დავით ბერძენიშვილი: „ის არ არის ვიღაც ინტელექტუალებზე დაყრდნობილი ფულისმკეთებელი, სუსტი  კაცი“

დავით ბერძენიშვილი: „ის არ არის ვიღაც ინტელექტუალებზე დაყრდნობილი ფულისმკეთებელი, სუსტი კაცი“

[როზი ჯღამაია  ]

ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან აუდიენციაზე რესპუბლიკური პარტიის წევრები, პაატა ზაქარეიშვილი და დავით ბერძენიშვილი იმყოფებოდნენ. ჩვენ შევეცადეთ, რამდენადაც შესაძლებელი იყო, დეტალური ინფორმაცია მიგვეღო ამ შეხვედრის შესახებ, რაზეც პრესაგე.ტვ-მ ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან ჩაწერა. 

ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, უკვე აამუშავა რეპრესიული მანქანა,  ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვიდან უკვე დააკავეს ერთი ადამიანი, ხოლო მეორე  სამსახურიდან დაითხოვეს. სხვათა შორის, ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარიც, ხელისუფლების მხრიდან გარკვეულ გზავნილად გაიგო საზოგადოების ნაწილმა, არაფერს ვამბობ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის გაუქმების მცდელობაზე. ეს პროცესი, ალბათ, არ გაჩერდება. თქვენი შთაბეჭდილება მაინტერესებს, რამდენად არის მზად ივანიშვილი ამ ყველაფრისთვის?

- ამდენი დრო არ დაუთმია ამ საკითხისთვის, მაგრამ უბრალოდ თქვა, რომ მსგავსი რამეები დაიწყება და უკვე დაიწყოო და ის ამისთვის მზად არის.

ძალიან საინტერესო იყო ვანო მერაბიშვილისადმი მისი დამოკიდებულება მისსავე განცხადებაში. მართალია ამის მიმართ თქვენ თქვენი პოზიცია დააფიქსირეთ, მაგრამ როგორ ფიქრობთ, მერაბიშვილის ხსენება მისი მხრიდან ერთგვარი პიარ-სვლა იყო თუ რეალურად არსებობდა რაიმე საფუძველი, რომ მას მერაბიშვილისთვის ასე მიემართა?

- ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით მას, როგორც მერაბიშვილი ისე, სააკაშვილი და ბოკერია პირდაპირ, ან ირიბად რაიმე კავშირში თუ შეიძლება აღმოჩნდეს ივანიშვილის პოლიტიკურ აქტიურობასთან, რესპუბლიკური პარტია ასეთი ტიპის გაერთიანებაში ვერ იქნება. თუმცა იქვე აღვნიშნეთ, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მერაბიშვილის პასაჟი მას აფიქრებინებს, თითქოს, მერაბიშვილი შეიძლება რამენაირად გამოსადეგი აღმოჩნდეს. მე მას პირდაპირ ვუთხარი, რომ ხელისუფლების ზედა ეშელონებში ძალიან დიდი ხანია პოზიტივი არის ამოწურული. ის ძალიან დადებითად და მშვიდად მოეკიდა ჩვენს ამ განცხადებას, შესაძლოა ელოდა კიდეც, რომ ჩვენ ამას დავაზუსტებდით და მან თქვა, რომ ეს ასეა და ხელს არანაირად არ შეუშლის ჩვენი კონსულტაციების პროცესს.

მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშიც დადასტურებულია, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის შესაძლებლობა რესპუბლიკურ პარტიასთან არის და წარმატებით დასრულდება. შესაძლოა, ეს ნაბიჯი, მისი მხრიდან, რაღაც დიდი პიარ-სვლა იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, ამის გამო, მერაბიშვილი და მის დაქვემდებარებაში მყოფი ესა თუ ის ადამიანი კარგ მდგომარეობაში არ არის.

ამ ეტაპზე, თუ ხართ ჩამოყალიბებულები და რა ტიპის თანამშრომლობაზეა საუბარი რესპუბლიკელებს, თავისუფალ დემოკრატებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის? ეს იქნება ბლოკი, თუ უბრალოდ, თანამშრომლობაზეა საუბარი?

