სარკოზი გადარბენაზე, ანუ ოპერაცია „შარლ აზნავური“

სარკოზი გადარბენაზე, ანუ ოპერაცია „შარლ აზნავური“

ნიკოლა სარკოზის ვიზიტის შედეგების გაანალიზებისას, საფრანგეთის პრეზიდენტს  სულ უფრო ხშირად საყვედურობენ, რომ მისთვის სომხეთი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველო, ან აზერბაიჯანი; რომ სომხეთში ომში დაღუპულთა მემორიალს პატივი მიაგო, საქართველოში კი აგვისტოს ომის მთავარმა მოქმედმა პირმა და საქართველოს გადამრჩენლის მანტიაწამოსხმულმა სარკოზიმ აგვისტოს დაღუპული გმირების პატივის მისაგებად ვერ მოიცალა.

 

ქართულ ფორუმებზე შემდეგ მოსაზრებებსაც წაიკითხავთ:

 

„აუ, წაეთრეს, რა, და თავი დაგვანებოს, აქაური გიჟებიც გვყოფნის ისედაც“;

„მისტრალის კაპიტანი სარკოზი ჩამოდის! და როგორ უნდა დავხვდეთ ამ გაიძვერა პეტუხს?“

„ვინ მიგდია ეს მეტრნახევრიანი, საკუთარ მოსახლეობას რომ უქმნიან დისკომფორტს?“...

„ნახევარ საათში ჩამოდისო და გოჭის შეწვა ვერ დავამთავრეეეე ...
მიგვიღებენ ამის მერე ევროკავშირში??“

„სტუმარ-მასპინძლობა და ასეთი, არ გამიგია რა... რა უბედურებაა, ნახევარი ქალაქი ბლოკირებულია. რომ ვისუნთქო შეიძლება???“

 

ამ ბოლო დროს სარკოზის გული სამშობლოში აღარ უდგება. ამიტომაც შეზღუდა საშინაო ვოიაჟები. სამაგიეროდ, საგარეო ტურნეებში ჩაერთო, რასაც თავისი ახსნა აქვს. როგორც ფრანგი სოციოლოგი ემანუელ რივიერე განმარტავს, საკუთარ ქვეყანაში პოპულარობის კლების მიუხედავად, ფრანგებისთვის უმნიშვნელო სულაც არ ყოფილა, თუ როგორ უყურებენ მათ ლიდერს საზღვარგარეთ. ამიტომაც 15 სექტემბერს ბრიტანელ პრემიერ დევიდ ქემერონთან ერთად სარკოზი ლიბიას ეწვია, შემდეგ ნიუ-იორკის ტრიბუნიდან პალესტინის სახელმწიფოს აღიარების წინადადებით გამოვიდა, ბოლოს კი კავკასიაში შემოიარა. 

სომხეთში მის ვიზიტს „ნაყოფიერი“ ეწოდა. სომხებს აქვთ კიდეც სათქმელი - სარკოზიმ არა მარტო მათ მებრძოლებს მიაგო პატივი, არამედ ერევნის ცენტრში მდებარე საფრანგეთის მოედნიდან სომხურადაც შესძახა: „გაუმარჯოს სომხეთს. გაუმარჯოს  საფრანგეთს“.

 

სარკოზისთვის სომხეთში ვიზიტი რომ მნიშვნელოვანი იყო, ამას ისიც ადასტურებს, რომ მან ეს ვოიაჟი შოუს ელემენტებით დატვირთა და სომხებს მათთვის საყვარელი ადამიანები ჩაუყვანა. ცნობილ შანსონიესთან, შარლ აზნავურთან ერთად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე იახლა ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი, 43 წლის იური ჯორკაეფი, რომელიც დედის ხაზით სომხეთიდანაა. უკვე ცნობილია, რომ ჯორკაეფისთვის ასეთი შეთავაზებით თავად სარკოზის მიუმართავს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა იური ჯორკაეფი სომხეთში ოფიციალური ვიზიტისას საფრანგეთის პრეზიდენტებს მეგზურობას უწევს. 2006 წელს ყოფილი ფეხბურთელი ერევანში ჩასულ ჟაკ შირაქს ახლდა.      

 

ამასთან, სარკოზიმ სომხებს საჩუქრად ჩაუტანა თავის დროზე ოგიუსტ როდენის შექმნილი, მხატვარ ჟიულ ბასტენ ლეპაჟის სკულპტურა.

