ნუგზარ წიკლაური: „ივანიშვილის პოლიტიკური კარიერა იქამდე დასრულდა, ვიდრე დაიწყებოდა“

ნუგზარ წიკლაური: „ივანიშვილის პოლიტიკური კარიერა იქამდე დასრულდა, ვიდრე დაიწყებოდა“

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ ივანიშვილისგან მეტს ელოდა და მისი განცხადების წაკითხვის შემდეგ „მისი ინტელექტუალური რესურსის სიმწირით“ გაოცებული დარჩა. ამიტომაც დარწმუნებულია, რომ ივანიშვილმა პოლიტიკური კარიერა უკვე დაასრულა.

რატომ ფიქრობს ასე და კონკრეტულად რა მოლოდინი ჰქონდა ხელისუფლებას ივანიშვილთან დაკავშირებით, ამ საკითხებზე პრესაჯი.ტვ ნუგზარ წიკლაურს ესაუბრა.

ნუგზარ წიკლაური: გულწრფელად გეტყვით, მე პირადად მართლა სერიოზულ პოლიტიკურ დოკუმენტს ველოდი. ამის ნაცვლად კი რაღაც ავადმყოფური ამბიციებით შეპყრობილი ადამიანის მიერ დაწერილი ძალიან უნიჭო საგაზეთი სტატია მივიღეთ. ასეთი საგაზეთო სტატიები ჩვენს ყვითელ პრესაში ასეულობით იბეჭდება და ამ თვალსაზრისით, ჩემი მოლოდინი ძალიან გაცრუებულია. ზოგ მომენტზე შეიძლება გაგეცინოს ან გაგეღიმოს, მაგრამ ზოგი ადგილი სასაცილოც კი აღარ არის.

რა ადგილებს გულისხმობთ?

- ჯერ ერთი, ეს ადამიანი ლანძღავს მთელ პოლიტიკურ სპექტრს, არამარტო ხელისუფლებას, არამედ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას. ეს არის ადამიანი, რომელიც მთელ მედიას, განურჩევლად იმისა, თუ როგორი მიმართულებისაა, უწოდებს სპეცდანიშნულების რაზმებს და ა.შ. მთლიანად მედიას ადანაშაულებს იმაში, რომ არ არიან პრინციპულები და მოუსყიდველები.

მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი მედიის მიმართ არასწორია, რადგან, შესაძლოა, რომელიმე მედიასაშუალება არ მოგწონდეს, მაგრამ ის, რომ მთელ მედიაზე ერთიანად თქვა, რომ ის არის უპრინციპო, ეს არის ძალიან მძიმე განცხადება. ამასაც არ სჯერდება და შემდეგ ამბობს, რომ მთელ ქართულ საზოგადოებას აკლია პოლიტიკური კულტურა და ესეც არის ძალიან მძიმე ბრალდება.

აქედან ის გამოდის, რომ ჩვენი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ცხოვრების არც ერთი მიმართულება არ არის პატივისცემის და დაფასების ღირსი, დახატულია ასეთი აპოკალიპტური სურათი და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება რაღაც მესიანისტული ტონალობები, რომ არის მხსნელი, რომ ის ფიქრობდა, იქნებ რომელიმე პოლიტიკურ მოძრაობას ან საზოგადოებრივ ძალას დახმარებოდა, მაგრამ ახლა უკვე გადაწყვიტა, რომ უშუალოდ და პირადად მიიღოს გადაწყვეტილება და უხელმძღვანელოს ამ პროცესს.

ეს ყველაფერი არის ძალიან სამწუხარო. პრაქტიკულად ის მოლოდინი, რაც ჩვენ ყველას გვქონდა, რომ მივიღებდით ახალ პოლიტიკურ ძალას, ახალი იდეებით და ახალი მისწრაფებებით, თუნდაც ის ყოფილიყო ჩვენგან განსხვავებული, ამ მოლოდინმა განიცადა ფიასკო და დარწმუნებული ვარ, ეს აზრი არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, არამედ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ამას იზიარებს.

