სავალუტო ფონდი პენსიების საყოველთაო ზრდას ალმაცერად უყურებს

სავალუტო ფონდი პენსიების საყოველთაო ზრდას ალმაცერად უყურებს


საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვიზიტი მიმდინარეობს და ამაში თითქოს უჩვეულო არაფერია. სსფ-ს მისია დრო და დრო ჩამოდის ხოლმე ქვეყანაში და გარკვეულ რეკომენდაციებს იძლევა. უჩვეულო ერთი რეკომენდაციის  მაგვარი ფრაზა აღმოჩნდა, რომელიც ფონდის წარმომადგენელმა ედუარდ გარდნერმა მთავრობის მისამართით წარმოთქვა.

გარდნერი მთავრობას პენსიის მატებისას სოციალური ფაქტორის გათვალისწინებას ურჩევს და აცხადებს, რომ პენსიის მატების შემთხვევაში აქცენტები სწორედ სოციალურად დაუცველ ფენაზე უნდა გაკეთდეს. “მთავრობამ სამომავლოდ პენსიების გაზრდისას ის წყაროები, რაც ამისთვის სჭირდება, მიზნობრივად უნდა დახარჯოს, ანუ დააფინანსოს ისინი, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, ნაცვლად საყოველთაო ზრდისა, რაც ქვეყანას საკმაოდ ძვირი უჯდება”, - აღნიშნა გარდნერმა.

რას ნიშნავს ეს ყოველივე? ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ მომავალში პენსია მხოლოდ სოციალურად დაუცველებს გაეზრდებათ და “ნანატრ” 100-დოლარიან პენსიასაც მხოლოდ მათთვის გაიმეტებენ?

საქართველოს მთავრობა მისთვის სასურველ “საერთაშორისო რჩევებს” დიდი ყურადღებას უთმობს. ესეც არ იყოს, ბოლო პერიოდში ხელისუფლება აქცენტს მხოლოდ სოციალურად დაუცველებზე აკეთებს, თითქოს სხვა კატეგორიის მოქალაქეები ამ ქვეყანაში დალხინებულად ცხოვრობდნენ. თანაც სოციალურად დაუცველები რამდენიმე ათეული ათასია და მათი დახმარება ბიუჯეტს უფრო იაფი უჯდება, ვიდრე ყველა პენსიონერის.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ასაკით პენსიონერებს მინიმალური პენსია 100 ლარამდე სექტემბერში გაიზარდა. მანამდე კი 100-ლარიანი პენსია მხოლოდ თბილისელებს ჰქონდათ. პენსიის ზრდა 80-დან 100 ლარამდე მოხდა, რაც ბიუჯეტს ყოველთვიურად დამატებით 14 მლნ ლარი უჯდება. 2011 წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ხანდაზმულობის პენსია 662 978 ადამიანმა მიიღო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 56 მლნ ლარი დაიხარჯა.

პენსიის სოციალური სტატუსის მიხედვით მატებას წარმოუდგენელს უწოდებენ ეკონომიკის ექსპერტები და მიაჩნიათ, რომ ამის გაკეთება მინიმუმ ტექნიკურადაა შეუძლებელი. რაც შეეხება პენსიონერების სოციალური სტატუსის მიხედვით დაყოფას, ექსპერტები ამას არასამართლიანს და დისკრიმინაციულს უწოდებენ.

“შეუძლებელია, რომ პენსია ადამიანს იმის მიხედვით გაეზარდოს თუ რა სოციალური სტატუსი გააჩნია მას. გამოდის, რომ ასეთი შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ დისკრიმინაციულ საპენსიო პროექტს, რაც კარგი ნამდვილად არ არის. პენსიას ადამიანი იღებს იმისთვის, რომ მან წლების განმავლობაში იშრომა. პენსიის გაზრდის შემთხვევაში კი ადამიანს უარი იმის გამო არ უნდა ეთქვას, რომ მისი ოჯახის წევრებს შემოსავალი აქვთ.

ასე რომ, ხელისუფლება გარდნერის რჩევას ვერ გაითვალისწინებს, რადგან ჩვენ გვაქვს ერთი საპენსიო ბადე და პენსიის მატება ერთნაირად ხდება. ეს ტექნიკურადაც შეუძლებელია და სოციალურადაც მიუღებელია.

ასეთი რჩევის უკან კი ბიუჯტიდან თანხების გადინების გაზრდა დგას. როდესაც გაიზარდა პენსია, რა თქმა უნდა, მიმოქცევაში უფრო მეტი ფული გავიდა.  ფულის მასის მიმოქცევაში გასვლა კი თითქმის ყოველთვის ინფლაციურ პროცესებზე ნეგატიურად აისახება. გარდნერის რჩევაც, შესაძლოა, სწორედ ამას უკავშირდებოდეს”, - აღნიშნა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ.
სსფ-ს ვიზიტი 17 ოქტომბერს სრულდება და ამ დროისათვის დანამდვილებით დაზუსტდება მისცა თუ არა ფონდმა მთავრობას პენსიების თაობაზე რეკომენდაცია.