„გზა მშვიდობისა, ჯაყო“ ანუ ვისი ბრალია „რვიანის“ დაშლა?

„გზა მშვიდობისა, ჯაყო“ ანუ ვისი ბრალია „რვიანის“ დაშლა?

ლევან  ვეფხვაძე და გია ცაგარეიშვილი ერთმანეთს პარლამენტის სესიაზე „ექვსიანის“ დაშლის გამო დაუპირისპირდნენ. ვეფხვაძე თავისუფალ დემოკრატებს „ექვსიანის“ საბოოლოდ დაშლას საყვედურობს, ცაგარეიშვილი კი მათ „ხელისუფლების დანამატებად“ მიიჩნევს.  

რამდენიმე თვის წინ „ოპოზიციური რვიანი“ იმის გამო დაიშალა, რომ ქრისტიან-დემოკრატებმა და ახალმა მემარჯვენეებმა ხელისუფლებასთან საარჩევნო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. სხვა საკითხია, მაშინ ვინ იყო მართალი და ვინ არა, მაგრამ ფაქტია, რომ „რვიანს“ და, მათ შორის, ამ ორ პარტიასაც, საარჩევნოდ სულ სხვა მოთხოვნები ჰქონდა და ის, რაზეც საბოლოოდ თანხმობა განაცხადეს, ამ მოთხოვნების მეათედიც კი არ იყო.

შემდეგ ამას დაემატა ისიც, რომ ხელისუფლებამ „საარჩევნო კოდექსში“ ისეთი ცვლილებებიც შეიტანა, რასაც საერთო არც შეთანხმების საკითხებთან ჰქონდა რამ საერთო და არც ამ შეთანხმებაში მონაწილე პარტიებმა იცოდნენ რაიმე ამის შესახებ.

ხელისუფლების ასეთმა დამოკიდებულებამ „ახლები“ და ქრისტიან-დემოკრატები კი გააღიზიანა, თანაც იმ დონეზე, რომ მაშინ ლევან ვეფხვაძე უკვე სარედაქციო ჯგუფის მუშაობის ჩაშლაზეც კი ალაპარაკდა, მაგრამ საბოლოოდ მათ გაბრაზებას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. არჩევნებამდე კიდევ რამდენი სიურპრიზი იქნება, არავინ იცის.

მიუხედავად ამისა, ლევან ვეფხვაძე მაინც მიიჩნევს, რომ მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და ეს საკითხი სესიაზე კიდევ ერთხელ გაიხსენა.  

ვეფხვაძის თქმით, ქრისტიან–დემოკრატები თელავში კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ თერთმეტი საკითხის შესახებ უმრავლესობასთან შეთანხმების გაფორმება მართებული იყო. როგორც იგი აღნიშნავს, პარტიების წარმომადგენელთა დაფინანსება და წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების ფინანსური მხარდაჭერა საჭიროა, რათა კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნას.

ამასთან, ვეფხვაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ „ექვსეულის“ დაშლით მათ დაადასტურეს, რომ თავის დროზე პროცესში შესვლის შესახებ ქრისტიან–დემოკრატების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ერთადერთი სწორი გამოსავალი იყო.

„ის, რაც „ექვსეულში“ დარჩა, გარდაიქმნა ე.წ. კვოტებსა და ბლოკზე მსჯელობის ადგილად, რაც საბოლოოდ ვერ შედგა. ჩვენ ამას გავერიდეთ. ჩვენ არ შევცდით არც მაშინ, როდესაც ამ პარლამენტში შემოვედით და არც მაშინ, როდესაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესში ჩავერთეთ. მიგვაჩნია, რომ შემდეგი არჩევნები ამ პროცესში მონაწილეობით უკეთესი უნდა გახდეს,“ – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

რაც მთავარია, მან ღიად დაადანაშაულა ირაკლი ალასანია უკვე „ექვსიანის“ დაშლაში და საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდა ურჩია.

„რაც შეეხება იმ მითს, თუ რატომ დაიშალა „ექვსეული“, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ძიძიგურს ან უსუფაშვილს ეზარებოდათ რეგიონებში სიარული, ვიღაცას ეხალისებოდა და ერთ–ერთი პოლიტიკური პარტია ამიტომ წამოვიდა „ექვსეულიდან.“ მინდა კოლეგებს გავახსენო დაპირებები და ილუზიები, რომელთა შესახებაც რამდენიმე კვირის წინათ საკალათბურთო დარბაზში ისაუბრეს. ისინი მილიონი ამომრჩევლის მობილიზებას გვპირდებოდნენ.

ბუნებრივია, მათგან განსხვავებით ჩვენს ამომრჩეველს ნამდვილად არ ვამყოფებთ ილუზიებში და ფუჭი დაპირებებით მათი კვება არ გვინდა. ჩვენთვის მთავარია თანამიმდევრულობა. ამას, სამწუხაროდ, ჩვენს კოლეგებს ვერ ვატყობთ. რადგანაც ხან თანამშრომლობის შესახებ საუბრობენ, ხან ამ გუნდს ტოვებენ. ბლოკებს ქმნიან და შლიან. ყველაზე მთავარი ის არის, რომ, როდესაც ამომრჩევლებს ილუზიებში ამყოფებ, მიიღებ შესაბამის შედეგს და ეს კარგი არ იქნება. რეიტინგები, რომელიც უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება, ამას დაადასტურებს. პროცესში შესვლით პასუხისმგებლობის აღება და კონკრეტული შედეგის მიღება ჩვენი არჩევანია. ზოგი კი პასუხისმგებლობისგან გაქცევას ირჩევს.