რაც შეეხება მედიას, აქ უფრო მძიმედ არის საქმე. როდესაც ლაპარაკია ტელევიზიების ყიდვაზე, ჯერ ამ ტელევიზიებს ხელისუფლების კონტროლირებად სპეცსამსახურებს უწოდებს და იქვე ამბობს, რომ უნდა, ეს ტელევიზიები შეიძინოს და ეს რაღაცნაირი ვაჭრობა - გადავიხდი ამდენჯერ და ამდენჯერ მეტს - ჩემში ბადებს განცდას, რომ ადამიანს მართლა გულწრფელად სჯერა, ფული არის ყველაფრის შემოქმედი და ფულით შეიძლება ნებისმიერი რამის გაკეთება. სჯერა, რომ ფულით ნებისმიერი რამის ყიდვა შეიძლება, მათ შორის, პოლიტიკური პროცესის და მთელი ქართული საზოგადოების. მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ საქართველო არ არის ქარვასლა და არც ის ადამიანები და პოლიტიკური პარტიები არ არიან იმის ღირსები, რომ მისგან ასეთი შეფასებები მიიღონ.

მთლიანობაში ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ მოძებნოს მხარდამჭერები, მაგრამ მე ასეთი განცხადება მართლა არ წამიკითხავს, რომ ყველას მიმართ იყოს კრიტიკა და დამამცირებელი ტონალობა.

იმიტომ ხომ არა, რომ საზოგადოებაში გაჩნდა პესიმისტური დამოკიდებულება როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მიმართ და ამით მას სურს, აჩვენოს რომ ორივეს ემიჯნება?

- ასეთი აზრი გამიგია, რომ საზოგადოებას აღარც ხელისუფლება უნდა და აღარც ოპოზიცია, მაგრამ მე არა მგონია, ეს იყოს სრულყოფილი აზრი. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობის უფლება აქვს. მაგრამ ასე არ არის, რომ საზოგადოებას არავინ არ მოსწონდეს. კვლევები ტარდება და ჩანს, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს თავისი ავტორიტეტი, ზოგს - დიდი, ზოგს – პატრა, მაგრამ - აქვს.

მისი გათვლა ის არის, რომ არაფერი ამ ქვეყანაში არ ვარგა, მეორედ მოსვლა არის დამდგარი და ერთადერთი ხსნა არის ბიძინა ივანიშვილი და ისიც მაშინ, როდესაც ლაპარაკობს ხაზგასმით ფულთან დაკავშირებით.

კიდევ ძალიან არასერიოზულად მომეჩვენა ის განცხადება, სადაც ამბობს, რომ სამი წლის მერე პოლიტიკიდან საერთოდ წავა.

რატომ მოგეჩვენათ არასერიოზულად, ასეთი შინაარსის განცხადება ხომ აქამდეც გაკეთებულა?

- იმის თქმა, რომ ჯერ გავხდები პრეზიდენტი და მერე  საერთოდ წავალ პოლიტიკიდან, ჯერ მთელ საქართველოს ვიყიდი და მერე სამ წელში პოლიტიკდან წავალ, ძალიან არასერიოზული დამოკიდებულებაა, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ. მე მართლა გულწრფელად გამიკვირდა, შემდეგ კი ვიცინოდი.

მას ხომ ფინანსური გაჭირვება არა აქვს, რომ ვერ შესძლებოდა კარგი ექსპერტის, თუნდაც პიარის კარგი სპეციალისტის მოწვევა, რათა ადექვატური განცხადება დაეწერათ მისთვის. მთელ საქართველოში რამდენიმე ისეთი ადამიანი როგორ არ არის, რომელსაც მოეთათბირებოდა? გარწმუნებთ, ნებისმიერი ჭკუათმყოფელი ადამიანი, რომელიც მის ამ განცხადებას წაიკითხავდა, აუცილებლად ეტყოდა, რომ ეს არ არის პოლიტიკური განცხადება.

თქვენ როგორ ფიქრობთ, მისი გადაწყვეტილება, რომ სწორედ ასეთი განცხადებით გამოსულიყო, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს?

