ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს მისგან მოწონებული და დაწუნებული პოლიტიკოსებისაგან განსხვავებული რეაგირება მოჰყვა თუმცა, ყველაზე ექსცენტრული მაინც ხელისუფლების ქმედება იყო - ბიზნესმენს, რომელიც თურმე საქართველოდან 4 წელია არ გასულა (ამას მისი პირადი ადვოკატი ეკა ბესელია ამბობს) საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორს, კახა კახიშვილს ბიძინა ივანიშვილის გააქტიურების შემდეგ შექმნილ ქართულ პოლიტიკურ რეალობაზე ვესაუბეთ;
- არსებული პოლიტიკური შტილის და უიმედობის ფონზე, პოლიტიკურ სივრცეში ნებისმიერი აქტიურობა მისასალმებელია. მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩდა გავლენიანი და ფინანსურად უზრუნველყოფილი ფიგურა, რომელსაც საკმაო მატერიალური რესურსი გააჩნია თავისი პოლიტიკური პარტიის დასაფინანსებლად. მეორე მხრივ, ასეთ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც 2012 და 2013 წელს საქართველოს ისტორიული არჩევნები ელოდება, შეცდომის დაშვების უფლება არა აქვს არც ერთ პოლიტიკოსს, მით უმეტეს ისეთს, რომელსაც ხალხი ენდობა და მასზე დიდ იმედებს ამყარებს. თუ ბიზნესმენ ივანიშვილს რაღაც შეცდომები შეიძლება ეპატიოს, პოლიტიკოს ივანიშვილს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. ისეთ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ხალხის მხრიდან ცალსახა ნდობა აღარ აქვთ, კიდევ ერთი პოლიტიკური შეცდომა საერთოდ გააქარწყლებს ხალხის იმედებს და ხელისუფლებას გაამყარებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გამოცდილება, როდესაც ნებისმიერი პოლიტიკური გამარჯვების შემდეგ, ხელისუფლება ბევრად უაპელაციო და მკაცრი ხდება ხალხის მიმართ.
თავის განცხადებაში ივანიშვილმა ფაქტობრივად ქართული საზოგადოება გაყო. რამდენად წაადგება მას ასეთი ხისტი შეფასებები?
- ვფიქრობ, ივანიშვილის ორივე განცხადება ზედმეტად რადიკალურია და ბევრ კითხვას ბადებს. იმ ადამიანისგან, რომელიც პოლიტიკაში თავის დამკვიდრებას აპირებს მედიაზე, პოლიტოლოგებზე და ჟურნალისტებზე თავდასხმა სასურველ შედეგს არ მოიტანს, ვერც პიარის თვალსაზრისით და ვერც პოლიტიკურად. ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსის ამოცანა უნდა იყოს ხელისუფლების მხარდამჭერების გადმობირება და მათი საარჩევნო ხმების მოპოვება და არა კონფრონტაცია, მტრების შეგროვება ოპოზიციურ სივრცეში დამკვიდრებულ პარტიებში ან - სამოქალაქო სექტორში და ჟურნალისტებში. ივანიშვილს უფრო დელიკატურადაც შეეძლო იმის თქმა, რაც სურდა. ვფიქრობ, პოლიტიკაში თავის დამკვიდრების ენა მეტად დიპლომატიური უნდა იყოს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბატონი ივანიშვილის მიმართაც არსებობს ბევრი კითხვა. თუნდაც ის, რატომ დახურა მეცხრე არხი და კიდევ ბევრი სხვა. მიმაჩნია, რომ ივანიშვილს პრინციპული და შეუპოვარი პოზიცია უფრო ხელისუფლების მიმართ უნდა ჰქონდეს.
ბევრს გაუჩნდა კითხვა, - ხომ არ გადის ივანიშვილი იმავე გზას, რაც პატარკაციშვილმა გაიარა.
- პოლიტიკოსობა ძალიან რთული და რისკიანი პროფესიაა, მით უმეტეს საქართველოში, სადაც საერთოდ არ არსებობს აკრძალული ილეთებისა და მოქმედებების ნუსხა, განსხვავებით ბიზნეს-გარემოსაგან, სადაც მეტ-ნაკლებად თამაშის რაღაც წესები გაწერილია და მოქმედებებიც - რეგლამენტირებული. თავის დროზე არც ბატონ ბადრი პატარკაციშვილს ეგონა, რომ შეცდომებს დაუშვებდა, მაგრამ მიუხედავად ბიზნესის კეთების ნიჭისა, პატარკაციშვილმა პოლიტიკაში შეცდომები დაუშვა, რაც ძვირად დაუჯდა მას, მისი ოჯახის წევრებს და ახლობლებს, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიტიკურ ვითარების დამძიმებაზე.