 

სომხების გენოციდზე საუბრისას კი სარკოზიმ აღნიშნა, რომ 1915-დან 2011 წლამდე თურქეთს საკმარისი დრო ჰქონდა, რათა სომხების გენოციდის აღიარებაზე ეფიქრა. მისი თქმით, თუკი ანკარა თავის თავში ძალებს იპოვის და გენოციდს აღიარებს, მაშინ საფრანგეთი იძულებული აღარ გახდება, მიიღოს კანონპრექტი, რომელიც სომხების გენოციდის უარმყოფელის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

 

ციცერნაკაბერდში დაღუპულთა მემორიალთან ყვავილებიც დააწყო, ხსოვნის ხეივანში ნაძვიც დარგო და სომეხთა გენოციდის მუზეუმსაც ეწვია, სადაც ხსოვნის წიგნში შემდეგი ჩაწერა: „საფრანგეთს არ ავიწყდება“. 

 

სომხების გენოციდის მემორიალთან მისვლისას სარკოზის მწუხარებით შეუნიშნავს, რომ ამ მემორიალმა მას ისრაელის იად ვა-შემი (ჰოლოკოსტის ტრაგედიის მუზეუმი) და რუანდის მსხვერპლთა ხსოვნის პატარა მუზეუმი გაახსენა.

 

ერევნის ცენტრში მდებარე საფრანგეთის მოედნიდან კი სარკოზის მხრიდან ასეთი შეფასებები ისმოდა: „საფრანგეთის გარდა არცერთმა სხვა ქვეყანამ არ იცის, რას ნიშნავს სომხებისთვის ყარაბახი“; „საფრანგეთზე უკეთ არავის ესმის სიმძიმის მოცულობა თურქეთის კოლექტიურ მეხსიერებასთან დაკავშირებით“.

 

სარკოზის ვიზიტისას, ასევე, სომხეთში ატომური სადგურის მშენებლობის საკითხი განიხილეს. ამისთვის, სარკოზის დაპირებისამებრ, უახლოეს ხანში საფრანგეთიდან სომხეთში სპეციალისტთა ჯგუფი გაიგზავნება. ატომური სადგურის მშენებლობა სომხეთის ენერგეტიკისთვის გადამწყვეტი იქნება, რადგან სარკოზი პირობას იძლევა, რომ სომხეთისთვის ალტერნატიულ ენერგეტიკულ წყაროებს მონახავს.

 

სომეხ ექსპერტთა შეფასებით, ეს განცხადება რევოლუციურია, რადგან ამით სომხეთს რუსეთის ენერგეტიკული მბრძანებლობისგან გათავისუფლების შანსი ეძლევა. დასკვნაც შესაბამისია - საფრანგეთი რუსეთს წაართმევს სომხეთს.

 

სომხეთში სარკოზის ვიზიტის კვალდაკვალ, აზრთა სხვადასხვაობაა. იქაურ ექსპერტთა ნაწილი ამ ვიზიტს „შედეგიანს“ უწოდებს, სხვები კი - „უშედეგოს“. პოლიტოლოგ შაქარიანცისთვის სარკოზის ახალი არაფერი უთქვამს, არც სომხების გენოციდთან, არც ყარაბახის კონფლიქტთან მიმართებით. „მით უფრო, რომ საფრანგეთს ამ პრობლემების მოგვარების ძალა არ შესწევს, თვით ევროპასაც კი არ შეუძლია მათი გადაწყვეტა“, - მიიჩნევს სომეხი ექსპერტი.

 

თუმცა, სარკოზიმ იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის მხრიდან სომხეთის გენოციდის აღიარება მისი პრეზიდენტობის დროს მოხდება და რომ, თურქ ხალხს ეყოფა სიბრძნე, აღიარონ მათი ისტორიის შავი ფურცელი.

 

აზერბაიჯანისა და საქართველოსგან განსხვავებით, (რომელთაც სარკოზი უბრალოდ სამუშაო ვიზიტით ეწვია), მხოლოდ ერევანში შედგა სარკოზის სახელმწიფოებრივი ვიზიტი  და იგი გარეგინ მეორესაც შეხვდა. ამან ოფიციალურ ბაქოში ნეგატიური განწყობა გამოიწვია. ისევე, როგორც აზერბაიჯანლებისთვის მტკივნეული იყო სარკოზის კომენტარები სომხეთის სასარგებლოდ. 

