში ან ყველასგან იზოლირებული, საკუთარი სოფლის სახლში ატარებდა (სადაც როგორც ამბობენ, ზებრები და ვან გოგის ნამუშევრები იყო). მან დააფინანსა რამდენიმე თეატრის, მათ შორის ოპერის თეატრის რეკონსტრუქცია და გავრცელებული ინფორმაციით, უსისტემო ქველმოქმედებას ეწეოდა, უხდიდა რა პენსიებს ან სტიპენდიებს გაღარიბებულ ინტელექტუალებს ან ზოგჯერ მათ ნაღდ ფულს ჩუქნიდა.
რამდენიმე წლის წინ ამ ისტორიის გარკვევა და მასზე სტატიის დაწერა გადავწყვიტე. როგორც გავარკვიე, მან საკუთარ სოფელში ყველა სახლი აღადგინა, ოჯახებს ახალი ავეჯი უყიდა, იხდიდა მათი ქორწილების და დაკრძალვების ხარჯებს. უახლოეს ქალაქში საავადმყოფო, სპორტული კომპლექსი და კინოთეატრი ააშენა. ააშენა ასევე ათობით სკოლა რეგიონში, დამატებით ხელფასებს უხდიდა პედაგოგებს, აღადგინა იქ არსებული ერთადერთი გზა, რომელიც პოსტ-საბჭოთა პერიოდში დაინგრა და ზამთრის დიდთოვლობის დროს გაუვალი ხდებოდა. რაიონში თითქმის ყველა სახლს ახალი სახურავი აქვს. ბევრი ადამიანი საუბარს გაურბოდა (ცნობილი იყო, რომ ივანიშვილს ნებისმიერი ტიპის საჯაროობა სძულდა), თუმცა ვისაც ვესაუბრე, მათი ნაამბობიდან გამორჩეულად მოკრძალებული კაცის სურათი დაიხატა: ჭკვიანი, ფრთხილი, ძალიან თავშეკავებული. მაგრამ თავად ამ კაცს ვერ მივუახლოვდი. ჩემი სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე კვირაში მისი ხელით დაწერილი ძალიან თავაზიანი წერილი მივიღე, რომელშიც ის ამბობს, რომ ჩემი პუბლიკაციით ძალიან ისიამოვნა.
ახლა, მან მოულოდნელად, პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, აცხადებდა რა ღია წერილების სერიაში მთელი გასული კვირის განმავლობაში, რომ პოლიტიკურ პარტიას შექმნის, რათა პარლამენტის თამვჯდომარის თანამდებობა დაიკავოს. (თუმცა, დღემდე საჯაროდ კვლავ არ გამოჩენილა). მან სააკაშვილის ჰეგემონიას პირდაპირი გამოწვევა გაუგზავნა, მიმართა რა მისი ადმინისტრაციის მთავარ მოთამაშეებს (რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს), დაგმო ის, რაც ფსევდო-ოპოზიციად მიაჩნია, ხოლო ცალკეულ წამყვან ოპოზიციურ ფიგურებს მასთან გაერთიანებისკენ მოუწოდა. მან კონკრეტული სახელები დაასახელა და მისი არჩევანი გონივრული იყო.
მოვლენათა ამ საინტერესო განვითარების დროს ორი რამ გაგონდება: პირველი ის, რომ უკანასკნელად ოლიგარქი, რომელიც სააკაშვილს დაემუქრა ბადრი პატარკაციშვილი იყო, რომელიც მოულოდნელად ლონდონში გულის შეტევით გარდაიცვალა და რომლის აქტივებიც (მათი დიდი ნაწილი სხვადასხვა ადამიანების სახელზე ჰქონდა გაფორმებული) სააკაშვილის მოკავშირეებმა და პატარკაციშვილის ყოფილმა ბიზნეს პარტნიორებმა გაიყვეს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ბადრი უფრო ვულგარული, თავზე ხელაღებული ავანტიურისტი გახლდათ, და არა ისეთი ფრთხილი მოთამაშე, როგორსაც ივანიშვილი გავს. და მეორე, სამივე დამოუკიდებელი პრეზიდენტი ქართველებმა თავდაპირველად ხმების 80%-ზე მეტით აირჩიეს, თუმცა მალევე ბეზრდებოდათ ისინი; მათგან პირველი ორი დამხობილ იქნა.
თუმცა, ივანიშვილი ძალიან გონიერი კაცია ძალიან ბევრი ფულით, სააკაშვილისთვის საშიში და რთულად დასაძლევი მოწინააღმდეგეა და მორიგი მოულოდნელობა პოსტ-საბჭოთა ქართულ ნარატივში. „მე გადავწყვიტე პოლიტიკაში წასვლა“, – წერს იგი. „მე აუცილებლად მოვალ ხელისუფლებაში“.
[1] ინკრიმენტალიზმი (გრადუალიზმი) – რეფორმების განხორციელებასა და სასურველი შედეგების მიღწევაში თანდათანობითობის სტრატეგია
foreignpress.ge
892
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85