ბიძინა ივანიშვილის მოსვლას ქართულ პოლიტიკაში, მის პირველ პოლიტიკურ განაცხადებებს, როგორც ჩვენთან უყვართ ხოლმე თქმა, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ვიღაცას გაუხარდა, ვიღაცას ეწყინა, ვიღაცა გალაღდა, ვიღაცა გაბრაზდა, ვიღაცას იმედი გაუჩნდა, ვიღაცას კი, პირიქით - გაუცრუვდა. მოკლედ, შეფასებები მრავალგვარი იყო. მაგრამ ამ შეფასებებში. ჩემი მოკრძალებული აზრით, არ იყო გათვალისწინებული ყველაზე მთავარი. კერძოდ, კონტექსტი - ის სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც საქართველოშია შექმნილი.
სიტუაცია კი ფრიად არაორდინარულია და უფრო მკაფიოდ და გამოკვეთილად რომ წარმოვაჩინოთ რა ხდება და რატომ ხდება, ცოტა შორიდან დავიწყებ.
შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების განვითარება სამი მიმართულებით წარიმართა. ბალტიის ქვეყნები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ ევროპული ტიპის დემოკრატიებად, ცენტრალური აზიის ქვეყნები ყირგიზეთის გამოკლებით, ასევე მყარად ჩამოყალიბდნენ კლანურ ავტოკრატიებად. იგივე შეიძლება ითქვას აზერბაიჯანზე და პრაქტიკულად რუსეთზეც. ამ ქვეყნებში დემოკრატიის პერსპექტივა უახლოეს ხანებში თუ ნულის ტოლი არაა, დიდად მეტი არცაა.
სხვა რესპუბლიკებში კი სიტუაცია არაა ბოლომდე გარკვეეული და დღემდე გაწელილ გარდამავალ პერიოდში იმყოფებიან. სადღაც უფრო ავტორიტარული ტენდენციები მძლავრობს, სადღაც თითქოს დემოკრატიის კონტურებიც შეინიშნება. საერთაშორისო დონეზე საკითხს მარტივად მიუდგნენ: თითოეული ქვეყნის სპეციფიკაში ჩაღრმავებით ტვინი რომ არ ეჭყლიტათ, ყველა ერთ ქვაბში ჩაყარეს და “ჰიბრიდული რეჟიმები” უწოდეს. თუმცა, ჰიბრიდიც არის და ჰიბრიდიც. განსხვავებები მათ შორის გაცილებით მეტია, ვიდრე მსგავსება.
ერთადერთი, რაც ამგვარი რეჟიმების საერთო ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს, ესაა სახელმწიფო სისტემის ამორფულობა, დაუსრულებლობა და, საბოლოო ჯამში, არასტაბილურობა. დასავლურ დემოკრატიასა და კლანურ ავტორიტარიზმში ყველაფრი გარკვეულია. დემოკრატიის დროს ხელისუფლების ცვლა ჩვეულებრივი ამბავია და სისტემის არსი ამით არ იცვლება. კლანურ ავტოკრატიებშიც არ ხდება სერიოზული სისტემური ძვრები, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამ სისტემაში ხელისუფლება საერთოდ არ იცვლება და ძალაუფლება, როგორც წესი, მამიდან შვილზე გადადის, როგორც სამეფო ტახტი.
პოსტსაბჭოთა გარდამავლობაში კი ყველაფერი მიბმულია ერთ პიროვნებაზე, კერძოდ იმაზე, ვინც ხელისუფლების სათავეშია. მაგალითად, ბელორუსში ტიპიური ავტორიტარული მმართველობაა, მაგრამ ეს მაინც პოსტსაბჭოთა ავტორიტარიზმია, რომელიც ლუკაშენკოს ხელისუფლებიდან წასვლის შემთხვევაში დიდი შანსია ჩამოიშალოს, და არა ისეთი კლანური ავტოკრატია, როგორიც ვთქვათ ყაზახეთში. დემოკრატიზაციის პროცესიც ამგვარ ჰიბრიდულ სისტემებში დიდწილადაა დამოკიდებული პიროვნულ ფაქტორზე.