 

არც თურქეთი დარჩენილა ვალში სარკოზის შეფასებებისას და  აღშფოთება ვერ დამალა. თავის მხრივ კი, ექსპერტმა სერგეი სტროკანმა შეახსენა სარკოზის, რომ სომხების გენოციდთან მიმართებით თავად საფრანგეთში აზრთა სხვადასხვაობაა - იმ დროს, როცა საფარანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ აღიარა სომეხთა გენოციდი, ზედა პალატამ ეს არ გააკეთა.

 

„ამდენად, სარკოზი თურქეთისგან იმას მოითხოვს, რაც საფრანგეთმა თავად სრული სახით არ გააკეთა,“ - აღნიშნა სტროკანმა. ამასთან, სტროკანი საფრანგეთის პრეზიდენტის სომხეთში ვიზიტისას შარლ აზნავურის თანხლების ფაქტს ეხმაურება და შენიშნავს: „დამკვირვებლები ამას ირონიულად აფასებენ, ეს ვიზიტი არის ოპერაცია „აზნავური“, რაც, ისევ და ისევ, საფრანგეთში მცხოვრები სომეხი ამომრჩევლის ხმებისთვის ბრძოლად აღიქმება“. ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ „მართალია, სარკოზიმ თავის სასარგებლოდ განაწყო სომხეთი, მაგრამ არ უნდა დაივიწყოს, რომ მისთვის მთავარი მაინც ფრანგი ამომრჩეველია. ფრანგი ამომრჩეველი კი გაცილებით თავშეკავებული და საქმეში ჩახედულია და მას ამ სისულელით ვერ გააცურებ“.   

 

სომხურ ფორუმებზეც თავისებურად ჩასწვდნენ სარკოზის ვიზიტის ამოცანას: „OpenArmenia“-ზე ვკითხულობთ: „ხმების მოპოვების მიზნით სომხური ტრაგედიით სპეკულაცია მოდურად გადაიქცა“; „გენოციდს აღიარებ - ხმას მოგცემ, თუ არადა, აუქციონი არ შედგება“...

 

სარკოზის ვიზიტის კვალდაკვალ, აზერბაიჯანში უკვე იწერება ანალიტიკური სტატიები. კერძოდ, რომ ამ უაღრესად ხანმოკლე ვიზიტით სარკოზიმ დემონსტრაციულად დაამცირა ალიევების ოჯახის რეჟიმი. სააგენტო „თურანი“ იუწყება, რომ სარკოზის ვიზიტი ბაქოში ყველაზე ხანმოკლე იყო, რაც ბაქოს ისტორიას საერთოდ არ ახსოვს. ამ ვიზიტმა მთლიანობაში ორნახევარ საათს გასტანა. თანაც, ამ დროის მანძილზე სარკოზი ერთი ერთზე ესაუბრა მხოლოდ ილჰამ ალიევს, მის მეუღლეს კი საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი გადასცა (ასეთივე ორდენი გადასცა მიხელ სააკაშვილსაც). 

 

„ეს მაშინ, როცა სარკოზიმ თითქმის 24 საათი გაატარა სომხეთში, სომხების გენოციდის მემორიალი მოინახულა და გენოციდთან დაკავშირებით ხმამაღალი განცხადებაც გააკეთა. ამ დროს კი ბაქოში სარკოზიმ ვერ გამონახა დრო, რათა შეჰიდთა ხეივანს (სადაც აზერბაიჯანლები 1990 წლის 20 იანვარს დაღუპულთა ხსოვნას მიაგებენ პატივს) სწვეოდა და ბრიფინგიც არ გაუმართავს“, - ვკითხულობთ აზერბაიჯანულ მედიაში.

 

ბაქოში პირდაპირ წერენ, რომ სარკოზის ასეთი საქციელი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში სომხური დიასპორის 500 ათასი ამომრჩევლის ხმების მოპოვებითაა ნაკარნახევი, ეს კი აზერბაიჯანისთვის დემონსტრაციული დამცირება იყო, იმ განცხადების მიუხედავადაც, რომ აზერბაიჯანის პირველი ლედი - მეჰრიბან ალიევა თურმე საფრანგეთში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს მის მიერ ლუვრის ფონდისა და სტრასბურგის ტაძრისთვის გაღებული შესაწირის გამო,“ - აღნიშნავენ საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფორმატით შეურაცხყოფილი აზერბაიჯანლები.