გუშინ გავრცელდა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და კომენტარები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.
ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეა და ამის მადასტურებელია შემდეგი დოკუმენტები:
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის განკარგულება N484 ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა – გაცემულია 2006 წლის 7 მარტს
საქართველოს პასპორტი – გაცემულია 2006 წლის 13 მარტს.
ბოლოს, საქართველოს პასპორტი – გაცემულია 2011 წლის 29 ივნისს
ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია ბოლო მონაცემებით, მათ შორის 2010 წლის მაისის ადგილობრივი არჩევნების მონაცემებით.
.ბიძინა ივანიშვილმა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა 2004 წელს.
საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ზემოხსენებული სააგენტოს წარდგენის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ბრძანებულებით ან განკარგულების ფორმით. მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად დადგენილია პასუხისმგებლობა მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო მოხელეთა არაკომპეტენტური და უკანონო მოქმედებების გამო.
ამ დრომდე ბიძინა ივანიშვილს არ ჩაბარებია არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე.
თანახმად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლისა, აღიარებულია დაინტერესებული მხარის უფლება მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების განხილვაში, რომელიც ადგენს, ცვლის, ზღუდავს ან აუქმებს მის უფლებებსა და მოვალეობებს. ასეთ პირს ეძლევა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა.
იმავე კოდექსის 98-ე მუხლი ადგენს, დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას, ასევე უზრუნველყოფილია ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლება. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე არ არის ინფორმირებული ბატონი ბიძინა ივანიშვილი და შესაბამისად უცნობია რა სამართლებრივი გადაყვეტილებაა ამ დროისთვის მიღებული მის მოქალქეობასთან დაკავშირებით.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება წარმოების წესების უგულებელყოფით, შემაჯამებელი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველია.
ამდენად ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეა და სახელმწიფო სტრუქტურების უკანონო მოქმედება ან მოვალეობათა შეუსრულებლობა შესაბამისი ორგანოების მხრიდან ხელისუფლებისავე პასუხისმგებლობას იწვევს.
რაც შეეხება ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის არჩევანს, მან ეს არჩევანი გააკეთა როდესაც საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისთვის განაცხადა 7 ოქტომბერს, რომ უარს ამბობს საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეობაზე და მზად არის ჩააბაროს პასპორტები შესაბამისი პროცედურით.
ხელისუფლება ვალდებულია ნაცვლად პოლიტიკური ანგარიშსწორების დაუშვებელი მეთოდების გამოყენებისა, მოიხმოს გონიერება და ნუ დააყენებს საკუთარ სურვილს კანონზე მაღლა.
ჩვენ ვითხოვთ მკაფიო და კონკრეტულ განმარტებას და ამავდროულად სამართლებრივი აქტის ჩაბარებას, რის საფუძველზე და რა სამართლებრივი ფორმით გადაწყვიტა ხელისუფლებამ, რომ არ არის ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე.