საქართველოს რესპუბლიკური პარტიის განცხადება

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის განცხადება

ბატონი ბიძინა ივანიშვილის 12 ოქტომბრის ღია წერილი, შინაარსითაც და სტილითაც, ახალი და მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

რესპუბლიკური პარტია ყოველთვის მზად იყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, თავისუფლების, სამართლიანობის და დემოკრატიის ღირებულებების ერთგულ ძალებთან თანამშრომლობისთვის. ჩვენი გამოცდილება ამ მხრივ არ არის ერთგვაროვანი. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩვენთვის ფუნდამენტური პრინციპები პარტნიორისთვის მხოლოდ მიმდინარე ტაქტიკური ამოცანების გადაწყვეტის საშუალება აღმოჩენილა.

ამით იყო განპირობებული ჩვენი სიფრთხილენარევი ოპტიმიზმი ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის საწყის ეტაპზე. ჩვენ მასთან არ გვქონია  საქმიანი თუ პირადი ურთიერთობა, თავადაც ყოველნაირად თავს არიდებდა საზოგადოების წინაშე გამოჩენას და ამიტომ კარგად არ ვიცნობთ მის პოლიტიკურ ხედვებს და სამოქალაქო პოზიციებს.

ბოლო დღეებში მისი განცხადებებიდან რაც შევიტყვეთ, უაღრესად საყურადღებო და მნიშვნელოვანია. არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ განსხვავებული აზრი გვაქვს. მაგრამ არსებული ვითარების შეფასება და მომავლის ხედვა ჩვენთვის ძირითადად მისაღებია. ამიტომ, მზად ვართ საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხების ფართო სპექტრზე კონსულტაციებისთვის, რის შემდეგაც, შესაძლოა, გამოიკვეთოს თანმშრომლობის კონკრეტული კონტურები.

ნებისმიერ შემთხვევაში, მივამრთავთ მიხეილ სააკაშვილს და მის მმართველ გუნდს, შეწყვიტონ პოლიტიკურ კონკურენტებთან უღირსი მეთოდებით ბრძოლა და ქართველ ხალხს მისცენ საშუალება თავისუფალი არჩევანის გზით განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის მომავალი.