ისინი საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში მშრომელთა ინტერსებს გამოხატავენ, ყოველ შემთხვევაში, ამას მიანიშნებს მათი სახელწოდება. „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ ქართულ პოლიტსპექტრს ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დადგომამდე, „მოქკავშირის“ ზეობის ხანაში შეემატა და მისი დღემდე უცვლელი თავმჯდომარე პარტიის დამფუძნებელი შალვა ნათელაშვილია. მას ოპონენტები „ლეიბორისტული პარტიის“ შექმნის გარიჟრაჟიდანვე არაერთხელ უხსენებდნენ რუსეთში გატარებულ წლებსა და პრიმაკოვის პროტეჟეობას. ასე იყო თუ ისე, ავანსცენაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გამოჩენამდე „ლეიბორისტულ პარტიას“ მხარდამჭერიც ბლომად ჰყავდა, რასაც, ბუნებრივია, შეუიარაღებელი თვალითაც ნათელი ის ჭეშმარიტებაც უწყობდა ხელს, რომ „მოქკავშირი“ უკანასკნელ დღეებს ითვლიდა და, რაც მთავარია, ის, რომ პარტია ძირითად აქცენტს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე აკეთებდა (იმ მარტივი მიზეზით, რომ „ლეიბორისტები“ ან საკუთარი სურვილით არ მიდიოდნენ ხელისუფლების ამა თუ იმ ორგანოში, ან თავიანთ ადგილებს სხვებს უწილადებდნენ, საქართველოს მოსახლეობისთვის დღემდე უცნობია, სოციალური პრობლემებით დაინტერესება მომგებიანი პოლიტიკური პოზაა თუ მშრომელთა პარტიის რეალური მიზანი).
„ლეიბორისტების“ პირველი საფუძვლიანი გამარჯვება თბილისის საკრებულოს არჩევნებს უკავშირდება, როდესაც მათ იმ დროს ნორჩ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ კი გადაუსწრეს (უმრავლესობით მოვიდნენ დედაქალაქის საკრებულოში), თუმცა გამარჯვება იოლად დათმეს და სწორედ „ლეიბორისტებს“ ნებით და თანხმობით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გახდა. მოარული ხმებით, ამ გადაწყვეტილებას არა მხოლოდ პოლიტიკური გარიგების, არამედ ვაჭრობის სუნიც ასდიოდა (საერთოდაც, „ლეიბორისტული პარტიის“ საქმიანობას ლაიტმოტივად გასდევს ეს მოარული ხმები პოლიტიკური ღვწისა და ფინანსების ჰარმონიული შეთავსების შესახებ).
მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ არსებობს განმავლობაში ამ პარტიის რიგები არაერთმა წევრმა დატოვა, ბუნებრივია - ამა თუ იმ დონის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ასეთების ძირითადმა ნაწილმა თითქმის სამუდამო ნავთსაყუდელი მმართველი პარტიის რიგებში ჰპოვა: საკრებულოს გინეკოლოგი თავმჯდომარით დაწყებული (ლადო კახაძე) და საქმოსნით (ზაზა ბეგაშვილით, რომელმაც პოლიტიკური კარიერა ჩინეთში ელჩობით დაასრულა) დამთავრებული. თუმცა 2008 წლის საპარალმენტო არჩევნებში ბარიერის გადალახვის შემდეგ „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ისევ განიცადა დანაკარგი, ოღონდ მის ნამსხვრევებს (პარლამენტარებს - ერგემლიძესა და თედორაძეს), წინამორბედებისგან განსხვავებით, რამე მნიშვნელოვანი თანამდებობები მმართველი პარტიისგან არ მიუღიათ („ლეიბორისტების“ რიგებსვე მიეკუთვნებოდა აწ უკვე „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურიაც, ოღონდ ეს - 2008 წლამდე).
მოარულივე ხმებითვე, „ლეიბორისტული პარტიისთვის“ პოლიტიკა ერთგვარი ხელობაა, რაც მათ პოლიტიკურ ზედაპირზე მუდმივად ტივტივის საშუალებასაც აძლევთ (მძაფრი და რადიკალური, შიგადაშიგ მახვილგონივრული და ენაკვიმატური განცხადებების წყალობით) და სარფიანი პოლიტიკური გარიგებების დადების საშუალებასაც (რაც უფრო მაღლა პარტიის საარჩევნო სიაში – მით უფრო ძვირად). მაგრამ, რაკი „თუ არ დაიჭირე, ქურდი არ არის“ ამის დამტკიცება, ბუნებრივია, რთულია, სამაგიეროდ, იოლია „ლეიბორისტების“ სულ ბოლო დემარშის ანალიზი.
