ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს განცხადებით, იგი საქართველოს მოქალაქე არ არის. საინტერესოა, რომ სამოქალაქო რეესტრმა ასეთი განცხადება მაინცდამაინც დღეს გაავრცელა, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა პოლიტიკაში ჩართვა სერიოზულად გადაწყვიტა. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ უკვე არაერთი იურიდიული კაზუსის წინაშე დააყენა თავად ხელისუფლება. კითხვები უამრავია - იყო კი ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე, როცა იგი 2000 წლიდან საქართველოში სან-მარინოს საპატიო კონსულის მოვალეობას ასრულებდა? საინტერესოა, შეიძლებოდა კი დაენიშნათ ადამიანი კონსულად, თუ იგი საქართველოს მოქალაქე არ იყო?!
ყველასათვის ცნობილია, რომ მოქალაქეობის არმქონე პირს არც პარტიის შექმნა შეუძლია და ვერც პოლიტიკურ ორგანიზაციას დააფინანსებს, რადგან სხვა ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისგან მატერიალური შემოწირულობების მიღება აკრძალულია. უმთავრესი, რის გამოს ხელისუფლებამ ივანიშვილის შეჩერება მოქალაქეობის შეწყვეტით გადაწყვიტა, ისაა, რომ კანონის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია.
როგორც სამოქალაქო რეესტრის განცხადებაშია აღნიშნული, „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილს 2004 წლის 22 ივლისს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. საქართველოს კონსტიტუციის და "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ჩატარდა წარმოება და დადგინდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მოიპოვა საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა“.
საინტერესოა, როგორ გაიგებს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას საქართველოს მოსახლეობა?! ყველასთვის ხომ ცხადია, რომ ივანიშვილის შეჩერებას იურიდიულ კაზუსთა გამოყენებით შეეცადნენ. ეს იმის მიუხედავად, რომ 7 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით, ივანიშვილმა კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო: იმისთვის, რომ პოლიტიკაში მის ყოფნას საზოგადოებაში ზედმეტი კითხვები არ გაეჩინა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე მან უარი განაცხადა ორმაგ მოქალაქეობაზე და გადაწყვიტა, უახლოეს დღეებში ჩაებარებინა რუსეთისა და საფრანგეთის პასპორტები. როგორც ჩანს, ივანიშვილი გრძნობდა, რომ მასაც მოუძებნიდნენ მოქალაქობასთან დაკავშირებულ აქილევსის ქუსლს, რასაც საქართველოს ხელისუფლება სათავისოდ გამოიყენებდა.
ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი ირაკლი ტრიპოლსკი მომხდარით გაოცებულია, რადგან „აქამდე ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე იყო“.
კონკრეტულად რა მოხდა, მან არაფერი იცის. ახლა ჯერი თავად ივანიშვილზეა, გაასაჩივრებს თუ არა საქართველოს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას. მისი საარჩევნო ბრძოლისთვის ეს პირველი ტესტი იქნება, რაც დაადასტურებს, შეუძლია თუ არა, გაუმკლავდეს პირველსავე წინააღმდეგობას.
კონსტიტუციის 42-ე მუხლის ხელმძღვანელი მანანა კობახიძე პრესაგე.ტვ-სთან საუბარში აცხადებს, რომ ის, რომ თურმე ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არ ყოფილა, მრავალ კითხვას ბადებს: იყო თუ არა აქამდეც ბიძინა ივანიშვილი ინფორმირებული ამის თაობაზე? იცოდა თუ არა მანამდე, რომ დაკარგული ჰქონდა მოქალაქეობა?
„მოქალაქეობის ჩამორთმევა არ ხდება, არამედ ხდება მოქალაქეობიდან გასვლა. ამდენად, თუკი იგი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს, მას შეუძლია გაასაჩივროს და დაიბრუნოს მოქალაქეობა“.
რაც შეეხება ორმაგ მოქალაქეობას, მანანა კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, ორმაგი მოქალაქეობის მიღების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს, ხოლო მისი განსაკუთრებული დამსახურების გათვალისწინებით, პრეზიდენტს უფლება აქვს, მას საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს.
„რამდენადაც ვიცი, ბიძინა ივანიშვილი დაიბადა საქართველოში, მისი მშობლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. ამდენად, მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა პრობლემა არაა, მას შეუძლია, მიმართოს სასამართლოს და მოქალაქეობა აღიდგინოს“.
კობახიძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, საქართველოში გამოცემული ეს ადმინისტრაციული აქტი მან საქართველოს სასამართლოშივე უნდა გაასაჩივროს.
ყველაზე მეტად კი მანანა კობახიძეს ის გარემოება აფიქრებს, თუ როდის გამოსცა სამოქალაქო რეესტრმა ეს აქტი.
