ექსპერტი ირაკლი მელაშვილი მიიჩნევს, რომ პატარკაციშვილის გამოცდილებამ ბიძინა ივანიშვილს ის შეცდომები უნდა დაანახოს, რაც ყოფილმა ბიზნესმენმა დაუშვა. ეს კი ივანიშვილისთვის იმის საწინდარი გახდება, რომ სააკაშვილს მოუგებს. პრესაგე.ტვ ესაუბრება პოლიტიკოსს, ირაკლი მელაშვილს.
სარკოზის ჩამოსვლის პარალელურად, ვარდების ხელისუფლებისადმი იმედგაცრუება სამოქალაქო სექტორმა და პოლიტიკოსებმა „ეკლებიანი“ აქციით გამოხატეს. ფილარმონიის წინ გამართულ ამ აქციას მხარი თქვენც დაუჭირეთ. რატომ?
- ფილარმონიის წინ გამართული აქცია საზოგადობის იმ გარკვეული ნაწილის რეაქციას გამოხატავდა, რომელმაც ჩათვალა, რომ ღირსება ჰქონდა. თავისუფლების მოედანზე სარკოზის დასახვედრად გამართულმა აქციამ კი გამახსენა, რომ ასეთი რამ საბჭოთა კავშირში ხდებოდა. ვაპირებ კიდეც, ჩემს უცხოელ მეგობრებს ამის ასახსნელად გავუგზავნო სიტყვა „USSR“. თავისუფლების მოედანზე გამართული აქცია გამოხატავდა, რომ ჩვენ საბჭოეთის გზით მივდივართ. მით უფრო, რომ გავრცელდა ინფორმაცია, როგორ ჩამოჰყავდათ ხალხი ავტობუსებით.
საინტერესოა, ის ფაქტი, თუ რატომ ჩამოვიდა სარკოზი საქართველოში. უპირველესად ის ჩამოვიდა ამიერკავკასიაში. რამდენადაც ვიცი, ცოტა გეგმები აირია და უფრო დიდხანს გაჩერდა სომხეთში, რადგან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ეს ორი დღეა, ძალიან დაიძაბა ვითარება ყარაბახში. ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. როგორც ჩანს, ფრანგები უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ, ვიდრე ქართველები. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს გარშემო მოვლენებს სერიოზულად არ აღვიქვამთ. სარკოზი ჩამოვიდა, რადგან ეს იყო ტურნე. მას რამდენიმე ტურნე ჰქონდა დაგეგმილი, რომელიც მის წინასაარჩევნო კამპანიას ემსახურებოდა.
რა თქმა უნდა, საფრანგეთი დიდი ქვეყანაა, მას გააჩნია თავისი რეგიონული ინტერესები, პირველ რიგში, ეს რეგიონული ინტერესი საფრანგეთის მხრიდან ყოველთვის იყო სომხეთში, ისევე, როგორც ბრიტანეთის მხრიდან - აზერბაიჯანში. ბუნებრივია, როცა ასეთ ვიზიტს აწყობს, ის რეგიონის სამივე ქვეყანას მოინახულებს.
ოპოზიციის ნაწილს მოლოდინი ჰქონდა, რომ სარკოზი მიშა სააკაშვილის მამხილებლად ჩამოვიდოდა და ყვითელ ბარათს აჩვენებდა.
- იცით რა, პრეზიდენტები ამ საქმეებით არ არიან დაკავებულნი, ვინმემ ვინმე ამხილოს. პრეზიდენტებს ცოტა სხვა საქმეები აქვთ. სარკოზის თავისი პრობლემები და მიზნები აქვს.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ ლამის დაჩრდილა სარკოზის თემა. ივანიშვილის პოლიტიკური შეხედულება, მეტ-ნაკლებად უკვე გაცხადდა. რას მოუტანს საქართველოს, ამჯერად უკვე მეორე ბიზნესმენის, პოლიტიკაში შემოსვლა?