ნურც გაფრინდები – ნურც მოფრინდები
თუ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებით ვიმსჯელებთ, „ლეიბორისტებმა“, მართალია, სოციალური პრობლემები ვერ მოაგვარეს, მაგრამ, სამაგიეროდ, „ჭრელი პეპლის“ დილემა ამოხსნეს: მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს, ოღონდ ისე, რომ პარლამენტის წევრის თითქმის ყველა პრივილეგია შეინარჩუნეს (ისეთი ნიუანსის დონეზეც კი, რომ, სანდო წყაროს ცნობით, „ლეიბორისტსა“ და დეპუტატ გიორგი გუგავას საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან უფარავენ ბინის ქირის ხარჯს, ყოველთვიურად 520 ლარს. ცხადია, „საქართველოს პარლამენტის წევრის შესახებ კანონის“ შესაბამისად).
რაკი დეპუტატებმა ერგემლიძემ და თედორაძემ მშობელ პარტიას პარლამენტის კედლებში მოხვედრისთანავე უგანეს (სავარაუდოდ, არ ეგონათ, რომ სტაჟიანი „ლეიბორისტების“ დემარში მირაჟი იქნებოდა), ამჟამად „ლეიბორისტული პარტიიდან“ უმაღლესი კანონმდებლის სტატუსი ოთხ „ლეიბორისტს“ აქვს: შალვა ნათელაშვილს, იოსებ შატბერაშვილს, კახაბერ ძაგანიასა და გიორგი გუგავას. მათ მიერ, ბუნებრივია, პარლამენტის წევრის რანგში შევსებული ქონებრიივ და საფინანსო დეკლარაციები კი მოწმობს, რომ ბოიკოტს კეთილდღეობის საოცარი ელფერი აქვს. გადავხედეთ ამ საჯარო და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის სავალდებულო დოკუმენტებს და შევადაროთ მშრომელთა პარტიის ოთხი ლიდერის ქონება და ფინანსები 2008 წლამდე და შემდეგ არსებულ მდგომარეობას.
შალვა ნათელაშვილმა საარჩევნო, 2008 წელს დეკლარაცია შეავსო, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატმა. მისი უძრავ-მოძრავი ქონების ჩამონათვალშია ავტომანქანა „ტოიოტა ლენდ კრუიზერი“ (არცთუ იაფიანი – 70 000 ლარი) და, ცხადია, „ლეიბორისტების“ ოფისი. ავსტრიის ბანკში კი იმავე პერიოდში 117 000 ევროს ინახავდა. გადეპუტატებამდე შალვა ნათელაშვილს შემოსავალი ჰქონდა მხოლოდ, როგორც „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარეს (წლის განმავლობაში 27 000 ლარს იღებდა), თუმცა იმ წელს, როგორც პარლამენტის ყოფილმა წევრმა, კომპენსაციის სახით, 8 400 ლარიც აიღო. დეპუტატობის პირველი წელი დადებითად აისახა „ლეიბორისტების“ თავმჯდომარის შემოსავალზე - როგორც პარტიის თავმჯდომარემ, 51 147 ლარი აიღო, ხოლო, როგორც პარლამენტის წევრმა - 26 200 ლარი და 25 თეთრი (თანხა იმ მარტივი მიზეზითაა მცირე, რომ საკანონმდებლო საქმიანობას ბოიკოტში მყოფი შალვა ნათელაშვილი მხოლოდ 2008 წლის ივნისიდან ეწეოდა). ზემოხსენებული 117 000 ევრო კი ახლა უკვე მისი მეუღლის სახელზეა.
2010 წელი არც ისე შემოსავლიანი იყო „ლეიბორისტების“ თავმჯდომარისთვის (სახელფასო კუთხით): მას მხოლოდ პარლამენტარის ხელფასით უწევდა დაკმაყოფილება, თუმცა ეს არც ისე მცირე თანხაა – 64 395 ლარი წლის განმავლობაში. 2011 წლის დეკლარაცია გვეუბნება, რომ „ლეიბორისტების“ თავმჯდომარის შემოსავალი 2010 წლის განმავლობაში უკვე 67 110 ლარი ყოფილა, ეს ზრდა კი გვაფიქრებინებს, რომ 2011 წელი მისთვის 2010 წელზე უკეთესი ექნება (ყოველ შემთხვევაში, ფინანსების კუთხით).
