ხელისუფლებამ ახლა „აღმოაჩინა“, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არ ყოფილა. ამის შესახებ საგანგებო განცხადება სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ გაავრცელა.
როგორც სამოქალაქო რეესტრის განცხადებაშია აღნიშნული, „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილს 2004 წლის 22 ივლისს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ჩატარდა წარმოება და დადგინდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მოიპოვა საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა“.
ცხადია, ამ ინფორმაციის მაინცდამაინც ახლა გაჟღერება იმაზე მიუთითებს, რომ მისმა პოლიტიკაში მოსვლამ ხელისუფლება საკმაოდ შეაშინა. სწორედ ასე აფასებს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი.
„ხელისუფლებას აქვს პანიკური შიში. ადეიშვილს მყისიერად ჩაატარებინეს ე.წ. მოკვლევა და დაადგინეს, რომ ვითომ ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე და მას არ ეკუთვნის საქრათველოს მოქალაქეობა. მიხეილ სააკაშვილს არაფერი არ უშველის. მისი დღეები დათვლილია არამარტო იმიტომ, რომ ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს აღარ უნდა სააკაშვილის მმართველობა. საქართველოს და მის ხალხს ყელში ამოუვიდა ის პოლიტიკური დემაგოგია, რითიც ხელისუფლება არის დაკავებული.
დღევანდელი ფაქტი არის იმის უტყუარი ნიშანი, რომ სააკაშვილს ძალიან ეშინია ივანიშვილის. ძალიან ეშინია ლეგალური ფულისა ქართულ ოპოზიციაში. ეშინია იმისა, რომ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც არამარტო თავის პარტიაში ჩადებს ფულს, არამედ პოლიტიკური პროექტების განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას თავისი ლეგალური საშუალებებით. სააკაშვილსა და მის თანაგუნდელებს მართლაც უნდა ეშინოდეთ, რომლებიც ვერხვის ფოთლებივით თრთიან. მათ ჰგონიათ, რომ რადგან ამით ივანიშვილს არ მიეცემა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, ისინი რამეს დააკლებენ მას და ოპოზიციას.
მგონი, აკრძალული არავის აქვს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდეს. ჯერ ისიც გასარკვევია, რა წესით არის გაუქმებული. ჩვენი მოქალაქე შეიტანს მოქალაქეობისთვის განაცხადს, მოიპოვებს მოქალაქეობას და, როცა მისი პოლიტიკური ძალა ან სხვა ოპოზიციური პარტიები, სავარაუდოდ, კოალიციაში გაიმარჯვებენ, ივანიშვილს აქვს სრული უფლება, გახდეს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მაგრამ ეს ყველაფერი არჩევნებზე უნდა გაირკვეს, იმ არჩევნებზე, სადაც ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება რამდენიმე ათწლეულების მანძილზე,“ - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.
საინტერესო კი ის არის, საპარლამენტო უმრავლესობა ამ ყველაფერს უკვე რუსული პოლიტიკის არდაშვებით ხსნის.
„ამ საკითხის სამართლებრივი ნაწილი აბსოლუტურად გარკვეულია, - საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. ეს არის კანონის ცალსხა მოთხოვნა. ამიტომ ის, რაც საჯარო რეესტრის მიერ გაჯღერდა, სრულად შეესაბამება ქართულ კანონმდებლობას.
მეორეა პოლიტიკური მხარე და ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩვენ რეალურად მოვისმინეთ რუსული შემოთავაზება ქართული პოლიტიკის, ქართული მედიის, ქართული საზოგადოების ყიდვის შესახებ. ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ ქართული საზოგადოება არ იყოდება, მედია არ იყიდება, სახელმწიფო არ იყიდება და შესაბამისად ასეთი მცდელობები ყოველთვის კრახით დამთავრდება.
მე ვფიქრობ, რომ არასდროს, ქართულ პოლტიკაში არ იქნება რუსული ფული, არასდროს, ქართულ პოლიტიკაში, პუტინის მიერ ნასესხები თანხით ან ნაბოძები თანხით პოლიტიკა არ გაკეთდება. ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ და ყველა ღონე ვიხმაროთ, რომ დავიცვათ ქართული პოლიტიკა რუსული ფულისგან,“ - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილი და იგი პარტიებისთვის დაფინანსების გაზრდის ინიციატივით გამოდის.
კუბლაშვილი მომხრეა, რომ შეიქმნას ფონდი, საიდანაც პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებენ და არ იქნებიან მიბმულნი რუსულ კაპიტალთან.
„უახლეს მომავალში უნდა შეიქმნას ფონდი, რომელიც ფინასურ მხარდაჭერას გაუწევს პოლიტიკურ პარტიებს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ბიუჯეტიდან ფინანსდებიან კვალიფიციური სუბიექტები. ეს დაფინანსება უნდა გაიზარდოს და ქართულ პოლიტიკურ პარტიებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, მიიღონ დაფინანსება ბიუჯეტიდან და არ იყვნენ მიბმულნი რუსულ კაპიტალთან. ისინი რუსული ოლიგარქიული წრეების დაფინანსების ქვეშ არ უნდა იყვნენ“, – განაცხადა კუბლაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ლაშა თორდიას შეფასებით, ყოველთვის უშედეგოდ დასრულდება ვლადიმირ პუტინის მცდელობა, იყიდოს ქართული საზოგადოება და ქართული მედია.