ბატონ ბიძინა ივანიშვილს წარმატებებს და სიფრთხილეს ვისურვებ როგორც გადაწყვეტილებების მიღების დროს, ისე - გუნდის ჩამოყალიბებისას.
რას ელით ივანიშვილის დაწუნებული პოლიტიკოსებისა და ხელისუფლებისგან? საგულისხმოა, რომ ედუარდ შევარდნაძემ ივანიშვილს დაცვის გაძლიერება ურჩია.
- რეაქცია ძალიან მკაცრი იქნება. ხელისუფლება გამოიყენებს ყველანაირ მეთოდებსა და ხერხებს, რათა ბატონი ივანიშვილის პოლიტიკური აქტიურობა გაანეიტრალოს, ამიტომაც საჭიროა სიფრთხილე, ვინაიდან მარცხის შემთხვევაში როგორც პოლიტიკური, ისე სოციალური ვითარება მკვეთრად გაუარესდება და შესაძლოა შუქის გადასახადი ნაგავზე მიბმა ტკბილ მოგონებად დაგვჩეს.
მთელი ეს აჟიოტაჟი, შესაძლოა მართლაც ფუჭი აღმოჩნდეს, რადგან ხელისუფლება ამბობს, ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არ არისო. ეს ივანიშვილს პოლიტიკურ აქტიურობას უზღუდავს.
- საბუთების შესწავლის გარეშე ზუსტი პასუხის გაცემა ცოტა რთულია, შემიძლია ვიმსჯელო მხოლოდ იმ მასალებით, რომლებიც ცნობილი გახდა მასმედიის საშუალებით. საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, პირი ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. მეორე საკითხია, რატომ დაარღვია სახელმწიფო დაწესებულებამ კანონით დადგენილი პროცედურები, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქის ინფორმირებას მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული მოქმედებების შესახებ და ამ მოქმედებების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების დროულად ჩაბარებას.
არის კიდევ მეორე გარემოება, რომელიც შემოგვთავაზა ბატონი ბიძინას პრესსამსახურმა, სადაც მითითებულია, რომ ბატონმა ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ მიმართა პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე, რაც პრეზიდენტის მხრიდან დაკმაყოფილებული იქნა. ასეთ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს მხრიდან მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება არ ეფუძნება სამართლებრივ ნორმებს და მისი გასაჩივრება და შედეგის მიღწევა ძალიან მარტივია, ერთადერთი, საჭიროა კვალიფიციური სარჩელის მომზადება და იმ დოკუმენტაციის წარდგენა სასამართლოში, რომელიც ადასტურებს საფრანგეთის მოქალაქისთვის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას.
ივანიშვილს გათვლილი არ უნდა ჰქონოდა ხელისუფლების სავარაუდო რეაქცია, როდესაც რუსეთის და საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა?
- ვერ გეტყვით, გათვალა თუ არა ივანიშვილმა ხელისუფლების მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ტიპის მოქმედებები გაგრძელდება და იმიტომაც საჭიროა სიფხიზლე და სტატეგიული გათვლები, რაც წესით ასეთი დონის ბიზნესმენს არ უნდა ეშლებოდეს, მაგრამ ვიმეორებ ბიზნესი - ბიზნესია, პოლიტიკა - პოლიტიკაა.
ერთი რამ შემიძლია ავღნიშნო: იმ შემთხვევაში, თუ არ გაირკვა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი, ის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით, ვერც პარტიას შექმნის და ვერც სხვა პოლიტიკურ პარტიას დააფინანსებს.
რას შეცვლის საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა?
- დღეს საქართველოში ძალიან მძიმე პოლიტიკური და სოციალური ვითარებაა, საერთოდ არ არის არანაირი ბალანსი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რაც თავისთავად ხელისუფლებას აძლევს სრულ კარტ ბლანშს გადაწყვეტილების მიღებისას. ის მიიჩნევს, რომ არავისთან არ არის ანგარიშვალდებული, მით უმეტეს დღევანდელი პარლამენტისადმი, სადაც ერთ პარტიას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ისე, რომ რამე ქმედითი პროტესტი მის გადაწყვეტილებას არ მოჰყვეს. ეს თავისთავად ამძიმებს როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ ვითარებას. ასეთ შემთხვევაში, ძლიერი ოპოზიციური ძალის გამოჩენა ქვეყნის განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოახერხებს თუ არა ბატონი ბიძინა ძლიერი მოძრაობის შექმნას - ვერ გეტყვით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, შეცდომის დაშვების უფლება მას არა აქვს.