ახლა გავიხსენოთ ჩვენი სიტყვები, როდესაც ერთმანეთს დაცინვით და ირონიით ვესაუბრებოდით და იმდენი მაინც გავაკეთოთ, რომ ჩვენს ამომრჩევლებს ბოდიში მოუხადოთ. ბოდიში იმისთვის, რომ რასაც დაპირდით და ვერ გააკეთეთ, ხოლო ქრისტიან–დემოკრატები დანაპირებს ვასრულებთ. ამის დასტური იქნება ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც ცოტა ხანში ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება,“ – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ამის შემდეგ ვითარების განმუხტვა პაატა დავითაიამ სცადა იმით, რომ  

ოპოზიციურ სპექტრს საარჩევნო პროცესში ჩართვისკენ და იმის გაცნოიბიერებისკენ მოუწა, რომ „ყოველგვარი „რვიანის“ მსგავსი ფორმატები, ფუჭია“.

როგორც მან განაცხადა, საარჩევნო პროცესზე მუშაობისას არაერთი კრიტიკა მოუსმენია, თუმცა ის შეგნებულად არ აკეთებდა კომენტარებს და არ იძლეოდა ინტერვიუებს, რადგან აკვირდებოდა პროცესს და მისი დასრულების შედეგი აინტერესებდა.

მისი თქმით, მას ჰქონდა გამოცდილება იმისა, თუ როგორ შეიძლება „შეთანხმება, მერე ერთმანეთის გინება, მერე ისევ შეთანხმება“.

დავითაიამ აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ მას ჰქონდა შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ექსპერტებთან, სადაც დეტალურად ისაუბრა საარჩევნო კოდექსზე და ექსპერტები საქმის კურსში ჩააყენა შეთანხმებების შესახებ.

მთავარი პრინციპი იმაშია, რომ შეთანხმება არის მთავარი და პროცესში შესვლამ და დიალოგზე წასვლამ აჩვენა, რომ ასეთი მიდგომა მომგებიანია, ხოლო „რვიანი“ და სხვა რაღაც ფორმატები, ფუჭი აღმოჩნდა,“ – განაცხადა დავითაიამ და დასძინა, რომ მას და მის თანამოაზრეებს “ნაღდად” აქვთ პასუხისმგებლობა და მისი აღებაც შეუძლია.

თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელმა გია ცაგარეიშვილმა კი ვეფხვაძე „ქართულ პოლიტიკაში ჯაყოიზმის დამკვიდრებაში“ დაადანაშაულა.

ცაგარეიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ამ ბოლო დროს საქართველოს პარლამენტში ვეღარ შეამჩნევ სად მთავრდება უმრავლესობა და სად იწყება უმცირესობა.

თავისუფალი დემოკრატები არ ვაპირებთ ვიქცეთ ხელისუფლების დანამატად. ეს ხვედრი განგებამ ბატონ ვეფხვაძეს და მის თანაგუნდელებს მოუვლინა. ჩვენ არ ვაპირებთ სიამოვნებისგან ყიჟინა შემოვკრათ, როდესაც არჩევნებში ისეთ შედეგს დავდებთ, როგორც ქრისტიან-დემოკრატებმა დადეს თელავში ჩატარებულ მაჟორიტარულ არჩევნებში. დღეს მიგვითითეს, რომ მილიონი ამომრჩევლის შესახებ დაპირება დავივიწყეთ. როგორც ჩანს, ლევან ვეფხვაძისთვის მომავალი არჩევნები ჩატარებულია და შედეგი ცნობილია, თუ გავითვალისწინებთ ნაციონალური მოძრაობის ცნობილ გამყალბებლებთან ვეფხვაძის მეგობრულ კავშირებს,“ – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.  

ცაგარეიშვილის გამოსვლის შემდეგ კი ქრისტიან-დემოკრატების დაცვა მაგდა ანიკაშვილმა სცადა. მისთვის გაუგებარია, რატომ გახდა ოპოზიციის ნაწილისთვის მთავარი ოპონენტი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და არა ხელისუფლება.

ანიკაშვილმა ისიც განაცხადა, რომ მას სურს, მიმართოს ცაგარეიშვილს და აუხსნას, რომ ორივე პარტიისთვის მთავარი ოპონენტი მომდევნო არჩევნებზე იქნება არა ხელისუფლება, არამედ ის ნიჰილიზმი, რომელსაც საზოგადოებას აქვს ოპოზიციისადმი და ზოგადად, პროცესებისადმი, რადგან მას აღარ აქვს ნდობა აღარც არჩევნებისადმი და აღარც ოპოზიციის მიმართ.

ანიკაშვილის თქმით, ნაცვალად იმისა, რომ ოპოზიციამ ამომრჩეველი დაარწმუნოს იმაში, რომ განსხავებული პოზიციების მიუხედავად, ოპოზიცია არის ერთიანი და ერთიანად არის ხელისუფლებასთან დაპირისპირებული, როგორც ჩანს, ოპოზიცია უმრავლესობასა და უმცირესობას შორის განსხვავებას მართლაც ვეღარ ხედავს.

თუმცა, ისიც ფაქტია, რომ პირველი განცხადება სწორდ მისი პარტიის წარმომადგებელმა გააკეთა და ალასანია იმ გაერთიანების დაშლაში დაადანაშაულა, რაც თავად პირველმა დატოვა.