- ვერ გეტყვით. ალბათ, ეს არის მისი პოლიტიკური გემოვნება და მისი პოლიტიკური სახეც. არიან პოლიტიკოსები და ლიდერები, რომლებიც კარგ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და არიან, რომლებიც ასეთ განცხადებებს ვერ აკეთებენ. ამიტომ, ვთვლით ვიღაცას კარგ პოლიტიკოსად, ვიღაცას - საშუალოდ და ვიღაცას – ცუდად. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ შემიძლია, ვთქვა, რომ მისი პოლიტიკური კარიერა დასრულებილია და იქამდე დასრულდა, ვიდრე დაიწყებოდა. ეს ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ ამ სივრცეში მარტო ფულით ოპერირება თუ გინდა, ეს გამორიცხული ამბავია. ყველა საქმეში ყველაზე მთავარი ადამიანური რესურსია და პოლიტიკა ზოგს გართობად წარმოუდგენია და ასე არც ერთ სხვა სფეროზე არ ფიქრობენ. მაგალითად, არავინ იტყვის, რომ მოდი, ცოტა ხანს ფეხბურთელი ვიქნები და მერე წავალ. ან მხატვარი ვიქნები, ან პიანისტი და, რომ მომბეზრდება, წავალ. მაგრამ, როგორც ჩანს, პოლიტიკას ისეთ საქმიანობად თვლიან, რომელიც ყველას შეუძლია და ამ ადამიანსაც აქვს უფლება, რომ სცადოს.

ფულზე აპელირება, თქვენი აზრით, შეგნებულად მოხდა იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაიჯეროს ის, რომ იგი ხელისუფლებაში ფულისთვის არ მოვა?

- როგორც ჩანს, სოციალური პოპულიზმი მისი პოლიტიკური რაობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება.

მისი დაპირებები ძალიან გავს ბადრი პატარკაციშვილის მიერ საარჩევნოდ გაკეთებულ განცხადებებს, ფიქრობთ, რომ ივანიშვილი გაიმეორებს მა, რაც თავის დროზე წარუმატებელი აღმოჩნდა?

- არ ვიცი. ცხადია, ფულით და თუნდაც იმის განცდით, რომ მას აქვს ფული და საზოგადოებისთვის რაღაცის გაკეთება შეუძლია, გარკვეული მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებს. იგივე, ვიღაცას მისცემს ხეების ნერგებს და ეს კაცი მისი კმაყოფილი იქნება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის პოლიტიკური წარმატების მოსაპოვებლად. მით უმეტეს, რომ მისი ამბიციები არის ზღვარგადასული. იგი პირდაპირ წერს სიტყვათშეთანხმებას, - „მოვიდე პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობით“. იმას კი არ წერს, რომ ქართველმა ხალხმა მხარი დამიჭიროს, რომ პარლამენტში პოლიტიკური კომპონენტი შევქმნაო. არამედ ის ერთდროულად გველაპარაკება, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და როგორც პრემიერმინისტრიც და ამიტომ ვამბობ, რომ ეს არ იყო პოლიტიკოსოს განცხადება.

ხელისუფლება მას კონკურენტად არ აღიქვამს?

- დიდი ფინანსების გამოჩენა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, დამატებით ინტრიგას და ინტერესს სძენს და, როდესაც გავიგეთ, რომ ეს ადამიანი პოლიტიკაში აპირებდა მოსვლას, ვფიქრობდით, თუ რა იქნებოდა მისი პოლიტიკური დოქტრინა, პოლიტიკური პლატფორმა, როგორი იქნებოდა საგარო პოლიტიკისადმი მისი მიმართება და ა.შ. ამიტომ, თავდაპირველად ჩვენ არანაირი კომენტარი არ გავაკეთეთ, რადგან მის განცხადებას ველოდებოდით.

მისმა განცხადებამ კი, მე მგონი, ყველა გაოცებული დატოვა იმიტომ, რომ ინტელექტუალური რესურსის ასეთ სიმწირეს ნამდვილად არავინ ელოდა და მათ შორის, არც მე.

ფიქრობთ, რომ მას რუსული პოლიტიკის გავლენა აქვს?

- ეს უკვე ძალიან უინტერესო თემა გახდა. ამ ადამიანზე ახლა ბევრ ლაპარაკს აღარანაირი აზრი არა აქვს. ეს ყველაფერი ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის რიგითი მცდელობაა, რომელსაც აქვს განცდა, რომ ფულით ყველაფერს იყიდის, მაგრამ მე კიდევ ვამბობ, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი.

ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ივანიშვილი დამოუკიდებ თამაშს თამაშობს?

- არ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში ეს უნდა იყოს ვარაუდი და მართლა რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი წაგვეკითხა, მაშინ ვარაუდის გამოთქმაც ეღირებოდა, ახლა კი ამის კომენტირებამაც აზრი დაკარგა.