ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის სკანდალური შემოსვლა ისევ სკანდალურად, კვლავაც ეპისტოლარულ ჟანრში გრძელდება. ამჯერად ხელისუფლების, პოლიტიკოსების, პოლიტიკური პარტიების, მასმედიისა და, უბრალოდ, საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ დაწერილმა მეორე ღია წერილმა საზოგადოებაში ისევ მძაფრი რეაქცია გამოიწვია. მხილების ტონი - ერთი შეხედვით, ასეთ ჟანრშია დაწერილი მეორე ეპისტოლარული წერილი და უნდა ვთქვათ, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე, საზოგადოება ელოდა კიდეც, რომ ვინმე, ქართულ პოლიტიკაში გაუსვრელი ადამიანი ჩვენს პოლიტიკურ ამბებს სწორ დიაგნოზს დაუსვამდა და ერთგვარად ამხელდა კიდეც.
ივანიშვილი ცდილობს იმ მითოლოგიური საბურველიდან გამოიყვანოს თავისი პერსონა, რომლითაც იგი უკანასკნელ წლებში შეიმოსა. ხელისუფლებისთვის ის უბრალოდ კეთილი გრაფი მონტე კრისტო იყო, მაგრამ, როგორც თავის დროზე გრაფ მონტე კრისტომ საბოლოოდ ამხილა თავისი დამღუპველები, ისე ხელისუფლებასაც ივანიშვილის მხრიდან მხილების ჟამი დაუდგა. როგორც ჩანს, მხოლოდ „ვიკილიქსი“ არ ყოფილა პოლიტიკოსების „გამშიფრავი“. პოლიტიკაში შემოსული ბიზნესმენი ჩვენი წარსული პოლიტიკური ცხოვრების ისეთ დეტალებსაც ახმაურებს, რაც სააკაშვილის რეჟიმისთვის არცთუ მისაღები აღმოჩნდება.
უკვე გაირკვა, რომ ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან არც ისე განცალკევებულად მდგარი ყოფილა და მას რჩევასაც ეკითხებოდნენ: სამაჩაბლოში შესვლის, მერაბიშვილის გადაყენების თუ სხვა ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით.
ივანიშვილს არ სურს, მისი მიმართვის შემდეგ საზოგადოებას ისეთი შთაბეჭდილება შეექმნას, თითქოს იგი პოლიტიკაში უცოდველი კრავივით მოვიდა და სხვებს განიკითხავს და მორალს უკითხავს, თუმცა განცხადებების მისეული ტონალობა სხვაზე მეტყველებს.
ყოველ შემთხვევაში, თავად ამბობს, რომ „ვარდებიანებისგან“ განსხვავებით, ივანიშვილს არ უჭირს თავისი შეცდომების აღიარება. თანაც არასდროს უფიქრია, რომ თავისი სიმდიდრით ვინმეზე, მატერიალურად თუნდაც ხელმოკლე ადამიანზე, ან რომელიმე გლეხზე რაიმეთი მეტია.
ბიზნესმენმა თავისი განზრახვაც ახსნა და
აღნიშნა, რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა. თანაც პირობა დადო: მე აუცილებლად მოვალ ხელისუფლებაში, რადგან სიტყვა მოგეცით, აუცილებლად მოვალ!
„ვხედავ სამშობლო მეკარგება, ხოლო როდესაც სამშობლო გეკარგება, არაფერს არ აქვს ფასი, არც ქონებას, არც ფულს, არც პრივილეგირებულ მდგომარეობას... სანამ პოლიტიკაში მოსვლას გადავწყვეტდი, ორჯერ დავაპირე საქართველოდან წასვლა.
ვისაც არ სჯერა, შეუძლია გადაამოწმოს და ნახოს, როგორც დავაბრუნე უკან შეკვეთილი თვითმფრინავები, ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ოჯახის წევრებმა, ჩემმა მეუღლემ და ჩემმა ვაჟებმა მითხრეს - შენ შეგიძლია წახვიდე, ეს
შენი ნებაა, მაგრამ ჩვენ აქ ვრჩებითო. ჩემმა უფროსმა ვაჟმა, უტამ მითხრა, თუ შენ არ წახვალ პოლიტიკაში, მაშინ მე წავალო. მე და ჩემმა მეუღლემ იმას მივაღწიეთ, რომ ჩვენი შვილები, რომლებიც საფრანგეთში გაიზარდნენ, ჩვენზე უფრო დიდი პატრიოტები და ჩვენზე უფრო კარგი ქართველები არიან. უტას სიტყვები ბოლო წვეთი იყო, რამაც ყველაფერი გადასწონა და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა...“.
