ამოუცნობი   მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი

ამოუცნობი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა – ბორის ივანიშვილს რუსი ჟურნალისტები ამოუცნობ მილიარდერს უწოდებენ. სხვა ოლიგარქებისაგან განსხვავებით იგი თითქმის არ არის შემჩნეული კონფლიქტებსა და კრიმინალთან კავშირში და არც ჟურნალის პირველ გვერდზე გამოჭიმვა მოსწონს. ამ დროისათვის მისი პირადი კაპიტალი 5,5 მილიარდ დოლარს შეადგენს და იგი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში 185-ე გახლავთ. 

როგორ იქცა ბიძინა ბორისად

ბიძინა ივანიშვილი დაიბადა 1956 წლის 18 თებერვალს საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში. 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი. 1982 წელს ჩააბარა მოსკოვის საინჟინრო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. რუსეთში ცხოვრების პირველსავე წელს გაიცნო თავისი მომავალი ბიზნეს-პარტნიორი ვიტალი მალკინი და მალევე შეიცვალა სახელი და ბორისი დაირქვა.

„ჩემი სახელის წარმოთქმა უჭირდათ, ხან ბუზინას მეძახოდნენ, ხან კიდევ ბენზინს“, - იხსენებდა იგი ერთ-ერთ ინტერვიუში.

1986 წელს ბორის-ბიძინამ ასპირანტურა დაამთავრა და თბილისში დაბრუნდა. გონიერმა ახალგაზრდამ კომპიუტერების ყიდვა-გაყიდვას მიჰყო ხელი და ნორმალურადაც იხეირა. მაგრამ მალე გულმა ისევ მოსკოვისაკენ გაუწია, სადაც ფულის შოვნის მეტი ვარიანტები ელოდა. მან, მალკინმა და ამ უკანასკნელის კიდევ ორმა მეგობარმა ბრიანცევმა და მოსინმა დააარსეს ფირმა „აგროპროგრესი“ და პირველი ფული კომპიუტერებით ვაჭრობით იშოვნეს, მალე ასორტიმენტი გაზარდეს და დისტანციური ტელეფონები შემოიტანეს. 1990 წლისათვის მათმა ბრუნვამ 11 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც დიდი წარმატება იყო.

ჰოდა, პარტნიორებმა გადაწყვიტეს, რაღა სხვისი ბანკებით ვიმუშაოთ, ჩვენი შევქმნათო. ასე დაარსდა „რუსული კრედიტი“. თუმცა, მალე ბრიანცევი საქმიდან გავიდა და ბანკის მეპატრონედ სამნიღა დარჩნენ. ცოტა ხანში მოსინსა და ივანიშვილს შორის შავმა კატამ გაირბინა, ბორისმა მას საქმიდან გასვლა აიძულა და მისი წილიც შეიძინა. ამგვარად, „რუსული კრედიტის“ 67 პროცენტი ივანიშვილის გახდა, 33 კი მალკინის გახლდათ.

ცხადია, ბანკის მართვის სადავეები ივანიშვილის ხელში იყო. მალკინი სხვა საქმეებს აგვარებდა, როგორებიც გახლავთ მთავრობასთან, სხვა ოლიგარქებთან და კრიმინალურ სამყაროსთან ურთიერთობა. ბანკის განვითარების სტრატეგიასაც ივანიშვილი განსაზღვრავდა. მისი ინიცაიტივით დაიწყო გაფართოვება და მთელს ქვეყანაში ფილიალების გახსნა.

ინტელიგენტი ოლიგარქი

ივანიშვილის შესახებ ხშირად ამბობენ, რომ იგი ყოველთვის ცდილობს კონფლიქტს თავი აარიდოს. თუმცა, რუსული ბიზნესის ჯუნგლებში მთლად ამის გერეშე თავი ვის გაუტანია. ერთ-ერთი ამგვარი იყო კრასნოიარსკის ალუმინის ქარხნისათვის ომი, რომელიც 1992 წელს დაიწყო და რომელშიც ხან ვინ იმარჯვებდა, ხან ვინ. 1996 წლისათვის ივანიშვილმა ქარხნის საკონტროლო პაკეტი ხელში ჩაიგდო. ამ ბიზნესის გამო თითქოს მასზე თავდასხმაც იგეგმებოდა, მაგრამ ივანიშვილმა ომი ჩვეული ცივსისხლიანობით მოიგო და მალე აქციების ნაწილი გვარიანი მოგებით გაყიდა. ეს ივანიშვილის ახალი ჰოლდინგური კომპანია „მეტალოინვესტის“ აყვავების დასაბამი იყო. აქვე დავძინოთ, რომ ეს კომპანია 2004-2005 წლებში ივანიშვილმა ლისინს მთლიანად მიყიდა.

ამავე პერიოდში ივანიშვილი შავი მეტალურგიით დაინტერესდა. 1998 წლისათვის იგი უკვე ფლობდა სამ მსხვილ საწარმოს. როგორც ამბობენ, ხშირად იგი თავად აწარმოებდა საქმიან მოლაპარაკებას და თუ მის მიერ შეთავაზებული თანხა მფლობელს არ აწყობდა, დაშინებასაც არ ერიდებოდა. თუმცა, ამას რუსეთში გავრცელებული მეთოდიკით კი არა, უფრო მშვიდად და ინტელიგენტურად აკეთებდა.

1998 წლის კრიზისისას ივანიშვილს რამდენიმე საწარმოს გაყიდვა მოუხდა, რომ „რუსული კრედიტი“ გადაერჩინა, რომელიც იმ პერიოდში გვარიანად დაზარალდა. თუმცა, ბევრი ოლიგარქისაგან განსხვავებით ივანიშვილს დიდი ზარალი არ უნახავს. მისი ბიზნესი მალე წელში გაიმართა და, მეტიც, გამსხვილდა და მრავალფეროვანი გახდა. კერძოდ, სააფთიაქო ქსელი „დოქტორი სტოლეტოვი“ შეემატა. გარდა ამისა, დაიწყო ფულის დეველოპერულ პროექტებში დაბანდება.

ივანიშვილის მის მიერ დანერგილ მმართველობის ჭკვიანურ ფორმას, კადრების სწორად შერჩევას და ადამიანების მართვის ნიჭს უკავშირებენ. ივანიშვილს პლუსად უთვლიან იმასაც, რომ არაერთი რუსი ოლიგარქისაგან განსხვავებით თავს არიდებს საკუთარი პერსონის აფიშირებას და საქმის სხვისი ხელით გაკეთება მოსწონს. მის შესახებ კიდევ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო დროს ფერწერული შედევრების კოლექციონერობამ გაიტაცა. მის კოლექციაში ყველაზე ძვირფასი პიკასოს „დორა მარი კატით“ გახლავთ, რომელიც 2006 წელს ნიუ იორკში სოთბის აუქციონზე 95 მილიონ დოლარად შეიძინა.

ბევრი რუსი ანალიტიკოსი კი თვლის, რომ ივანიშვილი უბრალოდ მკაცრი და მიზანმიმართული მმართველია და ეკონომიკის არაფერი გაეგება. მას ჩვეულებრივი რუსი ოლიგარქებისაგან ის გამოარჩევს, რომ ჩრდილში ყოფნა უყვარს. კაცმა რომ თქვას, მისი ქონების და ამბიციების პატრონისათვის ეს იოლი საქმე არ არის.