ფრანგული პრაიმერიზი

ფრანგული პრაიმერიზი

2011 წლის 10 ოქტომბერი საფრანგეთის პარტიული ცხოვრების ახალ ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს. ამ დღეს პირველად ფრანგული პოლიტიკის ისტორიაში გაიმართა შიდაპარტიული პრაიმერიზი.  საფრანგეთის სოციალისტური პარტია და მისი პარტნიორი რადიკალური მემარცხენე პარტია ამ მეთოდით ცდილობენ გამოარკვიონ  კანდიდატი 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის.


ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 10 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, სადაც საფრანგეთის ნებისმიერ მოქალაქეს,   ერთი ევროს ოდენობის  ”დახმარების შენატანის” განხორციელებისა და პარტიის ქარტიაზე ხელმოწერის გზით, უფლება ქონდა მონაწილეობა მიეღო პრაიმერიზში. პრაიმერიზში მინაწილეობის მისაღებად სულ 2 211 835 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული.


სულ რაღაც ნახევარი წლის წინ სოციალისტებს დომინიკ სტროსს-კანის სახით გამოკვეთილი ლიდერი და კანდიდატი ყავდათ, თუმცა მის გარშემო აგორებული სექსუალური სკანდალის გამო, ის იძულებული გახდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განეცხადებინა.


სიებში 6 კანდიდატი იყო შეყვანილი. ექსპერტთა აზრით მათგან ორი გამოკვეთილი კანდიდატი იყო, სოციალისტების ყოფილი პირველი მდივანი ფრანსუა ორლანდი (François Hollande) და ამჟამინდელი პირველი მდივანი, ქალაქ ლილის მერი მარტინ ობრი (Martine Aubry). წინასწარი გამოკითხვებით მათ ცოტთი ჩამორჩებოდა 2007 წელს სიციალიტების კანდიდატი სიგოლენ რუაიალი (Ségolène Roya).


შედეგებმა მოულოდნელად მესამე ადგილი არნო მონტებურის არგუნა, რომელმაც თითქმის 17% მხარდაჭერა მიიღო, სხვა მხრივ პროგნოზები სრულად გამართლდა.


საბოლოო ჯამში შედეგები ასე გამოიყურება


ფრანსუა ორლანდი (სოციალისტური პარტია) - 859 383 ხმა (39.2%)

მარტინ ობრი (სოციალისტური პარტია) - 673 751 (30.74%)

არნო მონტებური (სოციალისტური პარტია) - 368 106 (16.8%)

სიგოლენ რუაიალი (სოციალისტური პარტია) - 150 142 (6.85%)

მანუელ ვალსი (სოციალისტური პარტია) - 125 631(5.73%)

ჟან-მიშლ ბაილ (რადიკალური მემარცხენე) - 14 532 (0.66%)


ამრიგად მეორე ტურში, რომელიც 16 ოქტომბერს გაიმართება, მონაწილეობას ფრანსუა ორლანდი და მარტინ ობრი მიიღებენ.

დღევანდელი დღის მონაცემებით 50%-ზე მეტი ამომრჩეველი დარწმუნებით აცხადებს, რომ 2012 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმას სოციალისტების კანდიდატს მისცემს. მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის რეიტინგი 40% არ აღემატება და უკვე ახლა ჩამორჩება ორლანდის რეიტინგს.