- როდესაც ბიძინა ივანიშვილმა თავის განცხადებაში ღიად და პირდაპირ დაწერა ვისთან ვითანამშრომლებო და იწყებს პირველ რიგში რესპუბლიკურ პარტიასთან და ბევრ თბილ სიტყვას ამბობს, რომ არიან ინტელექტუალები, პოლიტიკურ ბატალიებში გამობრძმედილი პარტიაა და ა. შ. ბუნებრივია, ეს ჩვენთვის იყო სასიამოვნო და ბუნებრივია, უკვე ველოდებოდით შეხვედრაზე შემოთავაზებას, ისევე, როგორც ივანიშვილის მიერ, იმედის მომცემად გამოცხადებული თავისუფალი დემოკრატები და ირაკლი ალასანია ელოდებოდნენ ივანიშვილისაგან შეხვედრის  შეთავაზებას.

სრულიად ნათელი არის ამ ორ პარტიასთან ივანიშვილს აქვს სურვილი სერიოზული სტრატეგიული პოლიტიკური თანამშრომლობის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში. რა ხასიათის იქნება ეს კონფიგურაცია, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენ მხოლოდ სამივე მხრიდან, დავადასტურეთ სურვილი, კონსულტაციების შედეგად შევძლოთ ერთიანი ძალის ჩამოყალიბება, სადაც ბუნებრივია, ივანიშვილის ფაქტორი იქნება განმსაზღვრელი და ესეც საინტერესო სიახლე არის ქართულ ოპოზიციურ ფლანგზე. ასევე რესპუბლიკელების და ივანიშვილის შეხვედრაზე, ორივე მხრიდან იყო გაცხადებული და დადასტურებული, რომ ყოველი მომდევნო პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც შესაძლოა მიღებულ იქნას კოალიციაში, სამივე მხარის ერთობლივი შეთანხმებით გადაწყდება.

ალბათ, ივანიშვილთან, როგორც საშინაო ისე საგარეო ორიენტირებზე გექნებოდათ საუბარი. დღეს ხელისუფლება აშკარად ცდილობს ივანიშვილი მიაბას რუსეთს. თუ იყო საუბარი როგორ აპირებს იგი რუსეთთან, დასავლეთთან, ამერიკასთან ურთიერთობას?

- შვიდი ოქტომბრის განცხადებაში მას აქვს ფორმულა, რომ გავაღრმაოთ ურთიერთობა ევროპასთან, ამერიკასთან და დავალაგოთ რუსეთთან. ეს მიდგომა რესპუბლიკელებისთვის ბუნებრივია. ჩვენ მრავალი წელია გვაქვს დასავლური არჩევანი და გვესმის, რომ რუსეთი რეალობაა და სახიფათო მეზობელია და მასთან ურთიერთობები მოსაწესრიგებელია და ეს აბზაცი იყო მის პირველ განცხადებაში, რაც გვაიმედებდა რომ ამ თემაზე მასთან შეიძლება საუბარი. ჩვენ შევეხეთ ამ თემას, მაგრამ არ ჩავღრმავებივართ, რადგან ეს მიდგომა ორივესთვის ჩვეულებრივი და მისაღებია. თუმცა ძალიან კარგად გვესმის, რომ რა დევს კონკრეტულად ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავებაში, ეს ჩამოსაყალიბებელია კონსულტაციების პროცესში. ანუ, რა სვლით ვუახლოვდებით, როგორ ვუახლოვდებით ევროკავშირს - დემოკრატიული სტანდარტით, ეკონომიკური რეფორმით, არასინგაპურული მიმართულებით და ა. შ.

ასევე, იგივეს გავიმეორებ ამერიკასთან დაკავშირებით და რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციით ფონს, რომ ვერ გავალთ, ამაშიც შეთანხმებული ვართ. უფრო ღრმად ამ თემაზე არ გვისაუბრია.

სხვათაშორის, გია თორთლაძემ დაუსვა შეკითხვა ივანიშვილს, რას ფიქრობს იგი საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე. მართალია, ნატოს კარი ჩვენთვის დიდი ხნით არის მიხურული, მაგრამ იყო თუ არა ეს თემა თქვენს შორის განხილვის საგანი?

- კონკრეტულად, ნატოზე არ გვისაუბრია, ჩვენ რეალური პოლიტიკის კონტექსტში ვართ, რესპუბლიკური პარტიისთვის ევროატლანტიკური არჩევანი დეკლარირებულია იმ დროიდან, როცა თორთლაძეს წარმოდგენა არ ჰქონდა ამ თემებზე და საერთოდ, გია თორთლაძის მიერ დასმული კითხვები ღიმილის მომგვრელია, ასეთ პოლიტიკურ სუბიექტს ქართული საზოგადოება არ იცნობს. გია თორთლაძის პარტიამ ხელისუფლების ხელშეწყობით მიიღო მონაწილეობა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში და ერთი პროცენტიც ვერ აიღო. როცა ლაპარაკია ევროპასთან, ამერიკასთან ურთიერთობის გაღრმავებაზე, ამ კონტექსტში, ბუნებრივია, სამომავლოდ დაისმევა საკითხები, მაგრამ ხელოვნური მექანიზმების, ხელოვნური ბარიერების დადება რაიმე შეთანხმებისთვის, შეთანხმების საწინააღმდეგოდ, ბუნებრივია, ჩვენს ინტერესში არ შედის. მას ამ თემაზე არ უთქვამს და პირველი შეხვედრისთვის, ჩვენთვის ეს არ იყო აქტუალური. სამწუხაროდ სააკაშვილის მმართველობის დროს, საქართველო ბევრად უფრო დაშორდა ნატოს, ვიდრე ეს იყო თუნდაც ათეული წლის წინ.

არის ეჭვი, რომ ხელისფლება, შესაძლოა, ივანიშვილის დეპორტაციასაც არ მოერიდოს, რამდენად რეალურია ამის საფრთხე.

- ხელისუფლება ძალიან შეშფოთებულია, გასაგებია, პირველი შეფასებები, რომ ივანიშვილი ბიძინა კი არა ბორისია, რომ რუსულ საქმეს აკეთებს, რომ რუსი მოდის, ეს არ იყო გამსვლელი თემები, ხელისუფლებამ ამით წააგო. ამდენი წლის განმავლობაში, ამ ხელისუფლების მიერაც აღიარებულია ქველმოქმედი ქართველი ბიზნესმენი და უცებ, ბიძინა ივანიშვიზე ძალიან მაღალი რეიტინგის მქონე ადამიანზე თქვა უი, თურმე ის რუსი ყოფილა, მაშინ, როცა მართლა რუსეთის მოქალაქეები და მართლა პუტინის ხელისუფლებაში ნაშოვნი ფულის მქონე ადამიანები, იქნება ეს შარანგიები, ნაყოფია და შორს რომ არ წავიდეთ, მისი ალალი გამზრდელი ბიძა თემურ ალასანია რეალურად, რუსული კაპიტალის და სახელისუფლებო კაპიტალის მფლობელები არიან, სააკაშვილის მხრიდან - ჩემი რუსი კაია, მაგრამ ვინც ჩემთან არ ხართ, ცუდი ხართ, - არ გამოვა ეს. რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატების კეთილგანწყობის, სტრატეგიული პარტნიორობის შეთავაზების მოტივებში, არ ვფიქრობ, რომ განმსაზღვრელი იყო ეს პროდასავლური ძალები ფარად გამოეყენებინა ივანიშვილს, თუმცა ესეც წაადგება. ძნელია რესპუბლიკელებს დაგვაბრალო ანტიდასავლურობა. რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, მე ვფიქრობ ხელისუფლება ცდილობს პოლიტიკური სტარტი შეუფერხოს ბიძინა ივანიშვილს. საქართველოს მოქალაქე თუ არ არის ადამიანი, მას პოლიტიკური საქმიანობის უფლება უშუალოდ და პირადად არ აქვს. შესაბამისად, პოლიტიკური ძალის  ფინანსური უზრუნველყოფა შეიძლება შეფერხებული აღმოჩნდეს.

