ისტორიულ ტაოში არსებული ოშკის ტაძარი, ძეგლთა მსოფლიო ფონდის საზედამხედველო ძეგლთა სიაში მოხვდა. ეს ინფორმაცია სააგენტო ჯი–ეიჩ–ენმა, ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით გაავრცელა. ამავე წყაროს ცნობით, უფრო დაწვრილებით ინფორმაციას, ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები 12 სექტემბერს, 16 საათზე, სპეციალურ პრესკონფერენციაზე გაახმოვანებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული არაერთი საჯარო განცხადების თანახმად, თურქული მხარე ოშკის რეაბილიტაციის სანაცვლოდ ითხოვდა ბათუმში ეგრეთ წოდებული აზიზიეს მეჩეთის აშენებას. ამ მიზნით ჯერ კიდევ 2011 წლის მაისში, თურქეთსა და საქართველოს შორის უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება, რომელშიც სხვა პუნქტებთან ერთად, ოშკის აღდგენასა და ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებაზეც იქნებოდა ცალკე პუნქტები ჩადებული.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარე, მურმან დუმბაძე, რომელიც თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გამორჩეულად აქტიურია, “ობიექტივთან“ საუბრისას, ოშკთან დაკავშირებულ უახლეს ინფორმაციაზე ასეთ კომენტარს აკეთებს:
“მოგეხსენებათ, საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის გაფორმებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის თაობაზე განზრახულობათა ოქმის შესაბამისად, 2011 წლის მაისში, ბათუმში აზიზიეს სახელობის მეჩეთის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო.
საბედნიეროდ, როგორც ჩანს თურქეთის მთავრობამ გაითვალისწინა ბათუმელთა აზრი, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამ მშნებლობის დაწყებას – მშენებლობის საკითხი გადაიდო. თურქეთის მთავრობას იმიტომ ვამბობ, რომ ნაკლებად სავარაუდოა საქართველოს მთავრობას გაეთვალისწინებინა ბათუმელთა აზრი.
ამ ფონზე უაღრესად სასიხარულოა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ ოშკი 2012 წლის საზედამხედველო ძეგლთა სიაში შეიყვანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული მხარის აპელირება, რომ “აზიზიეს მეჩეთის აშენება გამოიწვევდა ოშკის გადარჩენას“, აზრს კარგავს. ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის მარიფათზე. ძეგლთა მსოფლიო ფონდის ეს გადაწყვეტილება თურქულ მხარესთან შეთანხმებით ოშკის გადარჩენის ყველაზე ოპტიმალურია ვარიანტია“.
ჯი–ეიჩ–ენის ცნობით, შუა საუკუნეების ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი, ოშკის ტაძარი, რომელიც ტაო-კლარჯეთში მდებარეობს, ძეგლთა მსოფლიო ფონდის (World Monument Fund, შემოკლებით WMF) 2012 წლის საზედამხედველო ძეგლთა სიაში მოხვდა.
როგორც ჯი–ეიჩ–ენს ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, თურქეთში მდებარე ქართული ძეგლის მდგომარეობის გამო განგაშს უკვე მსოფლიოში ყველზე გავლენიანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაცია იწყებს:
“World Monument Fund-ის ოფისი ნიუ იორკში მდებარეობს. 1996 წლიდან მოყოლებული, ის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს მსოფლიო მასშტაბით განადგურების პირას მყოფი ძეგლების სიას და მათ გადასარჩენად მსოფლიოს შესაბამის ორგანიზაციებს, სახელმწიფოებს, დონორებსა და მას-მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. სტატისტიკის თანახმად, ამ ძეგლების 80 პროცენტს World Monument Fund-ის ჩარევის შემდეგ რესტავრაცია ან კონსერვაცია ჩაუტარდა.
წელს შეირჩა 67 ძეგლი მსოფლიოს 40 ქვეყნიდან. მათ შორისაა ოშკის ტაძარი, რომლის შესახებაც ფონდმა საკუთარ საიტზე სპეციალური გვერდი შექმნა: http://www.wmf.org/project/oshki მომზადდა და გამოქვეყნდა შესაბამისი პლაკატიც.
საიტზე ნათქვამია: „იმედია, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული ძეგლის დაცვა მიღწეული იქნება".
967
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85