ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოჩენამ საქართველოში მოსალოდნელზე მეტი აჟიოტაჟი გამოიწვია. მოსალონდელში, უკვე გამოცდილ ემოციას ვგულსიხმობ, რაც თავის დროზე ბადრი კატარკაციშვილის, ან ალექსანდრე ებრალიძის პოლიტიკაში წასვლას და საფრანგეთიდან ოქრუაშვილის ჩამოსვლის მოლოდინს მოჰყვა.
ხალხის გარკვეული ნაწილი ივანიშვილის განაცხადს დადებითადად შეხვდა და იმედების დასახვაც ისე დაიწყო, როგორც ბადრი პატარკაციშვილის შემთხვევაში. ზოგს კი ოქრუაშვილის მოლოდინის გაცრუება და გაჩეჩილაძის შეძახილის «მიშა მოვდივარ!» უშედეგობა კვლავ ნიჰილიზმში აგდებს.
საინფორმაციო საშუალებებისა და თოქ-შოუების გამოხმაურებები ცხადყოფს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ისევ ლიდერის მოლოდინშია და მათთვის სასურველი წინამძღოლის გამოჩენის იმედიც მიეცათ.
თუმცა, ემიგრაციაშიც კვალვ ორად გაიყო პოზიციები და ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, პროცენტულად ბიძინა ივანიშვილის მომხრეთა რაოდენობა ჭარბობს, თუ უიმედოდ დარჩენილების. კატეგორიების გარჩევა კი აშკარად შესაძლებელი გახდა.
სოციალურად შეჭირვებულ ემიგრაციას, რომელიც ძირითადად, ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლადაა გადახვეწილი სამშობლოდან, მილიარდერი კაცის მიერ დასახული გეგმების შესრულების სურვილი სამშობლოსთან აახლოებს და არც უნდა, რომ ეს იმედები გაუცრუვდეს. ბოლო 20 წლის განმავლობაში სიტუაციის გამოსწორების მომლოდინე ქართულ პოლიტემიგრაციას კი „ეს ხომ ნანახი მაქვს“ განცდა კვლავ დაეუფლა და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დარჩენილი სუბიექტებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვის შესაძლებლობას ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებიდან ელოდება.
ამასობაში, ხელისუფლება და მასთან დაახლოებული ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გააქტიურებისათვის ახალ ბარიერებს ეძებს და იპოვა კიდეც. რადგან ემიგრაციის პოლიტიკური გააქტიურების თავიდან ასაცილებლად ეს ხერხი არჩევნების მოახლოვებამდე უკვე მოფიქრებული ჰქონდა. როგორ და რა სახით - ამას მოგვიანებით დავაკონკრეტებ.
„ვარდოსნების ხელისუფლებამ“ უცხოეთში მოღვაწე ბიზნესმენებისა, თუ არალეგალი ემიგრანტების ხმების მოსაპოვებლად 2004 წელს ემიგრაციის ყურადღება ორმაგი მოქალქეობის შემოღების დაპირების გარდა, ყველა ქვეყანაში ჩასვლით და „არიქა, სამშობლოს ჭირდებით!“ ძახილით მიიპყრო. ბევრმა დაიჯერა კიდეც სააკაშვილის ამ მგზენარე მოწოდების რეალობა და შუაგზამდე მიყვანილი ემიგრანტული ცხოვრება სასწრაფოდ შეწყვიტა. სხვადასხვა უწყების კარებიც აატალახა, მაგრამ დასაქმება მაინც ვერ შეძლო და ან უკან გაბრუნდა, ან დეპრესიაში ჩავარდა.
ემიგრაციის გულისმოსაგებად სააკაშვილმა მაშინ საფრანგეთის ელჩს სალომე ზურაბიშვილს სასწრაფოდ უბოძა ორმაგი მოქალაქეობა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნით საფრანგეთის ქართველობის განწყობაც სათავისოდ შემოატრიალა. თუმცა, მოგვიანებით უბოდიშოდ დაითხოვა მინისტრობიდან. მისი ძმა ოთარ ზურაბიშვილი კი, ისევე, როგორც თავის დროზე ზვიად გამსახურდიამ გააკეთა, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლად დანიშნა ევროპაში,
ამ დღეებში ხშირად საუბრობენ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში გადახდილი დიდი ფულის შესახებ, რომელსაც არა მარტო ინტელიგენციის შრომის დაფასება, მშობლიურ სოფელში სარემონტო სამუშაოების ჩატარება, პენსიონერების დაპურება და სხვა, არამედ ხელისუფლების მიერ საკუთარი რეკლამისათვის გამოყენებული მნიშვნელოვანი ობიექტების გახსნაც უკავშირდება.