ის, რომ პროკურატურამ და პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ თქვეს „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტამდე გადარიცხვები უნდა შემოწმდეს, ეს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების კომპლექსი და შიშია. მე ამ თემაზე შემიძლია გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მიაჩნია რაიმე სერიოზულ, დამაბრკოლებელ ფაქტორად ხელისუფლების მცდელობა, რომ მას ჩამოართვას მოქალაქეობა და პოლიტიკური საქმიანობის შესაძლებლობა. თუმცა ვვარაუდობ, ხელისუფლება მისი პოლიტიკური სტარტის შეშლას ცდილობს ამ პროცესით.

სააკაშვილმა უკვე გადაიხადა პოლიტიკური ფასი. ივანიშვილის გამოცხადება არა ქართველად, არა საქართველოს მოქალაქედ, მისი პოლიტიკური საქმიანობის ხელოვნური აკრძალვა, ყველას მიერ აღქმული არის, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორება და ხელისუფლება ბუნებრივია, მის მიმართ ნეიტრალურად, ორჭოფულად განწყობილ ამომრჩეველს და შესაძლოა, ჯერ კიდე შერჩენილ ამომრჩეველთა საკმაო ნაწილსაც კარგავს.

ივანიშვილს, ალბათ, უკვე აქვსკონტრნაბიჯები მოფიქრებული.

ჩვენ არ ჩავღრმავებივართ ამ საკითხებს, მას ამაზე ნაფიქრი აქვს და გამოჩნდა კიდეც საუბრის დროს, რომ კონტრნაბიჯებზეც ფიქრობს. საკმაოდ ღიად გესაუბრებით, თუმცა იყო შეხვედრაზე ისეთი ასპექტები, ნიუანსები, რომელზეც ჯერჯერობით, ღიად საუბარი ნაადრევია. მოკლედ შემიძლია გიპასუხოთ - ბევრ რამეზე აქვს პასუხები და ბევრ რამეზე აქვს მოსაფიქრებელი საპასუხო ნაბიჯები.

მას შემდეგ, რაც „ექვსიანი“ დაიშალა მედიაში კიდევ ერთი განხილვის თემა გახდა რესპუბლიკელების და ირაკლი ალასანიას თანამშრომლობის საკითხი.

ეს სამთა კავშირი თუ, პოლიტიკური სამეული თუ შეიქმნება, მაშინ ირაკლი ალასანიას შესაძლებობებსაც მე უკეთ დავინახავდი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ვიდრე აქამდე იყო. იმიტომ, რომ ხანდახან გვსაყვედურობენ, რომ ირაკლი იყო „ალიანსის“ ლიდერი და დაშალა, „ექვსეულის“ არაფორმალური ლიდერობის შანსის მქონე  და დაშალა. სრულიად გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილის და მისი პოლიტიკური პარტნიორების კოალიციაში ლიდერი ივანიშვილი იქნება და მე მგონი, ლიდერის ტვირთისგან გათავისუფლებული ირაკლი ალასანია პოლიტიკურ სივრცეში უკეთესი იქნება, ამ შემთხვევაში, მეტი შანსი ექნება მისი შესაძლებლობები  პოლიტიკური უნარი უფრო ადეკვატურად გამოამჟღავნოს.

ეროსი კიწმარიშვილი ირწმუნება, რომ ივანიშვილს და ოქრუაშვილს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაც უარყო ივანიშვილის პრესსამსახურმა. ამის პარალელურად, ვრცელდებავიკილიქსის“  მასალებიც, სადაც საუბარია, რომ  ოქრუაშვილთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშლი და ლევან ბერძენიშვილი. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაციები სიმართლეს?

- რესპუბლიკელებთან დაკავშირებით, ეს ძალიან ძველი ამბებია, თანამშრომლობის შესაძლებლობა აქამდე არ მისულა. ეს ეხება 2007 წლის აგვისტო-სექტემბრის  მოვლენებს, როცა ოქრუაშვილმა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის შექმნაზე განაცხადი გააკეთა, რასაც მოყვა ოქრუაშვილის დაპატიმრება, ცნობილი გამოსვლა ტელევიზიით და მისი ქვეყნიდან წასვლა. ასე რომ, აქტუალური არ არის და ამ პოლიტიკურ პროცესთან  არავითარი კავშირი არ აქვს. საერთოდ, „ქართულ პარტიასთან“ და ყველა იმ პარტიათა ჩამონათვალში, ვისთან იგი არ აპირებს თანამშრომლობას, ივანიშვილმნა დაადასტურა მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება. ირაკლი ოქრუაშვილის შესაძლებლობა არა თუ არ განხილულა, წარმოუდგენელი იქნებოდა ჩვენს შეხვედრაზე ამაზე რაიმე საუბარი ან მინიშნებაც ყოფილიყო.

