პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სააკაშვილის ჯანმრთელობის ცნობას არ იძლევა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სააკაშვილის ჯანმრთელობის ცნობას არ იძლევა

სახელმწიფო სტრუქტურები საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დიდი ხანია თავს იკავებენ. მათი უმრავლესობა გამოთხოვილ ინფორმაციას ნაწილობრივ აკმაყოფილებს, ზოგი დაუსაბუთებელ უარს ამბობს, ზოგიც კიდევ პასუხს საერთოდ არ იძლევა.

გურიის რეგიონალურმა გაზეთმა, „გურია ნიუსმა“ საჯარო ინფორმაციის ვერ მიღების გამო, რამდენიმეჯერ სასამართლოში იჩივლა. გაზეთი ახლა მორიგ სარჩელს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ამზადებს.

„გურია ნიუსს“ მიუხედავად რამდენიმე ოფიციალური მიმართვისა, ერთხელაც არ მიუღია პასუხი პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან. გაზეთი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ითხოვს ინფორმაციას: რა პერიოდულობით და რომელ სამედიცინო დაწესებულებაში ხდება პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება? უკანასკნელად როდის შემოწმდა საქართველოს პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა? გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია პრეზიდენტის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. რომელ სადაზღვევო კომპანიაშია დაზღვეული პრეზიდენტის ჯანმრთელობა, რა თანხა ჯდება მისი დაზღვევა და რა წყაროდან ხდება აღნიშნული თანხის გადახდა?

ეს ის ინფორმაციაა, რომელზეც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პასუხის გაცემა არ ისურვა. როგორც „გურია ნიუსის“ წარმომადგენლები ამბობენ, ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად მალე სასამართლოს მიმართავენ. გაზეთს კონსულტაციებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ უწევს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, თამარ კორძაია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ გამოთხოვილ ინფორმაციაზე პასუხის არ გაცემა, უპასუხისმგებლობას ნიშნავს:

„პირველი და მნიშვნელოვანი დარღვევა არის ის, რომ საჯარო დაწესებულება საერთოდ არ რეაგირებს განცხადებაზე, ანუ არც აკმაყოფილებს და არც უარს გისაბუთებს. ეს არის საჯარო დაწესებულების უპასუხისმგებლობის გამოვლინების ერთი მნიშვნელოვანი ფორმა. სამწუხაროდ, კანონმდებლობაში არ არის მსგავს ქმედებებზე რეაგირების ეფექტური მექანიზმები გაწერილი, რაც უქმნის საჯარო მოხელეებს კანონის მოთხოვნების დარღვევის საკმაოდ ნოყიერ ნიადაგს და ის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს, შეიძლება უარყოფითი მაგალითი იყოს სხვა საჯარო დაწესებულებებისათვის. ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ინფორმაცია მოვიპოვოთ, არის რაც შეიძლება მეტი განცხადებების გაგზავნა და შემდგომ ადმინისტრაციული საჩივრებისა და სარჩელების წარდგენა. ეს დღეს არსებული სამართლებრივი ბერკეტების ფარგლებში. სხვა მხრივ პრობლემების მოგვარებისთვის აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება და ინფორმაციის გაცემისათვის ეფექტური მექანიზმების შემუშავება, მაგალითად ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესება.

მიმაჩნია, რომ საჯარო ინფორმაციის არ გაცემის მიზეზად შეიძლება დავასახელოთ ზოგადი უპასუხისმგებლობა, ანუ ის რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ და ხელისუფლების მხრიდან საკითხის მოგვარების ნების არ არსებობა“, - აღნიშნა პრესაგე.ტვ-ისთან საუბრისას თამარ კორძაიამ.