მაგრამ საქართველოში ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ, რომ უცხოეთში მცხოვრებ სხვა „ბიზნესმენებსაც“ ასევე იყენებდა სააკაშვილი არჩევნების მოსაგებად და მათი ფულის წარმომავლობა სულაც არ ადარდებდა. თუმცა, მოგვიანებით „მრისხანე ხელის“ პოლიტიკის დასამყარებლად ისინი „შავი სამყაროს ავტორიტეტებად“ იქცნენ და მათ სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა.
გაგახსენებთ, რომ მცნება „ორმაგი მოქალაქეობა“ 2004 წელს გახდა აქტუალური, როცა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა განაცხადა, სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველები, სურვილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქობას მიიღებენო.
ამის შესახებ 2004 წლის ივნისში, ჩემს მიერ დაარსებულ ჟურნალ «ემიგრანტში» პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე კონსტანტინე გაბაშვილი განმარტავდა: „ეს იქნება ერთგვარი მოდელი, რომელიც საქართველოს ღვიძლ შვილებს, დიდი ხნით მოწყვეტილებს თავიანთ ქვეყანასთან, საშუალებას მისცემს აღუდგეთ მოქალაქეობა. მაგრამ ეს მოხდება არა გავრცელებული, ერთიანი კანონის მიხედვით, ყველგან და ერთნაირად, არამედ საკმაოდ რთული პროცედურების გავლით, რომელსაც გარკვეული ვადაც სჭირდება“ (¹1 15-30 ივნისი, 2004 წელი).
ბატონი გაბაშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია იტალიაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მუშაობს, აღნიშნავდა, რომ იუსტიციის სამინისტროს, პრეზიდენტის ხელმოსაწერად ამ დოკუმენტების წარდგენამდე, უნდა განესაზღვრა, ვინ უნდა ჩათვლილიყო ორმაგი მოქალაქეობის ღირსად.
ამ ფაქტის „გაპიარებამ“ ორმაგი მოქალაქეობის მსურველთა რაოდენობის ზრდა გამოიწვია და უცხო ქვეყნებში დიდი ხნის წინ გადახვეწილ ქართველთა გარდა, ბოლო 20 წლის განმავლობაში გაემიგრანტებულ თანამემამულეთა ინტერესიც გაამძაფრა.
თუმცა, ორი წლის წინ შევიტყვე, რომ ეს არც ისე იოლი მოსაპოვებელი აღმოჩნდა, როგორც ემიგრანტ ქართველებს წარმოედგინათ. პროცედურაც ზოგჯერ იმაზე მეტად გაწელილიცაა, ვიდრე ბატონმა კოტე გაბაშვილმა ივარაუდა. ზოგიერთმა თანამემამულემ ამ ვადების გამო ხელიც ჩაიქნია.
თუმცა, ორმაგი მოქალაქეობის საკითხებთან უფრო კონკრეტულად შეხება მხოლოდ გასული წლის ზაფხულ-შემოდგომაზე მომიხდა. საჯარო რეესტრში საბუთების მოთხოვნისას რიგში შემთხვევით გავიცანი ისრაელიდან ჩამოსული ახალგაზრდა გოგო, რომელმაც თავისი წუხილი გამოთქვა, მისი საქართველოს მოქალაქობიდან გაყვანის შესახებ.
მაკა (ისრაელიდან): „რამდენიმე წელია ისრაელში ვცხოვრობ. შარშან მივიღე ამ ქვეყნის მოქალაქეობა და ვინაიდან მეგონა, კანონით ორივე ქვეყნის მოქალაქეობის შენარჩუნების უფლება მქონდა, არც მომიკითხავს საქართველოში ჩემი სტატუსი. ახლა ჩამოვედი, რომ ბინის მემკვიდრეობა მივიღო. მაგრამ უარი მითხრეს საქმის წარმოებაზე, ვიდრე საქართველოს მოქალაქეობას ხელახლა არ მივიღებ. მიკვირს, ისრაელმა თუ არ მითხრა უარი და არ მომთხოვა ჩემი ქვეყნის მოქალაქობა მომეხსნა, სამშობლოში რატომ შემექმნა ასეთი პრობლემები?“
ვიკა (გერმანიიდან): „16 წელია საქართველოდან წასული ვარ. 2009 წელს გერმანიის მოქალაქობა მივიღე და პირველად მაშინ მოვახერხე სამშობლოში ჩამოსვლის უფლება მიმეღო. არ დავაყოვნე და ახალი წლის შესახვედრად შვილებთან ერთად ვესტუმრე ოჯახს. რამდენიმე თვის შემდეგ კი გავიცანი ქართველი ახალგაზრდა, რომელიც შემიყვარდა და მასთან ქორწინება გადავწყივტე. სამწუხაროდ, ახლა შევიტყვე, რომ თურმე ქორწინების უფლება არ მაქვს, რადგან საქართველოს მოქალაქეობას უკანონოდ ვფლობ“.
