კახეთში ხანძარია პირდაპირი და გადატანითი მნიშნველობით. დედოფლისწყაროში ბოლო ერთ თვეში 20 ჰექტარი მსხმოიარე ვენახი გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა. სხვაგან კი ხანძარი გლეხების გულში ანთია. დიდი ჯაფით მოყვანილი მოსავალი მიზერულ ფასშიც კი არავის მიაქვს.
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში მცხოვრები მევენახეები რთველის მიმდინარეობით უკმაყოფილოები არიან. როგორც ისინი აცხადებენ, ღვინის ქარხნები რქაწითელის ჯიშის ყურძენს ამ დრომდე არ იბარებენ, ყურძენი კი უკვე ლპობაში მიდის.
“სამი კვირაა ყურძნის დაკრეფა მინდა, მაგრამ ღვინის ქარხნები რქაწითელის ჯიშის ყურძენს არ იღებენ. სხვადასხვა ღვინის ქარხნებში ვიყავით მისულები, მათ შორის წნორის ღვინის ქარხანაშიც, რომელიც ტერიტორიულად ჩვენთან ახლოსაა, მაგრამ ყურძენი არ მიიღეს. გვითხრეს, რომ ყურძნის შაქრიანობა დაბალია და ვერ ჩავიბარებთო, არადა სინამდვილეში შაქრიანობა 22-23 გრადუსს აღწევს.
ჩვენი ვარაუდით, ქარხნები ამას იმიტომ გვიკეთებენ, რომ ყურძნის ფასი დაეცეს. საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში, ქარელის რაიონიდან ერთ-ერთი ღვინის ქარხნის “ოკანი”–ს წარმომადგენლები არიან და ისინი ყურძენში 33 თეთრს იხდიან. იქ დგას სასწორი, სადაც ძარებს წონიან.
მათ 120 ტონა ყურძნის ყიდვა სურთ, აქ კი 8 ათასი ტონა ყურძნის მოსავალი დაიკრიფება. არ ვიცით რა უნდა ვქნათ, გლეხებს ყოველთვის გვჩაგრავენ და ჩვენი შრომა დაუფასებელია”, - აღნიშნა სოფელ არხილოსკალოში მცხოვრებმა ტრისტან ზაქაიძემ.
თუმცა არხილოსკალოელებს რა უჭირთ, როცა სამთაწყაროში მოსავლის რეალიზაციის პრობლემას ზედ ხანძარიც ერთვის. თანაც ცეცხლი ზვრებს ანადგურებს. ბოლო 1 თვეში რაიონში 20 ჰექტარი ვენახი დაიწვა.
პარტია “თავისუფალი საქართველოს” დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ცნობით, დაზარალებულები პეტრე მამულაშვილი, გიორგი საკანელაშვილი, ავთანდილ სარდალაშვილი ეჭვს გამოთქვამენ, რომ მათი ვენახები შეგნებულად დაწვეს.
“სოფელს პატრონი არ ჰყავს, ვენახებს შეგნებულად გვიწვავენ. აქ კარგი კლიმატია და ზეთისხილის პლანტაციები უნდათ, გააშენონ. მალე, ალბათ, სახლებსაც დაგვიწვავენ, პროტესტის გამოხატვის საშუალებასაც არ გვაძლევენ და გვემუქრებიან”, - აცხადებენ პარტიის მტკიცებით, დაზარალებულები.
“თავისუფალი საქართველოს” დედოფლისწყაროს ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი შეგნებულად კეთდება, რათა ხალხის ვენახები დაისაკუთრონ.
“ყურძნის ფასიც ასეთი მიზერული იმიტომ იყო, რომ ამ უხსოვარი მამა-პაპისეული კულტურის მოვლა-პატრონობაზე გლეხს სამუდამოდ ხალისი დააკარგვინონ. ამ დროს გლეხს ყურძენი უკვე დაბინავებული ჰქონდა, დღეისათვის კი სოფელ არხილოსკალოში 800 ტონამდე ყურძენი ჯერ კიდევ დასაკრეფია, რადგან ქარხნები რქაწითელის ჯიშის ყურძენს არ იბარებენ”, - აცხადებს “თავისუფალი საქართველოს” დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამილა გურამიშვილი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული პაატა ნადირაშვილი სოფელში 5 ჰექტარი ვენახის დაწვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
“ორი დღის წინათ პატარა ფართობზე მინდორს წაეკიდა ცეცხლი, რომლის ჩაქრობაც მალევე მოხერხდა. ვენახები არ დამწვარა”, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს პაატა ნადირაშვილმა.
სამთაწყაროში ვენახების დაწვის ფაქტს არ ადასტურებს დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი ნიკა ფიროსმანაშვილიც. “ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მინდორი იწვოდა. მალევე დაგვირეკეს და გითხრეს, ცეცხლი თვითონვე ქრება და თქვენი ადგილზე მოსვლა საჭირო აღარ არისო. სამთაწყაროში ვენახები არ დამწვარა”, - აღნიშნა ნიკა ფიროსმანაშვილმა.
ამავე რაიონში ერთი თვის წინათ 15 ჰექტარი ვენახი ანალოგიურად, გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა. პარტიის ინფორმაციით, სიღნაღის პროკურატურამ მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა დაზარალებულებს ზარალი მუნიციპალიტეტმა იმ საბაბით არ აუნაზღაურა, რომ ვენახები დაზღვეული არ ჰქონდათ.
1176
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85