ყველა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც კარგა ხნით ჩარჩნენ პოსტსაბჭოთა გარდამავლობაში, დემოკრატიულობის თვალსაზრისით საქართველო ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს ითვლებოდა სხვებთან შედარებით დაწინაურებულად. ვარდების რევოლუციის შემდეგ კი, ლამის შემდგარ დემოკრატიად გამოგვაცხადეს, მაგრამ დროთა განმავლობაში ცხადი გახდა, რომ ქვეყანა გიგანტური ნაბიჯებით მიიწევდა ავტოკრატიისკენ. წლების მანძილზე ხდებოდა სულ უფრო და უფრო მეტი ძალაუფლების კონცენტრაცია პირადად პრეზიდენტის და მისი მცირერიცხოვანი გარემოცვის ხელში. ისედაც ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი დემოკრატიული ინსტიტუტები სააკაშვილის მმართველობის დროს თანდათანობით მიილია, მისუსტდა და პრაქტიკულად გაქრობის პირას დადგა. სასამართლო კი, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო, საერთოდ გაუქმდა. საქართველო თანდათანობით ყალიბდებოდა მილიტარიზებულ პროამერიკულ რეჟიმად, სადაც დემოკრატიას დაახლოებით იმხელა ადგილი უნდა დაეჭირა, რამხელაც პაპა დოკის და ტონტონ-მაკუტების დროს ჰაიტის რესპუბლიკაში ეჭირა. ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ სააკაშვილს “დემოკრატიის შუქურად” იხსენიებდნენ და არა სამხრეთამერიკელი დიქტატორებივით “ჩვენს ძაღლიშვილად.”
თუმცა, რაოდენ დიდიც არ უნდა ყოფილიყო ამერიკის მხარდაჭერა, დადგა დრო და მომენტი, როცა სააკაშვილის პროამერიკულობა ვერანაირად ვერ ამართლებდა დემოკრატიის მწვავე დეფიციტს და ფართოდ დახუჭული თვალების კიდევ უფრო ფართოდ დახუჭვა შეუძლებელი გახდა. თუმცა, მანამდე, თუ მეცხრე ცაში ჰყავდათ აყვანილი, იქიდან პირდაპირ ქვესკნელში ჩანარცხება არ გამოდიოდა და ასე გარდაიქმნა სააკაშვილის დემოკრატია მოდერნიზაციად - ეს სიტყვა საქართველოს ხელისუფლებაში აგვისტოს ომამდე საერთოდ არავის უხსენებია. მერე კი ეტყობა სააკაშვილს უთხრეს, რასაც აქამდე აკეთებდი, იმას დემოკრატია კი არა მოდერნიზაცია ჰქვიაო და გამოსვლას არ აგდებს, ეს სიტყვა რომ არ ახსენოს..
რატომ განიხილებოდა და, გარკვეულწილად, დღემდე განიხილება ამერიკელების მხრიდან უალტერნატოვო მოკავშირედ ეს, აშკარად ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ხელისუფლება, ცალკე საუბრის თემაა. აქ მხოლოდ იმას ავღნიშნავ, რომ ასეთმა მხარდაჭერამ სააკაშვილი და მისი გუნდი ძალიან გაათამამა და ფაქტობრივად დააჩქარა ავტოკრატიული ტენდენციების ზრდა.
7 ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ, მსგავსი მასშტაბური გამოსვლები რომ აღარ დაეშვა, სააკაშვილის ხელისუფლებამ მთელი სახელმწიფო რესურსები ერთი მიზნისკენ მიმართა - როგორმე გაეძევებინა პოლიტიკური სივრციდან ოპოზიცია. მმართველმა ძალამ ნამდვილი ომი წამოიწყო ოპოზიციის წინააღმდეგ, სადაც ყველა შესაძლო ბერკეტი იქნა გამოყენებული - კანონმდებლობა, ფული, ადმინისტრაციული სტრუქტურები, საერთაშორისო კავშირები… ეს იყო ძალიან უთანასწორო ბრძოლა. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ოპოზიციის შეცდომებზე, როდესაც სახელმწიფო მთელი თავის რესურსებით გებრძვის - გიკეტავს დაფინანსების ლეგალურ გზებს, არ გიშვებს მთელ საქართველოზე მაუწყებელ ტელევიზიებში, არ გაძლევს სასამართლო პროცესის მოგების საშუალებას, აშანტაჟებს და ხშირად აპატიმრებს კიდეც შენs მომხრეებს (აღარაფერს ვამბობ მოსყიდვასა და ოპოზიციურ ძალებს შორის წინააღმდეგობების გაღვივებაზე), მარცხი პრაქტიკულად გარდუვალია. სულ ბისმარკები და ტალეირანები რომ ყოფილიყვნენ ქართულ ოპოზიციაში, ალბათობა იმისა, რომ ასეთ პირობებში შესაძლებელი გახდებოდა ხელისუფლების საპირწონე ძალის შექმნა, მაინც ძალიან მცირე იქნებოდა, თუ საერთოდ შეუძლებელი არა.
