ბაღაფში: „ყველამ კარგად დაინახა, ვინ როგორ იბრძვის“

ბაღაფში: „ყველამ კარგად დაინახა, ვინ როგორ იბრძვის“

ახალი ომის შემთხვევაში რუსეთი „საქართველოს დამარცხებას ხუთ დღეზე ნაკლებ დროში“ აპირებს - რუსეთის თავდაცვის მინისტრი ასეთ განცხადებას აკეთებს ვაშინგტონში, რომელიც საქართველოს უმთავრეს საერთაშორისო მხარდამჭერად ითვლება. სერდიუკოვის კოლეგა გეიტსი კი რუსებს ეუბნება, რომ ქართველი სამხედროების მომზადება და აღჭურვილობის გადაცემა ავღანეთის ოპერაციებში გამოსაყენებლად სჭირდება.

 

რა უნდა ითქვას ამაზე? საქმე იქამდე მივიდა, რომ დღეს სოხუმში და ცხინვალში დაბუდებული „აღიარებული მარიონეტები“ არა მარტო საქართველოს მმართველებს, არამედ ქართველების მეომრულ სულსაც კი დასცინიან. ცხინვალში „დამოუკიდებლობის წლისთავზე“ ჩასული „პრეზიდენტი“ ბაღაფში აცხადებს, რომ „ახლა უკვე აღდგენითი პროცესი დაიწყო; რაც შეეხება ბრძოლას – უკვე ყველამ კარგად დაინახა თუ ვინ როგორ იბრძვის“.

 

რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი, ახალი ომის შემთხვევაში, საქართველოს ხუთ დღეზე ნაკლებ დროში დამარცხებით იმუქრება. როგორც რუსული მედია იუწყება, ეს განცხადება სერდიუკოვმა აშშ-ში ვიზიტის დროს გააკეთა.

 

მან განაცხადა, რომ საქართველოსთან ახალი ომის შემთხვევაში რუსული არმია მოწინააღმდეგეს უფრო სწრაფად გაანადგურებს, ვიდრე ეს 2008 წელს მოხდა – „აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე შეტევის მოსაგერიებლად რუსეთს 5 დღეზე გაცილებით ნაკლები დასჭირდება“.

 

სერდიუკოვმა აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზებს საქართველოს მხრიდან ნებისმიერი შესაძლებელი აგრესიის აღკვეთა შეუძლიათ.

 

„რეგიონში ვითარების შესაძლო განვითარების ანალიზს მუდმივად ვაწარმოებთ. ის ძალები და ქვედანაყოფები, რომლებიც ორ სამხედრო ბაზაზეა, საკმარისია, რათა ვითარების ნებისმიერ განვითარებაზე მოვახდინოთ რეაგირება“, – აცხადებს სერდიუკოვი.

 

რუსეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ძალები სრულიად საკმარისია და მათი გაზრდა არ იგეგმება.

 

გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ ქართული არმიის შეიარაღებას აგრძელებს.

 

„ჩვენ ეს ძალიან გვაშფოთებს და ხელს გვიშლის აშშ-სა და ისრაელთან თანამშრომლობაში“, – აცხადებს სერდიუკოვი და დასძენს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობის ანალიზს მუდმივად აწარმოებს.

 

მინისტრის განცხადებით, დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრებზე რუსული მხარე ყოველთვის აყენებს საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდების საკითხს.

 

„ვამბობთ, რომ ეს გვაწუხებს და ხელს გვიშლის პარტნიორებთან ურთიერთობაში, მათ შორის ისრაელთან, ამერიკასთან და ყველა დანარჩენთან, ვინც რაიმე გზით აიარაღებს ამჟამინდელ ქართულ რეჟიმს. რუსული მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდება მაქსიმალურად შემცირდეს“, – განაცხადა სერდიუკოვმა.

 

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 2008 წლის ომიდან ორი წლის შემდეგაც მხარეები ახალი ომის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ. ომის გამეორება არც თავად სერდიუკოვმა გამორიცხა და აღნიშნა, რომ ამგვარი დასკვნის საფუძველს სწორედ დასავლეთის ქვეყნების მიერ საქართველოს შეიარაღების გაგრძელება აძლევს.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო კალანდაძე რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებას აგრესიული რიტორიკის გაგრძელებად აფასებს და ამ ფაქტს „სამწუხაროს“ უწოდებს. კალანდაძის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა ფხიზლად არის და რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს.

 

„სამწუხაროა ასეთი რიტორიკა. აბსურდული და საფუძველს მოკლებულია ქართული მხრიდან აგრესიაზე საუბარი. ეს ცალსახად აგრესიული რიტორიკაა, რომელიც ჩვენს სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის. საერთაშორისო თანამეგობრობა ფხიზლად არის და ჩვენ მათ ინფორმაციას სისტემატურად ვაწვდით. იმედი მაქვს მათი მხრიდან ამ ყველაფერს ადეკვატური გამოხმაურება მოყვება“, – აცხადებს ნინო კალანდაძე.

 

მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან აგრესიაზე საუბარი ვერბალურ დონეზეც კი საქართველოსთვის საფრთხეს წამოადგენს.

 

„რუსეთი საქართველოს მიმართ აგრესიულ რიტორიკას კვლავ აგრძელებს. ამის გათვალისწინებით კი საუბარი რუსეთთან ურთიერთობაში რაიმე გარღვევაზე სამწუხაროდ ძნელი წარმოსადგენია. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ჩვენი ქვეყნის მიმართ აგრესიული ხასიათისაა, და ვერბალურ დონზეც კი საფრთხეს წამოადგენს“, – აცხადებს კალანდაძე.

 

თბილისი–მოსკოვის ამ სიტყვა–პასუხის ფონზე, აფხაზ და ოს სეპარატისტთა ლიდერები სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი ერთმანეთს ცხინვალში ხვდებიან.  ბაღაფში სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დაარსების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ოს სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დაარსების 20 წლისთავის ორდენით დააჯილდოვა.

 

„ჩვენი ზეიმებიც და ტრაგედიებიც ერთიანია. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ ერთმანეთს. ჩვენ ზეიმს დღეს ალამაზებს ის, რომ ჩვენი აფხაზი ძმები ჩვენთან ერთად არიან“, – განაცხადა ოს სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშთან მისალმებისას.

 

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, თავის მხრივ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა: „სამხრეთ ოსეთმა ეს დღე ბრძოლით და ტანჯვის მოიპოვა. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. ვხედავთ, რომ ახლა უკვე აღდგენითი პროცესი დაიყო. რაც შეეხება ბრძოლას – უკვე ყველამ კარგად დაინახა თუ ვინ როგორ იბრძვის“.