გადეპუტატებამდე, ანუ 2008 წლამდე გიორგი გუგავას წლიური ოფიციალური შემოსავალი „ლეიბორისტების“ თავმჯდომარესთან შედარებით მწირიც კი იყო: სულ რაღაც, 15 000 ლარი (ის მაშინ თბილისის საკრებულოში მოღვაწეობდა), თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა, რომ ნაღდ ფულად 10 000 ლარიც დაეგროვებინა.
დეპუტატობის მეორე წელს გიორგი გუგავას შემოსავლები გაზრდილია: მისმა სახელფასო შემოსავალმა 32 397 ლარი შეადგინა (სავარაუდოდ, ამ თანხის ნაწილი აიღო, როგორც საკრებულოს წევრმა, ნაწილი კი - უკვე როგორც პარლამენტის დეპუტატმა), ნაღდ ფულად კი უკვე 20 000 ლარის დაგროვება მოახერხა. გადეპუტატების მეორე წელს მისი ოფიციალური შემოსავლები გაიზარდა და, როგორც პარლამენტსიიწევრმა, ამჯერად უკვე 37 245 ლარი აიღო; შემდეგი წელი კიდევ უფრო შემოსავლიანი აღმოჩნდა: გიორგი გუგავას საპარლამენტო წლიური ხელფასი 40 100 ლარი იყო. ამ ლოგიკით, ვიმედოვნებთ, რომ 2011 წელი მისთვის კიდევ უფრო ხეირიანი იქნება.
იოსებ შატბერაშვილის 2008 წლს დეკლარაციაში თვალს ხვდება ის, რომ მას ბანკში გახსნილ ანაბარზე 5 000 აშშ დოლარი ერიცხებოდა. ხოლო მის მეუღლეს ორ ანაბარზე – 16 000 აშშ დოლარი. თუმცა იოსებ შატბერაშვილის, როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ გენმდივნის წლიური ანაზღაურება 15 000 ლარი იყო (იოსებ შატბერაშვილი ფლობს არაკომერციულ ფართებს და მათი გაქირავებით არცთუ უმნიშვნელო შემოსავალს იღებდა და იღებს). 2009 წელს მას უკვე ჰყავს 2008 წლის გამოშვება „ტოიოტა პრადო“ და აქვს პარლამენტარის ხელფასიც, რომელიც წლიურად 37 245 ლარს შეადგენს. საინტერესოა ისიც, რომ მისი ვაჟი თბილისის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელია, თუმცა მისი წლიური ხელფასი მამის ხელფასს ჩამორჩება და მხოლოდ 13 870 ლარს შეადგენს.
2010 წლის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ გადეპუტატებიდან მეორე წლის ისებ შატბერაშვილის წლიური სადეპუტატო ხელფასი 40 100 ლარი იყო (ასე, 22 000-მდე კი ფართების გაქირავებამ მოუტანა).
გადეპუტატებამდე, ანუ 2008 წლამდე კახაბერ ძაგანიას, როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ იდეოლოგიური მდივნის წლიური შემოსავალი, 15 000 ლარი იყო, თუმცა ანაბარზე 30 000 აშშ დოლარსაც ინახავდა და ნაღდ ფულად 10 000 აშშ დოლარიც ჰქონდა. კახაბერ ძაგანიას საპარლამენტო შემოსავალიც იმავე დინამიკით ვითარდება, როგორც იოსებ შატბერაშვილისა და გიორგი გუგავასი. იმ განსვხავებით, რომ, მაგალითად, კახა ძაგანიას მეუღლე „სილქნეტის“ თანამშრომელია და ჰყავს 2005 წლის „ტოიოტა“.
ბუნებრივია, ამის პარალელურად სრულიად „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ იღებს საბიუჯეტო დაფინასებასაც (როგორც საარჩვენობარიერგადალახული). ზემოთთქმულის ერთობლიობა კი ადასტურებს, რომ, ჯერ ერთი, ბოიკოტი მეტად სარფიანი საქმე ყოფილა და, რაც მთავარია, რევოლუციურ „ავრორას“ მხოლოდ „ნაციონალებისთვის“ არ უსვრია.