ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დასმას გეგმავს. ეს გადაწყვეტილება ფრაქციამ მას შემდეგ მიიღო, რაც მინისტრი, ან მისი წარმომადგენელი ფრაქციის სხდომაზე არ გამოცხადდა. შაშკინის ამ ქმედებას კი რეგლამენტის დარღვევად აფასებენ და აცხადებენ, რომ „არ შეიძლება, ასეთ უპასუხისმგებლო ადამიანს ეს თანამდებობა ეკავოს“.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი განმარტავს, მათ მინისტრს მოწვევა დაახლოებით ათი დღღის წინ გაუგზავნეს და მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტი მათ წინასწარ კითხვების გაგზავნას არ ავალდებულებდა, მთავრობის საპარლამენტო მდივნის თხოვნით, შაშკინს სასაუბრო თემების შესახებაც აცნობეს.
„ჩვენ ათ დღეზე მეტია, ვაწარმოებთ კონსულტაციას მთავრობის საპარლამენტო მდივანთან იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონი შაშკინი პარლამენტში, ფრაქციის სხდომაზე მობრძანებულიყო და გაეცა კითხვებისთვის პასუხი. ამას ჩვენ რეგლამენტზე დაყრდნობით ვაკეთებთ და აქ არანაირ თვითინიციატივას არა აქვს ადგილი. რეგლამენტში პირდაპირ წერია, რომ მინისტრი ვალდებულია, პარლამენტში მოვიდეს და გასცეს კითხვებს პასუხი.
რეგლამენტი არ გვავალდებულებს, რომ ფრაქციაზე მოწვევისთვის მინისტრს კითხვები გავუგზავნოთ. მინისტრი ფრაქციის სხდომაზე რომ მოდის, იქ იმართება დებატები და ცხადია, ჩვენ კრიტიკულ კითხვებს დავუსვამდით. მე გია თორთლაძე ხომ არ ვარ, რომ ანტიკრიზისული სხდომებზე გუნდრუკი ვუკმიო შაშკინს და მისთანებს? მიუხედავად ამისა, ბატონმა ხუროშვილმა მთხოვა, რომ იქნებ რამდენიმე კითხვა მაინც ჩამოაყალიბოო და მე გავაკეთე, მიუხედავად იმისა, რომ მე ეს არ მევალებოდა“, - ამბობს გია ცაგარეიშვილი.
რაც შეეხება კითხვებს, თუ რა თემებზე უნდა ესაუბრა მინისტრს ფრაქციის სდომაზე, ფრაქციის წარმომადგენელი ჯონდი ბაღათურია აღნიშნავს, რომ უნდა განხილულიყო საშუალო სკოლებში მიმდინარე ოპტიმიზაციის პროცესი, რაც მისივე შეფასებით, კანონდარღვევით მიმდინარეობს და ადგილი აქვს ნეპოტიზმს და პროტექციონიზმს.
ასევე, მინისტრს უნდა განემარტა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის სიძვირე, რის გამოც გაჭირვებულ სტუდენტებს მისი დატოვება უწევთ. ასევე, მინისტრს უნდა ესაუბრა სახელმძღვანელოებზე ძვირი ფასების მიზეზებზე და ა.შ.
„შაშკინმა პარლამენტში პირობა დადო, რომ გაიზიარებდა „ქართული დასის“ ინიციატივას და უფროსკლასელების წიგნების გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა უმცროსკლასელთათვისაც და ეს პროცესი სასკოლო ბიბლიოთეკებში დარეგულირდებოდა. მაგრამ როგორც ჩანს, ვიღაცა ძალიან დიდ ფულს აკეთებს“, – განაცხადა ბაღათურიამ და დასძინა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმოქმედობა, სერიოზულ ეჭვებს ბადებს.
„ეს კითხვები ეხებოდა პედაგოგთა სოციალური უფელებების დაცვას, რადგან იცით, რომ პედაგოგთა სოციალური უფლებები მასობრივად ირღვევა. ეს ეხება იმ მაფიოზურ სქემებს, რომლებიც უკვე ამოტივტივებულია და ეს სქემები უშუალოდ შაშკინის და ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირების უშუალო მონაწილეობით იქმნებოდა. საკითხი ეხება სახელმძღვანელოებზე ფასების რეგულირებას, იმ კონკურსებს და ტენდერებს, რასაც სამინიტსრო აცხადებდა და ეს იყო მეორე კითხვა. მესამე კითხვა იყო სწავლის საფასურის ზრდა. ეს იყო სამი თემა, რომელსაც, რა თქმა უნდა, სხვა თემები და სხვა საკითხებიც მოჰყვებოდა. მაგალითად, რა ეშველებათ იმ ბავშვებს, რომლებიც სკოლამდე 4-5 კილომეტრს ფეხით გადიან და სად არის სასწავლო ავტობუსების პროგრამა, რომელსაც თვალებში გვაჩეჩებდნენ? თუმცა, ცხადია, ჩვენ სხვა თემებზეც გვექნებოდა საუბარი და საზოგადოებისთვის სწორედ ეს იქნებოდა საინტერესო და არა ის ხოტბა-დიდება, რასაც მას უმრავლესობა ასხამს ხოლმე“,- ამბობს ცაგარეიშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ განათლების მინისტრმა ფრაქციის სხდომაზე მიწვევის შესახებ ათი დღით ადრე მაინც იცოდა და ამასთან, იცოდა, რა თემებზე მოუწევდა მას საუბარი, იგი ფრაქციის სხდომაზე მაინც არ მივიდა და არც თავისი წარმომადგენელი გაგზავნა. ამიტომ ფრაქციის წევრები მის ასეთ დამოკიდებულებას პარლამენტისადმი უპასუხისმგებლო საქციელს უწოდებენ.
