ეროსი კიწმარიშვილი ხელს ივანიშვილის გარემოცვისკენ იშვერს

ეროსი კიწმარიშვილი ხელს ივანიშვილის გარემოცვისკენ იშვერს

ბიძინა ივანიშვილი “ქართული პარტიის” ერთ-ერთ ლიდერს ეროსი კიწმარიშვილს ფსევდოოპოზიციად ასახელებს. მეტიც, ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტებს კიწმარიშვილის “კლანჭებიდან” გათავისუფლებას სთავაზობს. რატომ გაიყო ყოფილი ბიზნესპარტნიორების გზები და რამ გააღიზიანა ბიძინა ივანიშვილი? ბიზნესმენი, რომელმაც ჯერ კიდევ 2004 წელს ეროსი კიწმარიშვილს ტელეკომპანია მეცხრე არხი აჩუქა და რომელსაც კიწმარიშვილთან ერთად რამდენიმე ბიზნეს-პროექტი აქვს გაკეთებული. თუმცა, თავად კიწმარიშვილი ირწმუნება, რომ ივანიშვილი ირაკლი ოქრუაშვილთან აწარმოებს მოლაპარაკებებს…

 

ეროსი კიწმარიშვილი: ჩემი პასუხი არის მარტივი – მოგწონდა დარდუბალა რომელსაც მე ვაკეთებდი? დღევანდელი „მაესტროც“ მოგწონს და თვლი, რომ ჩემი არსებობა ხელს გიშლის? თვლი, რომ მე ვუშლი ხელს გარემოს გაუმჯობესებას. კარგი, 1 ლარად ვაძლევ, მაგრამ მან საინვესტიციო პირობებზე უნდა მოელაპარაკოს მაესტროს მენეჯმენტს. ეს არის ჩემი მოთხოვნა.

 

ანუ თქვენ თმობთ წილებს, გაქვთ კი წილი?

- მე შემიძლია გარანტია მივცე მართვის კომპანიის ასპროცენტიანი წილის სახელით, რომ ჩემი სიტყვა შესრულებადია. მოვახერხებ დავარწმუნო ჩემი პარტნიორები, მათ შორის - მამუკა ღლონტიც. განცხადებაში ნათქვამის ირგვლივ ორი ვარიანტი შეიძლება ვივარაუდოთ – მე და ბიძინას წარსულში გვქონდა ბიზნესურთიერთობა და შეიძლება რაღაც წყენა არსებობს. ის ჩაკეტილი ადამიანია და არ უთქვამს ამის შესახებ ჩემთვის და ალბათ, მოვა დრო და ამაზედაც ვილაპარაკებთ და მეორე - მის ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებიც, რა თქმა უნდა, შეთქმულების თეორიას სთავაზობენ მას და წარმომაჩენენ ნეგატიურ ადამიანად. მე ვათავისუფლებ ამ „მოედანს“ და ვიწევი გვერდზე. რაც შეეხება პოლიტიკაში ჩემს ყოფნას, არავის გამო არ ვაპირებ უარის თქმას.

 

ამბობთ, რომ ივანიშვილი ხვდება ოქრუაშვილს და მასთან მოლაპარაკებას აწარმოებს. გამორიცხავთ, რომ მან მოითხოვოს პარტნიორობა ქართულ პარტიასთან, ოღონდ თქვენს გარეშე?

- ჩვენი სახელით მინდა ვთქვა, რომ მე, სოზარი, ირაკლი ვართ ადამიანები, რომლებმაც გამოვიარეთ ძალიან დიდი პერიოდი, გვაქვს გამოცდილება და ვართ ერთი მონოლითური პოლიტიკური ძალა. ორი თვე არავინ იცოდა, სად ვიყავი... დავდიოდი და ვემზადებოდი იმისათვის, რომ მიშა უნდა გავუშვათ. ჩვენ მოვამზადეთ ყველაფერი იმისათვის, რომ პარტნიორებთან ერთად გავაკეთოთ საქმე. ვინ იქნებიან პარტნიორები - ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მაინც მივაღწევთ, რომ სააკაშვილს დავამარცხებთ. ხაზს ვუსვამ - ჩვენ გუშინ პირველად გამოვაცხადეთ, რომ მივდივართ არჩევნებზე, თუმცა გახსოვთ, სხვა პოზიციაზე ვიყავით. ჩვენ ყველაფერი მზად გვაქვს ამისათვის, გვაქვს სტრატეგია.

 

რაც ნაკლები იქნება დაძაბულობა შიდა ოპოზიციაში, რაც ნაკლებ დროს დავკარგავთ ერთმანეთში ანგარიშების გარკვევით, მით უფრო კარგია ჩვენთვის იმიტომ, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალა, გარდა სააკაშვილის პარტიისა, არ არის მზად ვადამდელი არჩევნებისთვის. მე გეუბნებით, რომ სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს! შესაბამისად ქართული პარტია არის ერთიანი პოლიტიკური ძალა, ჩვენ დავუმტკიცეთ ერთმანეთს პოლიტიკური მზადყოფნა ბრძოლისათვის და ამიტომ, კამპანია „ეს კარგია - ის ცუდია“ - ამას როცა ამბობს ბიძინა, ეს არის იმის გამოძახილი რომელიც მის წრეს მიაქვს მასთან.

 

ხელისუფლება აცხადებს, რომ ივანიშვილი რუსული ძალაა...