2011 წლის შემოდგომისთვის ეს ომი ფაქტობრივად დამთავრდა. ე. წ. ექვსიანის დაშლა იმის მაუწყებელი იყო, რომ პოლიტიკური სივრცე საქართველოში საბოლოოდ მოსუფთავდა. მართალია, ხელისუფლებამ ოპოზიციასთან ანგარიშსწორებას ქვეყნის ინტერესებიც მიაყოლა ხურდაში, მაგრამ ეს რა სახსენებელია, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ქვეყანაში აღარ დარჩა პოლიტიკური პარტია, რომლის რეიტინგიც ორნიშნა ციფრით იქნებოდა გამოხატული? ბუნებრივია, ამ ვითარებაში მიხეილ სააკაშვილს გარანტირებული ექნებოდა ორი მესამედი პარლამენტში, რაც იმის გარანტია გახლდათ, რომ უნდა პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, უნდა - პარლამენტის თავმჯდომარე და უნდა - ერის მამის საგანგებო თანამდებობას შემოიღებდა თავისთვის.
იმაზე, თუ რა უმძიმესი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ქართული საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის სააკაშვილის რეჟიმის ჩაბეტონებას, დაწვრილებით არ შევჩერდები. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ამ შემთხვევაში დემოკრატიული ინსტიტუტების იმ ნარჩენებიდანაც აღარაფერი დარჩება, რაც კი აქამდეა შემორჩენილი თუ გადარჩენილი.
და სწორედ ამ დროს, როცა თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი და გარკვეულია, გამოდის პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი და ერთბაშად ანგრევს ხელისუფლების უალტერნატივობის ასე რუდუნებით ნაგებ კოშკებს.
ნებისმიერი ქვეყნის ცხოვრებაში არის გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენები, რის შემდეგაც დიდწილად განისაზღვრება ამ ქვეყნის განვითარების ვექტორი. საქართველოს უახლეს ისტორიაში ასეთი მოვლენა იყო, მაგალითად, 1989 წლის 9 აპრილი. ამ დღეს საქართველოში ფაქტობრივად დასრულდა საბჭოთა კავშირი და დაიწყო პოსტსაბჭოთა პერიოდი, რომელიც დღემდე გრძელდება და რომლის დასრულებასაც საშველი არ დაადგა.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ასეთივე გარდამტეხი მნიშვნელობის მიჯნაა საქართველოსთვის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები. ამ დროს მთელი ქართული საზოგადოებისთვის დადგება ერთგვარი ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც მკაფიოდ უნდა გაირკვეს: საქართველოში ან კვლავ გაჩნდება დემოკრატიის რეალური პერსპექტივა, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ ლამის მირაჟად იქცა, ან საქართველო საბოლოოდ ჩამოყალიბდება ერთი მსახიობის თეატრად, რომელიც ან სახელმწიფოებრიობის ნგრევით დასრულდება, ან კლანური ავტოკრატიის დამკვიდრებითა და ძალაუფლების მამა- შვილური-ესტაფეტით.
და რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს ბიძინა ივანიშვილის პერსონის, მისი საქმიანობის თუ პირველი განცხადებების მიმართ. ერთი რამ ცხადზე უცხადესია - არსებულ სიტუაციაში მისი გამოსვლა პოლიტიკურ ასპარეზზე არის ხელისუფლების დაბალანსებისა და შეცვლის პრატიკულად ერთადერთი შანსი. გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილს აქვს პატრიოტისა და ქველმოქმედის რეპუტაცია, პლუს დიდი ფინანსური რესურსი, მას თავისუფლად შეუძლია სააკაშვილის ხელისუფლების საპირწონე ძალის ჩამოყალიბება, რაც არის ცალსახად კარგი და არა უბრალოდ კარგი, არამედ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე.
ჩემი ღრმა რწმენით, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამოჩენას ქართულ პოლიტიკაში სწორედ ამ კუთხით უნდა შევხედოთ და ნაკლებ ყურადღება მივაქციოთ მისი განცხადებების ფორმას და სტილისტიკას. ბიძინა ივანიშვილის განაცხადში მთავარი არის ის, რომ იგი არ უპირისპირდება სააკაშვილის რეჟიმს საბჭოური ტიპის ნაციონალიზმის დახავსებული კლიშეების პოზიციიდან და მისი დისკურსი არის გამოკვეთილად ცენტრისტული. დანარჩენი, კი როგორც მოჭადრაკეები იტყვიან, ტექნიკის საქმეა.