ფორუმზე თუ იყო საუბარი?

არ იყო საუბარი, ჩვენ არ ჩავძიებივართ და ცალკეული პოლიტიკური პარტიების მიმართ მის დამოკიდებულებაზე არ მოგვითხოვია მისგან პოზიციების დაფიქსირება. ეს არ იქნებოდა კორექტული. რაკი ჩვენ ძალიან მალე შევთანხმდით, რომ თუ ჩვენი კონსულტაციები მიგვიყვანდა სერიოზული პოლიტიკური ერთიანი ძალის ჩამოყალიბებამდე, მაშინ, ეს სამი სუბიექტი შეთანხმებულად მიიღებდა გადაწყვეტილებას გაფართოვდეს თუ არ გაფართოვდეს.

ბიძინა ივანიშვილის აპირებს პარტიის შექმნას, თუმცა ჯერ არ დასახელებულა ის ადამიანები, ვინც შეიძლება მის გუნდში მოიაზრებოდნენ. არის საუბრები, რომ შესაძლოა, ვადამდელი არჩევნებიც კი დაინიშნოს და ვერ ვიტყვით, რომ ივანიშვილს მოსამზადებლად ბევრი დრო აქვს. როდის აპირებს პარტიის შექმნას?

- პერსონალიებზე არ ყოფილა საუბარი, ამასთანავე, შესაძლებლობა არის რამდენიმე - რა ტიპის კონფიგურაცია შეიძლება მივიღოთ. ერთი ვერსია არის, რომ მოძრაობა შიქმნას, სადაც იქნებიან რსპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები და შესაძლოა, კიდევ სხვა პარტია და ასევე, ცალკეული პირები და ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლები, ექსპერტები. მეორე ვერსია არის - ბიძინა ივანიშვილი ქმნის პარტიას, რომლის პარტნიორები შეიძლება აღმოჩნდნენ რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები და ასევე, შესაძლოა კიდევ სხვა პარტია.

კონფიგურაციაზე დაზუსტება არ ყოფილა, რადგან ეს კავშირში არის სხვა ფაქტორებთანაც, იგივე მოქლაქეობასთან, პოლიტიკური საქმიანობის ოფიციალურად წარმოების შესაძლებლობასთან და ამ ძალის ფინანსურ უზრუნველყოფასთან. ყველაფერ ამაზეა დამოკიდებული, რა კონფიგურაციის იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალა. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მისთვის მთავარია შეთანხმება და დეკლარირება შესაძლო პარტნიორებთან პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებაზე. მისი სტრუქტურირების ფორმები ნაკლებ პრობლემატური იქნება ამ შემთხვევაში. ვერსიები განიხილება და იმ კონკრეტულ ვითარებაში, რომელი ვერსიაც იქნება უფრო ადეკვატური, ის ვერსია იქნება მიღებული.

ივანიშვილის პოლიტიკურ ველზე შემოჭრა საკმაოდ უხეში იყო, ეს რა იყო კარგად გათვლილი პიარი თუ ეს არის თავად ბიძინა ივანიშვილი, ის ყოველთვის ასეთი იქნება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ?

- ორსაათიანი შეხვედრით, ბუნებრივია ვერ შევიძენდი სერიოზული ფსიქოლოგის კვაიფიკაციას. ამიტომ თავს შევიკავებ რაიმე ჩემეული ვერსიის შემოთავაზებისაგან. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ის მიზანმიმართულად აპირებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დეკლარირებული ამოცანების გადაჭრას. განსხვავებით ოთხი წლის წინანდელი პერიოდისგან, როცა ბადრი პატარკაციშვილი ასევე უზარმაზარი ფინანსური და მედიასაშუალების მიუხედავად მაინც ვერ გახდა პოლიტიკური ლიდერი. მაშინ, პოლიტიკური ოპოზიციური ჯგუფები და პერსონალიები ავსებდნენ ოპოზიციურ პოლიტიკურ ველს, უფრო ძლიერი ვიყავით და ბადრი პატარკაციშვილი აღმოჩნდა სხვა სიტუაციაში მიუხედავად მისი შესაძლებლობებისა.    