- მათ ვერავინ დაუშლის შავი პიარი ახორციელონ იმ რესურსებით, რაც გააჩნიათ. სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რამენაირად დისკრედიტაცია მოახდინოს. ამიტომ ვამბობ, რომ ივანიშვილის სახით დაიბადა ქარიშხალი და ვიცით რა სიმძლავრეს შეიძლება მიაღწიოს ამან. ეს ქარიშხალი არის უნარის მატარებელი, სწორი პროცესის პირობებში წალეკოს რეჟიმი და შეცვალოს სიტუაცია სიკეთისაკენ. როგორ მოხერხდება ეს ჩვენზეა დამოკიდებული - პოლიტიკოსებზე, ამიტომ გავუთავისუფლე მოედანი ივანიშვილს მედიასთან მიმართბეში, რომ ეს არგუმენტი და ეს განცდა მოხსნოდა, განეხორციელებინა გეგმა, რომლითაც მოდის.

 

როგორც კი ბიძინა ივანიშვილის ხმა გაისმა, არა მარტო ხელისუფლება ჩავარდა ისტერიკაში. ცუდი მოლოდინი მაქვს, რომ შეიძლება ივანიშვილის დეპორტაციის საკითხი დაისვას და სააკაშვილმა აიძულოს საქართველოდან წავიდეს. პროცესი დაჩქარდება. რეჟიმის კრიზისი დაიწყო და სააკაშვილისათვის ხსნა არის ერთში - რაც შეიძლება აგრესიულად გაანადგუროს ივანიშვილის მცდელობა, შექმნას წარმონაქმნი, დაანგრიოს ის და დანიშნოს არჩევნები. სააკაშვილის რეჟიმი, რომელიც ანგრევს ქვეყანას, უნდა დამთავრდეს.

 

უშვებთ თუ არა, რომ შეიძლება ივანიშვილმა თქვენს გამო უარი თქვას ოქრუაშვილთან მოლაპარაკებაზე?

- ქართული პარტია პარტნიორებთან ერთად მივა ბოლო წერტილთან. ეს არის მიზანი, ჩვენ ვთავაზობთ ივანიშვილს თანამშრომლობას. ერთადერთი, რასაც ვადასტურებ - მოლაპარაკებები მიმდინარეობს...

 

რა მოხდა ასეთი თქვენს ურთიერთობაში მას შემდეგ, რაც მან 2004 წელს ტელევიზია გაჩუქათ?

- შეცდომები იყო... ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება არის გარემოცვა.

 

ივანიშვილი ხვდება რესპუბლიკური პარტიის წევრებს - იმ ადამიანებს, რომლებმაც ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ არაერთხელ გააკეთეს განცხადება, მაგრამ ახლახანს „ვიკილიკსის მასალებით გაირკვა, რომ უსუფაშვილი ამერიკის ელჩან განიხილავდა ოქრუაშვილთან შესაძლო კავშირს. ივანიშვილი ხვდება ირაკლი ალასანიას და მე მახსენდება თქვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის სოფია ხორგუანის კომენტარი, სადაც იგი აცხადებს, რომ ალასანიას და ოქრუაშვილს საერთო მხოლოდ სახელი აქვთ. ასეთ ფონზე როგორ წარმოგიდგენიათ ივანიშვილის გარემოცვაში ყოფნა?

- ამ მასალების მიხედვით, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი პირდაპირ ეუბნებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი უნდა იყოს ლიდერი და მას შეუძლია სააკაშვილი დაამარცხოს... ჩვენ ვაპირებთ, და ბიძინა ივანიშვილმაც ეს გამოაცხადა - დაამარცხოს არჩევნებში სააკაშვილი.

 

იგივეს აცხადებს გულუაც. გქონდათ მასთან შეხვედრა?

- არა. ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა არჩევნები და სააკაშვილის დამარცხება. ჩვენ, „ქართულმა პარტიამ“ გამოვაცხადეთ არჩევნები და თან ჩვენ ვამბობთ, რომ დიდი ალბათობით იქნება ვადამდელი არჩევნები. სააკაშვილი ცალკე აღებულ ივანიშვილს არ მისცემს ფუფნებას, რომ ერთი წლის განმავლობაში აწარმოოს საარჩევნო კამპანია. ეს ისეთი ფუფუნებაა, რომელიც სააკაშვილს წალეკავს. მისი მთელი მცდელობა იყო, დაეწრიტა პოლიტიკური ოპოზიციის რესურსი. თუ ვინმეს გონია, რომ სააკაშვილი მომავალი წლის ოქტომბრამდე დაგველოდება, ძალიან სცდება, იგი ახლა წამოვა შეტევაზე, მთავარი სამიზნე იქნება ივანიშვილი და ახლა კიდევ მე დავუპირისპირდე ბიძინას და ხელი შევუშალო იმ პროცესს, რასაც ქვია სააკაშვილის შეცვლა?! ამიტომაა საჭირო კოორდინაცია.

 

ასე არ ფიქრობენ ისინი, ვისთან თანამშრომლობაც გამორიცხა თავის განცხადებაში ივანიშვილმა.

- რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ძალიან მკვეთრი იყო თავის განცხადებებში, თუმცა მერე მან პოზიცია შეცვალა. მე ერთი რამ ვიცი - არჩევნები ვადამდე ადრე ჩატარდება.

 

მარტში?

- თარიღის დასახელება არ შემიძლია. ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით გამოწვეულ ქარიშხალს სააკაშვილი დაუპირისპირებს აგრესიას, შესაძლებელია დევნა იმ ადამიანებისა რომლებიც მის გვერდით იქნებიან, ეცდება ოპოზიციური სპექტრის დეზორიენტაცია მოახდინოს და მომგებიანი სიტუაცია მიიღოს.