„მისი პასუხი იყო ძალიან ცინიკური და ბრიყვული, რომ, თურმე, ერთი თვის წინ განათლების კომიტეტის სდომაზე ყოფილა მობრძანებული და იქ ანგარიში ჩაუბარებია საზოგადოებისთვის, ოღონდ ეს საზოგადოება იცით, ვინ არის? ეს არის ბატონი გოკა გაბაშვილი და მისნაირი თავქუდმოგლეჯილი ნაცმოძრაობის წევრები.
ცხადია, ჩვენ იმ სხდომას არ ვესწრებოდით და იმ კომიტეტში წარმომადგენელიც არ გვყავს. მაგრამ არმოსვლის მიზეზი ეს არ იყო. რეგლამენტში არ სწერია, რომ თუ მინისტრი ერთი თვის წინ რომელიღაცა კომიტეტის სხდომაზე მივა და თავისი თანაგუნდელების კითხვებს გასცემს პასუხს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიციური ფრაქციის სხდომაზე მოსვლის ვალდებული არ არის.
ასეთი ბრიყვული ახსნა მოუძებნა თავის არმოსვლას ბატონმა შაშკინმა და მე გეტყვით, რომ მას ეშინია ჩვენთან მოსვლის და ეშინია იმ კითხვების, რასაც ჩვენ დავუსვამთ. ეშინია იმ კითხვების, რასც სწავლული ექსპერტები დაუსვამდნენ, რომლებიც განათლების რეფორმას გამადიდებელი შუშით აკვირდებიან მთელი ამ წლების მანძილზე“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.
პარლამენტის რეგლამენტი, რომელსაც კანონის ძალა აქვს, მინისტრებს პარლამენტში და მათ შორის ოპოზიციური ფრაქციების სხდომაზე მისვლას ავალდებულებს. ცხადია, არმისვლა უკვე კანონდარღვეად ითვლება, მაგრამ რეგლამენტში არ არის გაწერილი, თუ არმისვლის შემთხვევაში რა სანქცია შეიძლება ამოქმედდეს კანონდამრღვევი მინისტრის მიმართ.
„სამწუხაროდ, რა სანქცია შეიძლება იქნას გამოყენებული, ასეთი უდისციპლინო მინისტირს მიმართ, ეს აღარ სწერია, რაც ჩემი აზრით, არის რეგლამენტის ძალიან დიდი ხარვეზი. ეს არის მინისტრის ვალდებულება, რომელიც ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული რეგლამენტში. ამიტომ გამოდის, რომ ბატონი შაშკინი არის კანონის დამრღვევი. ის რომ კანონის დამრღვევი იყო, ეს ჩემთვის მაშინ გახდა ნათელი, როდესაც გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა და უკანა ოთახიდან გამოაპარა. გაგახსენებთ მის კარიერას, როდესაც სასჯელაღსრულების მინისტრი იყო და როგორც ჩანს, აქაც ისევ ისე აგრძელებს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მას კანონდარღვევისთვის სათანადო პასუხი უნდა მოეთხოვოს“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.
მისი თქმით, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ დიმიტრი შაშკინს მოსამზადებლად კიდევ ათ დღეს აძლევს და თუ კვლავ არ გამოცხადდება ფრაქციის სხდომაზე, მისი პასუხისმგებლობის საკითხს დასვამს, „რადგან ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ის თანამდებობისთვის შეუფერებელია“.
„ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ, პირველ რიგში, სესიაზე, რადგან ძალიან კარგად ჩანს, როგორ პატივს სცემს მთავრობა პარლამენტს. თუ უმრავლესობას და პარლამენტის თავმჯდომარეს ჰგონია, რომ ვიღაცა ხელს აგვიქნევს და ეს მათ ავტორიტეტს კარგად წაადგება, ძალიან შემცდარან. ვირისგან წიხლი არ მწყინს და ბატონი შაშკინისგან არც ეს მწყენია. როგორც ჩანს, რასაც ეუბნებიან, იმას აკეთებს და ახლაც უთხრეს, რომ პარლამენტში ცაგარეიშვილთან ფეხი არ უნდა მოედგა. მაგრამ არაუშავს, მინისტრს პირობას ვაძლევ, რომ მას, ადრე თუ გვიან, მწვავე კითხევბზე მოუწევს პასუხის გაცემა და, რაც მთავარია, პასუხისგება მოუწევს. ჩვენ მას ათდღიან ვადას ვაძლევთ, გამოფხიზლდება, ჩამოყალიბდება, თავის მამა-მარჩენალთან გაივლის კონსულტაციას, მობრძანდება პარლამენტში და კითხვებზე პასუხს გაგვცემს, ძალიან კარგი და, თუ ასე არ მოხდება, ჩვენ მისი იმპიჩმენტის პროცედურებს დავიწყებთ“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.
მართალია, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება იმას არ ნიშნავას, რომ შაშკინს უსათუოდ გადაააყენებენ და ამ მოთხოვნას მხარს უმრავლესობაც დაუჭერს, მაგრამ ცაგარეიშვილი ამბობს, რომ, „თუკი ასე არე მოხდება, მაშინ ბაქრაძეს მოუწევს, აუხსნას საზოგადოებას, რატომ აფარებს ხელს დამნაშავე მინისტრებს და ეს მას სულ უფრო მეტად გაუჭირდება, რაც არჩევნები მოახლოვდება“.