მას მერე რამდენიმე მცდელობა ალტერნატიული ცენტრის შექმნისა, წარუმატებლად დასრულდა, ბოლო ასეთი წარუმატებლობა იყო ის მბჟუტავი იმედები რაც „ექვსიანს“ უკავშირდებოდა. ამ დროს ბიძინა ივანიშვილის ამ განაცხადით პოლიტიკურ მინდორზე შემოსვლა, მას გაცილებით უკეთეს სასტარტო პირობებში ამყოფებს, ვიდრე ბადრი პატარკაციშვილი იყო 2007 წლის შემოდგომაზე. მას აქვს უკვე შესაძლებლობა პოლიტიკური კომფორტის, რომ თვითონ შესთავაზოს პოლიტიკური პარტნიორობა იმ ძალებას, ვისაც მიიჩნევს მისთვის სასარგებლოდ.

2007 წლის 7 ნოემბრამდე საქართველო სააკაშვილის პირობებში იყო ადამიანის უფლებების შემზღუდავი, დემოკრატიული ინსტიტუტების შემზღუდავი, მაგრამ სხვა სფეროებში - საგადასახადო წესრიგით, საერთაშორისო მხარდაჭერით და ა.შ. განვითარების სტადიაში მყოფ სახელმწიფოდ იყო მიჩნეული. 7 ნოემბრის შემდეგ, ორი გაყალბებული არჩევნების, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს დღევანდელი რეჟიმი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის სახიფათო რეჟიმი. სააკაშვილს არ აქვს რესურსი საქართველოს სახელმწიფოს გადარჩენის, პირიქით, მისი მმართველობის სტილი და მაღალი ალბათობით შესაძლო ჩაბეტონება,  ივანიშვილის გამოჩენამდე, საქართველოს სახელმწიფოებრიობას უქმნიდა საფრთხეს. დღეს ამ თვალსაზრისით, ასეთი საპირწონეს გამოჩენა, ბუნებრივია, ქმნის სერიოზულ შანსებს სახელისუფლებო ძალის დასუსტებისა და არჩევნების გზით მისი დამარცხებისა. ხელისუფლებისთვის ესეც ერთ-ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორია, რომ ბიძინა ივანიშვილს დეკლარირებული აქვს საპარლამენტო არჩევნების გზით ცვლილება, რაც რესპუბლკიკელებისთვის მნიშვნელოვანია.   

შესაძლოა, ობიექტური მოცემულობა ხელს უწყობს ივანიშვილს, მაგრამ პიროვნულად რამდენად ძლიერი იქნება ის სააკაშვილთან ბრძოლაში?  

- მე მგონი, სააკაშვილთან ბრძოლაში საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობაა ძლიერი ადამიანი. მე ვიცნობ სააკაშვილს და მას, როგორც უშიშარ ადამიანს მე ვერ დავახასიათებ და არ გვინდა ახლა, ომის საჯარო კადრების გახსენება.

ამ შემთხვევაში, სააკაშვილის რეჟიმს ვგულისხმობ ...

- მან დატოვა ჩემზე შთაბეჭდილება მობილიზებული, ძლიერი  პიროვნებისა. ის არ არის ვიღაც ინტელექტუალებზე დაყრდნობილი ფულისმკეთებელი სუსტი  კაცი. პირიქით, შთაბეჭდილება რჩება, რომ ელაპარაკები რეალობის, საფრთხის სრული განცდის მქონე ადამიანს. რაც ეს დაპატიმრებები დაიწყო, კიდევ უფრო გაძლიერდება რეპრესიები მის წინააღმდეგ, მაგრამ მას გაცნობიერებული აქვს ეს ყველაფერი.