ამ ფაქტებმა გადამაწყვეტინა, იქვე გამერკვია, რატომ შეექმნათ ქართველებს ამგვარი პრობლემები. სამოქალაქო რეესტრში განმიმარტეს, რომ ქართველებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებენ, კანონით ეზღუდებათ საქართველოს მოქალაქეობა და ისინი მას უკანონოდ ფლობენ. ამ შემთხვევაში, ვალდებული არიან პრეზიდენტისადმი მოთხოვნის საფუძველზე მოიხსნან საქართველოს მოქალაქეობა, რასაც უფასოდ ჭირდება 2 თვე, ხოლო 10 დღის ვადაში მოსახსნელად - 200 ლარი. თუ მათ სურთ, კვლავ ფლობდნენ საქართველოს მოქალაქეობას, მოხსნის შემდეგ, წერილობით უნდა მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს, რომლის პასუხი განისაზღვრება 10 დღიდან დაახლოებით თვე, თვენახევრამდე. ამისათვის გადასახადი 150 ლარს შეადგენს. წინასწარ იმის თქმა, რამდენ ხანში მიიღებენ ისინი პასუხს, ან დადებითი იქნება, თუ უარყოფითი, საჯარო რეესტრი ვერ განსაზღვრავს.
მაკამ გადაწყვიტა სასწრაფოდ გაევლო ეს პროცედურები, ვიკამ კი ამდენი გადასახადით და მაინც თვემდე გაწელილი ვადით უკმაყოფილება ვერ დამალა და როგორც ფულის გადახდაზე, ისე ხელახლა მოქალაქეობის მიღებაზეც უარი განაცხადა. უფასოდ მოქალაქეობის მოხსნა მისთვის თითქმის 2 თვემდე გაჭიანურდა. სწორედ ამ საბუთის მიღებისთანავე მოაწერა ხელი საქართველოში მცხოვრებ მეუღლესთან.
მას შემდეგ, ჩემს გადაცემებში „სხვა საქართველო აქ არი...“ ინტერნეტ-ტელევიზიის საშუალებით რამდენჯერმე მივმართე უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ამ ინფორმაციით და გავაფრთხილე, თუ მათ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს, გადაემოწმებინათ თავინათი სტატუსი. ისიც ავღნიშნე, რომ ამ პროცედურების გავლის გარეშე, ისინი საქართველოში ვერანაირ სააქტო ჩანაწერს ვერ მიიღებდნენ.
მაშინ არ მიფიქრია, რომ ისეთი გამოცდილი ემიგრანტი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, ამ პრობლემის „მსხვერპლი“ აღმოჩნდებოდა. საკვირველია, რომ ამის შესახებ თავად მანაც არაფერი იცოდა. ახლა ისიც ითქვა, თითქოს ეს გადაწყვეტილება სააკაშვილს ჯერ მიღებული არა აქვს, ან ასეთ დაპირისპირებას ვერ დაუშვებს, ხალხის მღელვარება რომ არ გამოიწვიოს.
ემიგრაციაში კი იმასაც ფიქრობენ, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის განაცხადი ხელისუფლებისათვის უფრო იყო სასურველი, რადგან პროცესების გამოცოცხლება და ახალი საკენკის დაყრა არჩევნებზე მისასვლელად, მას არანაკლებად სჭირდებოდა. რომელი ვერსია უფრო საფუძვლიანია, ამას ალბათ მალე მივხდებით. მთავარია, მოსახლეობა ახალი სატყუარათი მოხიბლული და შემდეგ ისევ იმედგაცრუებული მართლა არ აღმოჩნდეს. ეს, რა თქმა უნდა, სააკაშვილის ხელისუფლების გახანგრძლივებას უდაოს გახდის.
მანამ კი, კიდევ ერთხელ შევახსენებ უცხოეთში მცხოვრებ და მოღვაწე ქართველებს, ბიზნესმენებს... თუ საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობის შენარჩუნებას, მით უფრო, არჩევნებში მონაწილეობას აპირებთ, ან ოჯახის შესაქმნელად, მემკვიდრეობის მისაღებად, ან სხვა კერძო საკითხების, სააქტო ჩანაწერების მოსაგვარებლად სახელმწიფო დაწესებულებებთან შეხება მოგიწევთ, გაითვალისწინეთ, ორმაგი მოქალაქეობა კონსტიტუციით მოპოვებული უფლება კი არა, სააკაშვილის კეთილი ნებაა.