ივანიშვილის თქმით, ღალატის ტოლფასი შეცდომა იყო, საქართველოდან წასვლა რომ დააპირა. „წასვლა ერთია, მაგრამ მერე რა პირით უნდა დაბრუნდე უკან, როცა შენს ქვეყანას იმ დროს მიატოვებ, როცა ძალიან უჭირს. როცა დაბრუნდები, დაგხვდება კი აქ ქვეყანა?“
ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ივანიშვილმა თავისებური „ანატომია“ ჩაუტარა. მან ექსპერტებიც „ამხილა“, ჟურნალისტებიც, პოლიტიკოსებიც, აგენტებიც...
პრესაგე.ტვ. ესაუბრა იმ ადამიანებს, რომელთა მისამართითაც ივანიშვილს სერიოზული შეკითხვები გაუჩნდა. ბიზნესმენი მიმართვას შალვა რამიშვილს (რომელსაც იგი შევარდნაძისდროინდელი „დარდუბალას“ გამო აფასებდა) და მას ამჟამად უკეთურთა სამსახურში მუშაობასა და საკუთარი ნიჭიერების გაფლანგვას უწუნებს. ამის საპასუხოდ შალვა რამიშვილი მოკლე კომენტარით კმაყოფილდება.
შალვა, ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზებას დათანხმდები? მისი აზრით, ნიჭიერი ადამიანი არ უნდა ემსახუროს უნიჭოს.
- ეპისტოლარულ ჟანრში გადმოცემული წინადადება, რა თქმა უნდა, საინტერესოა, მაგრამ არის უამრავი დეტალი, უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც პირად შეხვედრაზე უნდა გაირკვეს. მოიცალოს ბატონმა ბიძინამ, შევხვდეთ ერთმანეთს და გავარკვიოთ.
ახალი „დარდუბალას“ კეთება შემოგთავაზა, ამაზე რას იტყვი?
- ეს არის ჩემი კომენტარი. „დარდუბალას“ კეთება რომ შემომთავაზა, ამაზე უკვე გიპასუხე, რომ ეპისტოლარულ ჟანრში შემოთავაზებული წინადადებები საინტერესოა, მაგრამ არის დეტალი, რომელიც უნდა განვიხილოთ პირად შეხვედრაზე.
მან შემოგთავაზათ, ასევე, ორსახოვანი ტელევიზიიდან წამოსვლა.
- ჩემთვის არ უთქვამს, ორსახოვანი ტელევიზიიდან წამოდიო.
მთლიანად „მაესტროს“ ჟურნალისტურ კორპუსს ხომ უთხრა?
- არ ვთვლი, რომ „მაესტრო“ ორსახოვანი ტელევიზიაა.
„რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის ფინანსებთან დაკავშირებით მას არაფერი საწინააღმდეგო არ უთქვამს.
ბატონო ლევან, ბიძინა ივანიშვილის თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ რამდენიმე წევრმა მისი მისამართით აგრესიული კომენტარი გააკეთა. მის ფინანსებთან დაკავშირებით კითხვები მართლაც გაგიჩნდათ?
- ვერაფერს გეტყვით, რადგან პირადად მე ბატონი ივანიშვილის ფინანსების ლეგალურობაში არასდროს ეჭვი არ შემიტანია. ერთი წლის განმავლობაში მე ვიყავი მისი ფონდის დირექტორი და მერე ეროვნულ ბიბლიოთეკას ვხელმძღვანელობდი, რომელსაც ის სერიოზულად დაეხმარა. ამიტომ, ჩვენ მადლობის მეტი მის მიმართ და მისი ფინანსების მიმართ არასდროს არაფერი გამოგვითქვამს. რა იგულისხმა ვერ გეტყვით. სხვადასხვა მედიასაშუალებებს ინტერვიუს კი ვაძლევ, მაგრამ მერე ვერ ვაკონტროლებ ყველაფერს. შესაძლოა, სადმე რაღაც ისეთი წერია, რაც მე გამომრჩა.
სადმე გითქვამთ, არ მათქმევინოთ, ფული საიდან იშოვაო?
- არ ვიცი, რა იგულისხმება. მართალი გითხრათ, ეს ჩემს სიტყვებს არ ჰგავს, მაგრამ არა მგონია, სერიოზული მნიშვნელობა ჰქონდეს, ვინ როგორ რას წერს. მე აგერ, ცოცხალი კაცი გეუბნებით, რომ ივანიშვილის ფინანსური შესაძლებლობები არის ლეგალური და მე არასდროს ამაში ეჭვი არ შემიტანია.
ანუ, მას არასწორი ინფორმაცია აქვს თქვენს შესახებ?
- არა, როგორც ჩანს, არასწორი ინფორმაცია არის დაბეჭდილი.
ბიძინა ივანიშვილი ზოგიერთ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას აპირებს, მათ შორის, „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებთან“, ზოგს კი პირდაპირ ფსევდოოპოზიციას უწოდებს. თქვენი შემდგომი ურთიერთობა გაგრძელდება?