მისი თქმით, „უკანასკნელი მოვლენები ცხადყოფს, რომ ახლაც და ადრეც, რუსეთის მცდელობა, ქართველი ოლიგარქების ხელით შეისყიდოს ქართული საზოგადოება, უშედეგო იყო და იქნება და საქართველო ამ პროცესს ყოველთვის წინ აღუდგება.
ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ რუსეთს შეეშალა. საქართველო, ქართული საზოგადოება მის მცდელობებს ყოველთვის წინ აღუდგება“, - განაცხადა ლაშა თორდიამ.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაურიც ივანიშვილს „რუს ოლიგარქს“ უწოდებს და აცხადებს, რომ „პუტინის მილიონებით ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ოპონირებას ვერავინ ვერ დაიწყებს“.
ქართულმა საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ პუტინის განცხადება მოისმინა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს თავისუფლება და მომავალი რუსული ოლიგარქიული ფულით უნდა იყოს ნაყიდი, რომლის მმართველიც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პასუხია: საქართველოს თავისუფლება, საქართველოს დემოკრატია და ქართველი ხალხის არჩევანი, რომელიც ჩატარებულ არჩევნებზე რამდენიმეგზის დაფიქსირდა, არ იყიდება. რუსეთში მოგროვილი, პუტინის ხელდასმით მოპოვებული მილიონებით ჩვენი ხალხის ნების ჩანაცვლება არ მოხდება“, - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.
ფაქტია, რომ ხელისუფლება ცდილობს, ივანიშვილს საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის საშუალება არ მისცეს, რადგან ქართული კანონმდებლობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში ამ საქმიანობას უკრძალავს.
ქართული კანონმედბლობით განსაზღვრულია, რომ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს საქართველოში არც პარტიის შექმნა შეუძლია და არც პოლიტიკური ორგანიზაციის დაფინანსება.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის მიხედვით, პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა.
რაც შეეხება დაფინანსებას, ამავე კანონის მიხედვით, აკრძალულია ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მიღება: სხვა ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისგან და მოქალაქეობის არმქონე პირისაგან;
ამასთან, პრეზიდენტად და დეპუტატად მხოლოდ საქართველოს მოქალაქე შეიძლება აირჩეს. კონსტიტუციის მიხედვით კი, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს საქართველოს პრეზიდენტობა, პრემიერ-მინისტრობა და პარლამენტის თავმჯდომარეობა არ შეუძლია.
ასევე, კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო უფლებამოსილია, დააწესოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა.
მაგრამ ქართული კანონმდებლობა იმასაც განსაზღვრავს, რომ პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს შეწყვეტილი, მისი აღდგენა შეუძლია.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება აღუდგეს პირს, რომელიც განცხადების შეტანის მომენტისთვის არ არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა: არამართლზომიერად; მოქალაქეობიდან გასვლის შედეგად; მშობლების არჩევანის შედეგად.
თუმცა, მოქალაქეობიდან გასვლის შედეგად შეწყვეტილი მოქალაქეობა პირს იმ შემთხვევაში აღუდგება, თუ იგი განცხადების შეტანის მომენტისთვის მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და აკმაყოფილებს რამდენიმე მოთხოვნას – იცის სახელმწიფო ენა და იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.
ასევე, პირს არ აღუდგება მოქალაქეობა, თუ ჩაიდინა საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და ადამიანობის წინააღმდეგ; მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო დანაშაულში და ან სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი საქართველოს მოქალაქედ მიღება მიზანშეუწონელია.
იმ შემთხვევაში კი, თუ მოქალაქეობიდან გასვლის შედეგად, საქართველოს მოქალაქეობაშეწყვეტილი პირი მის აღდგენას მოისურვებს და განცხადების შეტანის მომენტისთვის მუდმივად არ ცხოვრობს საქართველოში, საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება აღუდგეს, თუ მას საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან“.
რაც შეეხება თავად ბიძინა ივანიშვილს, მის მიერ 7 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, მოქალაქეობასთან დაკავშირებით, მხოლოდ ეს ციტატა გვხვდება: „და კიდევ ერთი: ჩემი კაპიტალის დაახლოებით მესამედი, სხვადასხვა ბიზნესის სახით, მდებარეობს რუსეთში. იმისთვის, რომ პოლიტიკაში ჩემი ყოფნისას საზოგადოებას ზედმეტი კითხვები არ გაუჩნდეს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე მე მოვახდენ რუსეთში არსებული ბიზნესის რეალიზაციას. ამავე მიზეზით უარს ვამბობ ორმაგ მოქალაქეობაზე და უახლოეს დღეებში ჩავაბარებ რუსეთის და საფრანგეთის ქვეყნების პასპორტებს“.