ივანიშვილის ღია წერილი სენსაციურია. ეს კიდევ ერთი გასაოცარი სიურპრიზია დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ არ გვინახავს მსგავსი სტილი არც ერთი პარტიისა და პოლიტიკოსისაგან. ეს სტილი ერთი შეხედვით, ნაივური გულწრფელობაა: სრულიად გაშიშვლებულია დებიუტანტი პოლიტიკოსის პირადი მოტივები და დამოკიდებულებები. აქცენტი მთლიანად დღევანდელი პოლიტიკის სუბიექტებზეა გაკეთებული და გახსნილია ივანიშვილის ყველა კარტი მოკავშირეებთან თუ ოპონენტებთან სათამაშოდ. ასეთი აგრესიული სტილი გამაოგნებელია, წერილში მოხსენიებული სუბიექტები თითქმის იძულებულნი ხდებიან ან თავიანთი კარტებიც გახსნან, ან თავდაცვისა და თავის მართლების პოზაში დადგნენ.
პოლიტიკური სცენა იცვლება: ძირს ნიღბები და მასკარადი, ღია ბრძოლა იწყება; ვინც ამ ბრძოლაში შესვლას აპირებს, უნდა იცოდეს, რომ ფსონი საბედისწეროა: ვა–ბანკი ღია კარტებით – აი, ამ ღია წერილის უმთავრესი პათოსი.
პირველი ალუზია, რასაც ეს წერილი აღძრავს და რაც სათაურშიც გამოვიტანე, „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმია. მაგრამ პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა. ასე ჯიქურ შემოჭრა პოლიტიკაში უდიდესი რისკია. ივანიშვილი ბიზნესმენია და კარგად უნდა უწყოდეს, რომ ახალი საქმის დაწყებამდე რისკები უნდა შეფასდეს და დაიზღვიოს.
ივანიშვილის შემოჭრა მოქმედ პერსონებთან საქმის გარჩევით იწყება. ის დაუნდობლად, პირდაპირ და ზედმეტად მკვახედ ამბობს პირად სათქმელს; მისი დისკურსი თავიდან ბოლომდე სუბიექტურია და იმთავითვე შეუძლებელია, პერსონათა მისეული შეფასება ოდნავადაც ობიექტური იყოს. მაგრამ პოლიტიკა ხომ საჯარო და არა მხოლოდ პერსონების პირადი საქმეა?
კითხვა ასე უნდა დავსვათ: ვინ გახდება მთავარი ფალავანი? „ვინ იტყვის დღეს ტარიელობას?“
ამ კითხვაზე პასუხი დღეს არ არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოებაზე. არსებობს რამდენიმე ვარიანტი, რომლის წარმოდგენაც სახელდახელოდ შეიძლება, კერძოდ:
1) ტარიელობას საზოგადოება თავიდან ბოლომდე ახლ გმირს – ივანიშვილს მიანდობს. მაშინ ქართველობა თვითგამორკვევაზე კვლავაც უარს იტყვის და ახალი მესიანიზმის, ამჯერად უკვე ერთგვარი ნაივური პოპულიზმის მსხვერპლი გახდება; სააკაშვილს ასეთ შემთხვევაში უდიდესი შანსი ეძლევა ვა–ბანკის წასაღებად; ასეთ შემთხვევაში ივანიშვილი ვერ იდებს თავს ტარიელობას, მისი რესურსი ფუჭად გაიფლანგება და იგი სახელსაც დაკარგავს, ფულსაც და თავისუფლებასაც;
2) საზოგადოება დაიწყებს თვითგამორკვევას და ივანიშვილის შემოჭრით შეცვლილ სცენასაც და მის რესურსსაც ამ შრომისათვის გამოიყენებს; ივანიშვილმა საქმით უნდა დაამტკიცოს, რომ მხოლოდ ფუჭი სიტყვები არ არის მისი დაპირება: „მე მოვდივარ პოლიტიკაში არა ვინმეს დასამარცხებლად, არა ვინმეზე შურის საძიებლად, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქის გასამარჯვებლად“
ასეთ შემთხვევაში იგი უნდა მოერიდოს ამ ღია წერილში ერთხელ ნათქვამი სუბიექტური და პერსონალური დამოკიდებულებების გამეორებას, აქცენტირება საჯარო და არა პიროვნულ პრობლემებზე მოახდინოს; ღია წერილის ეს პათოსი გვერდზე უნდა გადადოს და იზრუნოს იმ შრომის ორგანიზებისათვის, რაც ქართველთა წინაშე დღეს მდგარ სასიცოცხლო პრობლემებს პასუხს გასცემს. აი, ზოგიერთი ეს საზოგადო შეკითხვაც:
– ვინა ვართ დღეს ჩვენ, რას უნდა დაეფუძნოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა - ცოცხალი ისტორიული მემკვიდრეობით მიღებულ უფლებებს, შინაგან თავისუფლებას თუ მსოფლიო გარემოთა მიერ შექმნილ, შემთხვევითობით განპირობებულ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას?
– ვინ არის ქართველი მოქალაქე, მისი რა უფლებების და თავისუფლებების დასაცავადაა მოწოდებული სახელმწიფო? რა ვალდებულებები აკისრია მოქალაქეს? როგორ ურთიერთობებს იგი სახელმწიფოსთან?
– როგორი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ხელმწიფების (ძალაუფლების) ლეგიტიმურობის საფუძვლები? როგორ უნდა განაწილდეს და შეიზღუდოს სახელმწიფო ხელისუფლება, რათა თავიდან ავირიდოთ ტირანიაცა და უწესრიგობაც?
– რას დაემყარება ჩვენი უსაფრთხოება?
– როგორ უნდა მივაღწიოთ კეთილდღეობას?
ეს შეკითხვები უკვე ოცი წელია პასუხგაუცემელია. ტარიელობა დღეს ეს არის – ქართული საქმით გაეცეს ამ შეკითხვებს პასუხი. აი, უცებ ახალი პარტიის სავარაუდო სახელიც: „ქართული საქმე“.