ვაშლის მოსავალი არის, მაგრამ... არ არის?!

ვაშლის მოსავალი არის, მაგრამ... არ არის?!



ვაშლის მოსავალთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სპეციალისტები უხვ მოსავალს უკვე ითვლიან, პროდუქციის ჩამბარებელი კერძო კომპანიები კი განახევრებულ მოსავალს მისტირიან.

“ჰიპი ჯორჯიას” განცხადებით, წლეულს ვაშლის მოსავლის სიმცირეა. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ ქარხანამ ვაშლის ჩაბარება უკვე დაიწყო, თუმცა წელს მოსავალი დაგეგმილთან შედარებით განახევრებულია. ამიტომ “ჰიპი ჯორჯია” 40 ათასი ტონის ნაცვლად, მხოლოდ 25 ათასი ტონა ვაშლის ჩაბარებას მოახერხებს.

ახვლედიანის თქმით, 1 კილოგრამ ვაშლს 13 თეთრად იბარებენ, ჩაბარების პროცესი კი დეკემბრამდე გაგრძელდება. “ჰიპი ჯორჯია” გაისად ახალი პროდუქტის გამოშვებას გეგმავს, თუმცა დეტალები ამ ეტაპზე არ კონკრეტდება. “ჰიპი ჯორჯია” პროდუქციის ექსპორტს მხოლოდ გერმანიაში ახორციელებს.

აქამდე ყველამ იცოდა, რომ წლეულს ვაშლის უხვი მოსავალი იქნებოდა და სინამდვილეში ასეც არის. სოფლის მეურნეობის სპეციალსიტების პორგნოზით, წლის ბოლომდე 120-140 ათასი ტონა მოსავლის აღება მოხერხდება. შარშან მოსავალი 50-60 ათასი ტონის ფარგლებში იყო და სამომხმარებლო ბაზარსაც მაშინვე დაეტყო ადგილობრივი ნაწარმის დეფიციტი.

მთელი 2010-11 წლის განმავლობაში 4-5 ლარზე ნაკლებად ვაშლი არ იყიდებოდა. მდგომარეობა შედარებით მხოლოდ მაშინ დასტაბილურდა, როცა ირანიდან ვაშლის იმპორტი განხორციელდა. 1 კგ ირანული ვაშლის ფასი 2,5-3 ლარის farglebSi მერყეობდა. 

ამჟამად კი ქვეყანა და გლეხები უმოსავლობას არ უჩივიან. თუკი რაიმე პრობლემაა, ისევ და ისევ გასაღების ბაზარია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაიხსნა შემნახველი საწარმოები, რეალიზაციის პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. ამ დროს კი “ჰიპი ჯორჯია” ვაშლის მიღება სწადია, მაგრამ ვერ მოუხერხებია. არადა, ეს ქარხანა პროდუქციის გადამუშავებას ახდენს და მისთვის ვაშლის ხარისხს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება.

შიდა ქართლსა და კახეთში ვაშლის უხვმოსავლიანობას ადასტურებს სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტი თამაზ კუნჭულიაც. მისი ინფორმაციით, წელს ძალიან კარგი მოსავალია, რაც ბაზარზე საიაფეს გამოიწვევს და შარშანდელთან შედარებით, ვაშლის ფასი სამჯერ ნაკლები იქნება. მისი განმარტებით, მთავარი პრობლემა, რასაც მეხილეები აწყდებიან, მოსავლის რეალიზაციაა, რაც აქამდეც ვერ მოგვარდა.

“ქართლში რამდენიმე შემნახველი საწარმო აშენდა და კიდევ რამდენიმეს მშენებლობაა გათვალისწინებული. რეალიზაციის პრობლემა ისევ გადაუჭრელია და ეს სერიოზულ წინააღმდეგობებს ქმნის. სამწუხაროდ, ამ საკითხში სახელმწიფოს პოზიცია არ იკვეთება. მეხილეებმა დააყენეს ვაშლის სუბსიდირების საკითხი, როგორც ეს რთველის შემთხვევაში ხდება, მაგრამ მათი მოთხოვნები სახელმწიფომ არ გაითვალისწინა. 

ადრე ოსებს გაჰქონდათ ქართული ვაშლი რუსეთში და ეს პრობლემა, მეტ-ნაკლებად, მოგვარებული იყო. ამ ეტაპზე რეალიზაცია ძალიან მტკივნეული თემაა მეხილეებისთვის. რამდენიმე საწარმო გაჩნდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მოსავლის სრული რაოდენობის მისაღებად. ის, რომ შემნახველი საწარმოები იხსნება, კარგი ტენდენციაა, მაგრამ არასაკმარისი მეხილეობის განვითარებისთვის”, - განმარტავს კუნჭულია.

ამ ეტაპზე 1 კგ ვაშლის ფასი 1,50-2 ლარის ფარგლებშია. კუნჭულიას პროგნოზით, ოქტომბერ-ნოემბრისთვის ფასი კიდევ უფრო დაიწევს. “ნოემბერში, როცა მოსავლის აღება დასრულდება, ერთი კილოგრამი ვაშლის ფასი 50 თეთრიდან 1,50 ლარამდე იმერყევებს”, - დასძინა კუნჭულიამ.