სამარშრუტო მომსახურების პირობები იცვლება. თუკი აქამდე თეორიულად მაინც არსებობდა იმის შანსი, რომ ნებართვა კერძო პირს მოეპოვებინა, ახლა მათ ეს შანსიც აღარ ექნებათ. საქმე ის არის, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებებით ნებართვების გაცემა კონკურსის წესით მოხდება და ნებართვას ის მოიპოვებს, ვინც სხვაზე უკეთეს წინადადებას შესთავაზებს. ამ ერთი შეხედვით კარგ ინიციატივას კი ოპოზიცია საკმაოდ შემაშფოთებლად მიიჩნევს, ვინაიდან შიშობენ, რომ ამით კიდევ ახალი მონოპოლიების გაჩენის საშიშროება იქმნება.
დღეს არსებული კანონმდებლობით, თუკი ვინმეს სურს ადგილობრივი რეგულარული გადაყვანის სფეროში საქმიანობა, მან უნდა მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და მათგან აიღოს საქმიანობის ლიცენზია.
ხელისუფლება კი მიიჩნევს, რომ „ამ სფეროში უწესრიგობაა“ და წესრიგის დამყარება იმით სურს, რომ ლიცენზიის ნაცვლად, საჭირო იქნება ნებართვის აღება და თანაც კონკურსის წესით.
სათანადო ცვლილებები კი უნდა შევიდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ» და «საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონებში. კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტის წევრების ლაშა თორდიას, კახა ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ არის მომზადებული.
კანონპროექტის თანახმად, ნებართვის გაცემა განხორციელდება კონკურსის წესით. კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს ნებართვის გაცემის ფასის, გადახდის წესის და ნებართვის გაცემის წესის დამდგენ ორგანოებს. კანონპროექტი ასევე არუგულირებს იმას, თუ ვინ გასცემს ამ ნებართვას და ვინ ადგენს ნებართვის ფასს.
ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განხორციელდება კონკურსის წესით. ამასთან, კონკურსის ჩატარების წესსა და ნებართვის გაცემის ფასს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანო. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფასს განსაზღვრას, ხოლო ნებართვის გაცემის წესს თბილისის მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. ნებართვის ფასის გადახდის წესს კი ამტკიცებს თბილისის მთავრობა.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ლაშა თორდია კი ამ ცვლილებების საჭიროებას იმით ხსნის, რომ კონკურსის პირობებში უფრო მეტად იქნება შესაძლებელი, რომ მოქალაქეებმა უკეთესი პირობებით ისარგებლონ.
„დღეს არის ასე, რომ ყველა იღებდა ამ ლიცენზიას. ახლა კი გამოცხადდება კონკურსი და ვინც უფრო კარგ პირობებს შესთავაზებს, ის მიიღებს. ამასთან, აქამდე ლიცენზია გაიცემოდა ერთხელ და ეს კონტროლს შეუძლებელს ხდიდა. ახლა კი გადავდივართ სანებართვო სისტემაზე და ყველა ერთ წელში ან ექვს თვეში მოხდება განახლება. ეს კი საშუალებას მოგვცემს, რომ ერთის მხრივ შევარჩიოთ ისეთი პირობები, რომელიც უკეთესი იქნება და მეორეს მხრივ, მოხდეს ამ პირობების შესრულების კონტროლი“, - აცხადებს ლაშა თორდია.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი კი ეჭვობს, რომ ამით მონოპოლისტების შექმნას შეეწყობა ხელი.
„როდესაც ცხადდება კონკურსი, რა თქმა უნდა, დიდი კომპანია უკეთეს პირობას შესთავაზებს და მთელ ბაზარს ის ჩაიგდებს ხელში. მერე ამას როგორ გამოიყენებს და რას გააკეთებს, ყველა კარგად ვხვდებით. ამიტომაც მგონია, რომ ხელისუფლებაში ვიღაცეებს უნდათ, რომ ახალი ბიზნესები შეიქმნან და ახლა ასეთი რაღაც მოიგონეს. მაგრამ ის ადამიანს, რომლის უკანაც ერთი კი არა, ხშირ შემთხვევაში რამდენიმე ოჯახი დგას, რა უნდა ქნას? ბატონ თორდიას ამაზე თუ უფიქრია?? - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.