რუსთავის რესტორნების მეპატრონეები „ვაზის ცრემლებით“ ტირიან

რუსთავის რესტორნების მეპატრონეები „ვაზის ცრემლებით“ ტირიან

„ყურძნის 80% სრულად ათვისებული და დაბინავებულია” - უთხრა 11 ოქტომბერს „რუსთავი-2-ს” კახეთის გუბერნატორმა, გიორგი ღვინიაშვილმა. 

ყურძნის „ათვისების” საქმეში საკუთარი ნებით, თუ - „რთველი 2011-ის” წარმატებით დასრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების იძულებით, თავისი დიდი წვლილი, რუსთავის რეტორნებმაც შეიტანეს.

ქალაქის რეტორნები უკვე მეორე წელია ტონობით ყურძენს ყიდულობენ. კახეთიდან ყურძნის მოზიდვის შემდეგ თითო-კილოობით ყიდიან. გამართლებაა, თუ რომელიმე მათგანი ქარხანას მოძებნის და ყურძენს პირდაპირ ჩააბარებს.

ამ თემაზე საუბარს რუსთავში მოქმედი რესტორნების დიდი ნაწილი გაურბის. ხოლო ის, ვინც საუბრობს, ამბობს, რომ ტონობით ყურძენი საკუთარი სურვილით იყიდა.

„მე გახლავართ რუსთავში მოქმედი „მადაგონის” ორი რესტორნის წარმომადგენელი. წელს, 25 ტონა ყურძენი ვიყიდეთ. არავის დაუძალებია გვჭირდებოდა და წარმოვიღეთ. ღვინოს ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ, როდესაც ქელეხს, ან რაიმე სხვა დიდ სუფრას აკეთებენ “ – გვიხსნის რესტორანი „მადაგონის” წარმომადგენელი, ლევან ხიჯაკაძე.

ორივე დაწესებულება, რომელსაც ის მართავს, ქალაქის სხვა რესტორნების მსგავსად, საშუალო დატვირთვისაა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსთავი პატარა ქალაქია და რესტორნების ნაკლებობა არ უჩივის, უნდა ვივარაუდოთ, რომ კლიენტების მოზღვავება არც ერთ მთგანს არ იგრძნობა.

ამის გათვალისწინებით გვაინტერესებდა, თუ რამდენად რეალურად ესახებოდა ბ-ნ ხიჯაკაძეს, 25 ტონა ყურძნის ათვისება. საუბარში კი სულ სხვა საკითხი გამოიკვეთა. აღმოჩნდა, რომ „მადაგონს” საკუთარი ვენახებიც აქვს.

„დიახ, ამ 25 ტონის გარდა ჩვენ კიდევ გვაქვს ყურძენი, რომელსაც ჩვენი ვენახებიდან ვიღებთ. რესტორანს თავის საწნახელიც აქვს” – ამბობს „მადაგონის” წარმომადგენელი. შესაბამისად „მადაგონს” ასათვისებელი 25 ტონაზე მეტი ყურძენი აქვს.

„მაგადონს” წარმატებებს ვუსურვებთ, თუმცა ყურძნის მიმართ მის ასეთ უსაზღვრო ინტერესში დაეჭვების უფლებასაც ვიტოვებთ.

არაოფიციალური ინფორმაციით, რუსთავში მოქმედ რესტორნებს ოც-ოცი ტონა ყურძნის ყიდვა დაავალეს. საქმეში არ ჩართულა ადგილობრივი თვითმმართველობა. პირად საუბრებში ვისმენთ, რომ დავალება თბილისიდან მოვიდა და უწყება, რომლითაც კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს აფრთხობენ, საგადასახდო სამსახურია.

„ჯერ-ჯერობით ჩვენთვის ყურძნის ყიდვა არავის დაუვალებია. სიმართლე გითხრათ, აწი, ვინმემ რომც შემოგვთავაზოს, ვერც ვიყიდით. ჩვენთვის საკმარისი ყურძენი ისედაც გვაქვს. „სავანეს” თავისი აქვს ვენახი და, ზოგადად, ბევრი ღვინო არ გვჭიდება. რაც შეეხება სხვა რესტორნებს, მათ იყიდეს თუ არა, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით “ – გვითხრა რესტორან „სავანეს” მეპატრონემ, კახა შარაშენიძემ.

ვსარგებლობთ შემთხვევით და შარაშენიძისგან, როგორც რესტორნების ბიზნესში გამოცდილი ადამიანისგან, გარკვეულ კოსულტაციას ვიღებთ. კითხვაზე - ჭირდება თუ არა რუსთავში მოქმედ ორ რესტორას 25 ტონა ყურძენი ღვინის დასაყენებლად, შარაშენიძე გვპასუხობს: „ეს საქართველოა... აქ ღვინის საქმეში არავინ გენდობა. დამიჯერეთ, 20-კაციანი სუფრა რომ იშლება, იმათაც საკუთარი ღვინო შემოაქვთ. თუ არ შემოატანინებ, საერთოდ ვერ იმუშავებ. ასევეა ქორწილებზე და სხვა დიდ სუფრებზეც. თითქმის ყველა შემთხვევაში საკუთარი ღვინო მოაქვთ. ჩვენზე დიდი დატვირთვა რუსთავის არც ერთ რესტორანს არ აქვს. მაქსიმუმ, თვეში ასი ლიტრი გაგვეყიდოს“ – ამბობს რესტორან «სავანეს” მეპატრონე.

თუ კახეთის გუბერნატორს დავუჯერებთ, ყურძნის 80% ათვისებულია. ასათვისებელი რჩება 20%. შესაბამისად, ადვილი შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ კახა შარაშენიძე სამშვიდობოს ჯერაც არა არის გასული და მისი „ასათვისებელი” 20 ტონა ყურძენი სწორედ იმ აუთვისებელ 20%-შია.