ბაკურ კვეზერელს პარლამენტში მერამდენედ იბარებენ, სათვალავი თავადაც აერია და დეპუტატებსაც. ასე რომ, ჯობს, მინისტრს იქვე გამოუყონ კაბინეტი, რომ სწრაფადვე შედგეს ოპოზიციონერთა და მთავრობის წარმომადგენლის დაპირსიპირება.
საპარლამენტო ოპოზიცია სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელს პარლამენტში იბარებს. ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” 19 ოქტომბერს ბაკურ კვეზერელს ფრაქციის სხდომაზე ელოდება. ფრაქციის თავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, მინისტრი კვეზერელი სხდომაზე რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით არის დაბარებული, კერძოდ, ჰიბრიდული სიმინდის პროგრამაზე, სარწყავ-სამელიორაციო სისტემების განვითარებაზე და პრობლემებზე და ამერიკული პეპელის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამაზე.
“მინისტრ ბაკურ კვეზერელს ვურჩევთ არ დაადგეს დიმიტრი შაშკინის გზას, რომელიც ფრაქციაში გვყავდა დაბარებული და არ მოვიდა. თუ კვეზერელი ფრაქციის სხდომაზე არ მოვა, ის დაარღვევს კანონს. აგრარული მთავრობა ნალიის მთავრობას დაემსგავსა, თუმცა,იმ ნალიაში ჰიბრიდული სიმინდის ერთი ტაროც კი არ არის”, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, 2012 წლის ბიუჯეტის პროექტში სოფლის მეურნეობის დაფინანსება 10 მილიონი ლარით არის შემცირებული.
ვის ნალიაშიც ასე თუ ისე მოიპოვება ჰიბრიდული სიმინდის ტაროები, იმას სხვა პრობლემა აქვს. საქმე ისაა, რომ უცხოური ჯიშის სიმინდი სახლის პირობებში არ ინახება და გლეხებს მისი შენახვა სპეციალურ საცავებში საკმაოდ მაღალი ტარიფით უწევთ. მოსავლის დაბინავება კი ქართველი გლეხებისთვის მორიგი თავსატეხი აღმოჩნდა.
მართალია, ამ მიზნით მთავრობამ სპეციალური საწყობები შექმნა, მაგრამ იქ მოწეული მოსავლის შენახვა ძვირი ჯდება, რის შესაძლებლობაც მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს. 1 კგ სიმიდის შენახვისთვის გადასახადი 8 თეთრით განისაზღვრება, რაც ნიშნავს, რომ 1 ტონა მოსავლის დასაბინავებლად გლეხს სულ მცირე 80 ლარის გაღება მოუწევს.
ამასთან, ყოველ მომდევნო თვეში შენახვის ხარჯი 1 თეთრის ოდენობით იზრდება.
ამ ეტაპზე 1 კგ ჰიბრიდული სიმინდი 0,50-0,55 ლარი ღირს,სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 3-4 თვეში მის ფასი0,90-1 ლარამდე მოიმატებს.
კვეზერელს კი პარლამენტში მისასვლელად აბა სად სცალია, როცა მეტად საჭირბოროტო საკითხის კვლევით არის დაკავებული. მინისტრი პოტენციურ ინვესტორებთან ერთად ნუშისა და მოცვის ბაღებს აკვირედება.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში კაკალის, ნუშის, ციტრუსისა და მოცვის წარმოება მოხდება. საწყისს ეტაპზე პროგრამა ამ კულტურების სადემონსტრაციო ნაკვეთების გაშენებას ითვალისწინებს.
როგორც კვეზერელი განმარტავს, კაკლის სადემონსტრაციო ბაღები ახმეტაში, ხოლო ნუშის სადემოსნტრაციო ბაღები დედოფლისწაროში გაშენდება. პროგრამის განხორციელების შემდგომ, სამინისტრო და სოფლის მეურნეობის კორპორაცია ინვესტორის მოძებნას დაიწყებენ. “ინვესტორებმა ჯერ უნდა დაინახონ, რომ ეს კულტურები ჩვენთან მოდის და ამის შემდეგ დავიწყებთ ინვესტორების მოძიებას. გეტყვით, რომ მოცვის სადემონსტრაციო ბაღის გაშენების შემდგომ იქ უკვე ინვესტორი შემოგვყავს”, - განაცხადა ბაკურ კვეზერელმა და ერთი შეხედვით რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ახალგაზრდა კაცს ასეთი “მფრინავი იდეებისა” მართლაც სჯერა.