„თუ ახლა განახორციელეს ასეთი რამ, ამ დროს კი მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი ადრევე არსებობდა, რა თქმა უნდა, ეს ეჭვს ბადებს. რატომ ახლა, როცა ადამიანი პოლიტიკურად გააქტიურდა?! ხოლო, თუ ახლა გააჟღერეს და ადრევე შეუწყდა მოქალაქეობა, ესეც კითხვებს ბადებს. როცა ადამიანი სხვა ქვეყნის მოაქალაქერობას იღებს, ეს საფუძველია, რომ შეუწყდეს მოქალაქეობა. თუმცა, მე იურისტი ვარ და ვარაუდებზე ვერაფერს მოგახსენებთ“, - განმარტავს კობახიძე.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა კახა კოჟორიძემ როგორც გვითხრა, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებდა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას, თუკი დადასტურდებოდა, რომ მან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. თუმცა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონაცემებით, სამოაქალაქო რეესტრის ამ განცხადების მიუხედავად, ივანიშვილს რეალურად შეწყვეტილი არ აქვს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა.
„რეალურად, ივანიშვილისთვის ჯერ არ შეუწყვეტიათ საქართველოს მოქალაქეობა, რადგან საამისოდ კანონით დადგენილი პროცედურები არსებობს, რაც სამოქალაქო რეესტრმა უნდა დაიცვას. პროცედურულად, სამოქალაქო რეესტრმა ამ ინფორმაციით უნდა მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, და პრეზიდენტი ექვსი თვის ვადაში გამოსცემს ბრძანებას, რომ ამა თუ იმ პირს შეუწყვიტოს მოქალაქეობა. ჩვენი ინფორმაციით, სააკაშვილს ასეთი ბრძანებულება არ მიუღია. ამდენად, მოქალაქეობა მას შეწყვეტილი არ აქვს“.
ამასთან, „ახალგაზრდა იურისტთა“ წარმომადგენელი ვერ აკონკრეტებს, სამოქალაქო რეესტრმა როდის გადაწყვიტა, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა, რაც საფუძველი გახდებოდა, რომ იგი საქართველოში სან-მარინოს კონსულად არ უნდა დანიშნულიყო. გარდა ამისა, იურისტი არ გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, რეესტრმა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ მხოლოდ ახლა განაცხადა, ამ დროს კი მას მოქალაქეობა უფრო ადრე შეუწყდა.
იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი პრესაგე.ტვ-ს უცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის რამდენიმე საფუძველი არსებობს:
როცა მოქალაქე უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ან პოლიციის ორგანოში სამუშაოდ შედის;
თუ ორი წელიწადის მანძილზე უცხოეთში მუდმივად ცხოვრობს და საკონსულო აღრიცხვაზე არ დგება;
თუ ყალბი დოკუმენტის საფუძველზე მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა
თუ უცხო ქვეყნი მოქალაქეა.
ზაქარია ქუცნაშვილის სიტყვით, ივანიშვილის წინააღმდეგ სწორედ ეს მეოთხე საფუძველი გამოიყენეს, მაგრამ ამის მიუხედავად, საინტერესოა, თავად ივანიშვილმა, კაზუსის შემთხვევაში, რომელი ქვეყნის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ამასთან, მნიშვნელოვანია, მან როდის მიიღო საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეობა?
„7 ოქტომბერს ბიზნესმენმა განაცხადა, რომ პიროვნულად საქართველოს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და უარი თქვა საფრანგეთისა და რუსეთის მოქალაქეობაზე. გადამწყვეტია ისიც, რომ იგი საქართველოში დაიბადა და საქართველოს წინაშე დიდი დამსახურება მიუძღვის. ამდენად, ყველაფერ ამის გათვალისწინებით ჩანს, რომ ამ შემთხვევაში, პოლიტიკური კონკურენტის ჩამოცილება მოხდა. თანაც, პროცედურულად ამაზე ხელი უნდა მოაწეროს საქართველოს პრეზიდენტმა. გაუგებარია, როგორ შეიძლება, იმან, ვინც სისხლს სწოვს საქართველოს იმ ადამიანს შეუწყვიტოს მოქალაქეობა, ვინც საქართველოსთვის ყველაფერს აკეთებს?!
P.S. უკვე გაცხადდა,
რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი ეკა ბესელია იქნება. ივანიშვილის თხოვნის საფუძველზე ეკა ბესელია გუშინ შეხვდა ბიზნესმენს. ამასობაში, „საქართველოს გზამ“ 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის შედგენილ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ბიძინა ივანიშვილის მონაცემები აღმოაჩინა. კერძოდ, იმ სიაში დაფიქსირდა პიროვნება, რომლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, თვე, დაბადების წელი და საცხოვრებელი მისამართი (სოფელი ჭორვილა) ემთხვევა ბიძინა ივანიშვილის მონაცემებს.
„მის სახელზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გაცემული აქვს 2006 წლის 7 მარტს. შესაბამისად, აღნიშნულ პიროვნებას მიეცა 2010 წლის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება“, - ნათქვამია განცხადებაში.
პარტია სამოქალაქო რეესტრს მოუწოდებს, დაადასტუროს ან უარყოს მათ მიერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩენილი პიროვნებისა და ბიძინა ივანიშვილის იდენტურობა.