- ამ განცხადებას შეაფასებს „რესპუბლიკური პარტია“, როგორც კოლექტიური ორგანო დავსხდებით, ვიმსჯელებთ და შევაფასებთ, ვის რა წარმოუდგენია ამ საქმესთან დაკავშირებით. პირადად ჩემთვის სასიამოვნოა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციაში ხედავს პროდასავლურ ძალებს, ვთქვათ, ირაკლი ალასანიას. ასევე, ვერაფერს ვიტყვი იმასთან დაკავშირებით, რომელ პარტიებთან თანამშრომლობაზეც მან უარი განაცხადა. ეს მისი გადასაწყვეტია. გარკვეული პირობების შემდეგ, რაც მოხდა (რვიანის დაშლის შემდეგ და სხვა) მე არ მიკვირს, რომ მას ასეთი შთაბეჭდილება შეექმნა ზოგიერთ პარტიაზე.
ზოგადად, მის მიმართვას როგორ შეაფასებთ, თუნდაც ჟურნალისტებთან მიმართებით?
- თავის დროზე მეც არ მომეწონა ჟურნალისტებისადმი მისი შეფასება. მე ვფიქრობ, რომ იგი ზედმეტად მკაცრი იყო მაშინ, მაგრამ როგორც ხედავთ, ვითარება ნელ-ნელა იცვლება. დღესაც იყო მის განცხადებაში ჟურნალისტების მიმართ კრიტიკა, მაგრამ ის არ იყო ისეთი მძაფრი, როგორც ადრე.
მერაბიშვილისა და სააკაშვილისადმი მის მიმართვას როგორი გაგრძელება მოჰყვება?
- მე მომეწონა, რომ შენობით ელაპარაკება პრეზიდენტს. რა თქმა უნდა, ბატონი სააკაშვილი ივანიშვილის ნათქვამზე არ გადადგება. თუმცა ჩვენთვის, საზოგადოებისთვის საინტერესოა, როცა მას ასე მიმართავენ. რაც შეეხება მერაბიშვილის, როგორც მენეჯერის, შეფასებას, ეს პოლიტიკური სვლებია. პირადად მე მერაბიშვილს ასეთ მაღალ შეფასებას არ მივცემდი, მაგრამ ბატონი ბიძინა შეიძლება უკეთ იცნობს, რადგან მე მერაბიშვილთან ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დავამთავრე.
ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს ბიძინა ივანიშვილი ორმაგ სტანდარტებს უწუნებს. ბიზნესმენბისთის ეს მით უფრო საწყენია, რადგან საყვარელიძეს იგი გონიერ ანალიტიკოსად იცნობს.
ბატონო რამაზ, ზოგჯერ ორმაგ სტანდარტებს ამჟღავნებსო, თქვენი მისამართით ბრძანა ივანიშვილმა.
- არ ვიცი, თავად ივანიშვილს უნდა ჰკითხოთ. მის ნაწერში არ ჩანს და მეც ვერ ამოვიკითხე, რატომ ვარ ორმაგ სტანდარტებში?! თუ ამის ქვეშ იგულისხმება, რომ კრიტიკული ვარ, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიმართ (სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს მომენტია), მაშინ ეს ჩემთვის ორმაგი სტანდარტი არ არის. ეს არის სწორედ ის, რაც შეეფერება ჩემს პოლიტიკურ შეხედულებას.
ზაქარეიშვილთან თქვენი პაექრობაც ახსენა.
- ეგ უკვე ზაქარეიშვილს ჰკითხეთ, რადგან ჩემი და პაატას დიალოგი, ნახევრად ხუმრობით, ორი მეგობრის საუბარი გახლდათ. ახლა ამაში პოლიტიკური შინაარსის ჩადება, ჩემთვის გაუგებარია.
მთლიანობაში, ივანიშვილის ღია წერილს როგორ შეაფასებთ?
- საერთოდ, უჩვეულოა, როცა ასეთი განცხადებები გაზეთიდან კეთდება. მეორე მხრივ, გარკვეული სკანდალური სტილით დაიწყო პოლიტიკაში შემოსვლა. მისი შემოსვლა მოულოდნელი ფაქტი იყო და ჯერჯერობით იგი ასეთ მოულოდნელ ნაბიჯებს დგამს. სწორედ იმისთვის, რომ მკაფიოდ დააფიქსირო შენი პოლიტიკური წერტილი, ამ სტილით მუშაობა შეიძლება, მაგრამ მაშინ უნდა ელოდო შედეგებსაც. მისი ნაბიჯები არის თუ არა ბოლომდე გათვლილი, ამას მომავალი გვიჩვენებს. რადგან ასეთ მძაფრ პირველ ნაბიჯებს, საპასუხო მძაფრი რეაქციაც მოჰყვება ხოლმე.