- ვერაფერს გეტყვით. განსაკუთრებით ცოტა დამაფიქრებელი იყო ჩემთვის მისი მიმართვა ტელევიზიებთან, და საერთოდ, მედიასთან. უმჯობესია, სხვა ტონით ვილაპარაკოთ და არა ისე - ვინც ჩემს წინადადებას არ დათანხმდება - ყველა ხელისუფლებისაა. თუნდაც იმ ძალიან ძლიერი ნაბიჯით, რომ 7 ოქტომბერს დაამთხვია თავისი განცხადების გაკეთება, ივანიშვილმა, ფაქტობრივად, გამოწვევა გაუგზავნა სააკაშვილსაც და საზოგადოებასაც და შემდეგი მოსთხოვა - ან ჩემსკენ, ან მისკენ. თუმცა, როგორი იქნება მისი პოლიტიკური მრწამსი და შემდგომი ნაბიჯები, ამას მომავალი გვიჩვენებს.
ვისურვებდი, ეს ქვეყნისთვის სასიკეთო ყოფილიყო, რადგან დიდი ფული არ არის სწორი პოლიტიკის გარანტია. ამას ბადრი პატარკაციშვილის მაგალითი ადასტურებს. იმავე რუსეთში მილიარდერ პროხოროვს რაც დაემართა, ანალოგიურია. ისიც არანაკლებ ცნობილი ბიზნესმენი იყო.
უკვე შევეჩვიეთ, რომ არასასურველ პირებს ჩვენი ხელისუფლება რუსულ ფულს შეახსენებს ხოლმე.
- ამ შემთხვევაში, ფულის წარმომავლობას მნიშვნელობა იმდენად არ აქვს. პოლიტიკა ცოტა სხვა რამეა, ბიზნესი სხვა რამე. მნიშვნელოვნად ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი გუნდი შეიკრიბება ივანიშვილის გარშემო და როგორი იქნება ამ გუნდის განაცხადი.
რა კონტრარგუმენტით შეგიძლიათ უპასუხოთ ზოგიერთ ექსპერტს, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას სააკაშვილის ინტერესად აღიქვამს?
- ეს გამორიცხულია. ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა სააკაშვილის ინტერესში არაა. ამას მხოლოდ ივანიშვილის განცხადებებიდან გამომდინარე არ გეუბნებით. თუკი ჩნდება მეორე ფიგურა, რომელსაც ღია პრეტენზია აქვს პირველობაზე (და ეს იყო ის ნაკლი, რაც ოპოზიციას გააჩნდა, რომ მას არ სჯეროდა წარმატების), ეს სააკაშვილის ინტერესში ვერ იქნება. გარდა ამისა, არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი: ის კოზირები, რაც აქვს სააკაშვილს ოპოზიციასთნ მიმართებით, პირველ რიგში, ვგულისხმობ რესურსს, ეს კოზირი მას არ აქვს ივანიშვილთან მიმართებით. მეორეც, არსებობს განვლილი გამოცდილება, პატარკაციშვილის გამოცდილება - ის შეცდომები, რაც მან დაუშვა. ვისურვებდი, ივანიშვილს ეს შეცდომები არ დაეშვას. თუ ამ შეცდომებს არ დაუშვებს, სააკაშვილს მოუგებს.
პატარკაციშვილის მიერ დაშვებულ შეცდომებზე ხშირად საუბრობენ, მაგრამ, კონკრეტულად, რა იყო მისი შეცდომა და რა შეცდომა შეიძლება დაუშვას ივანიშვილმა?
- პირველი იყო გუნდი. ეს გახლდათ პატარკაციშვილის ღია შეცდომა, რაც გამოჩნდა კიდეც. ის გუნდი, რომელსაც პატარკაციშვილი დაეყრდნო, არაკონკურენტუნარიანი გახლდათ. მეორეც, ზედმეტი აქცენტის გადატანა მატერიალურ რესურსზე და პოლიტიკაში იმ ნაწილის უგულებელყოფა, რასაც ადამიანური რესურსი ჰქვია. ჩემი აზრით, ეს პატარკაციშვილის ძალიან სერიოზული შეცდომა იყო, რაც მას ძვირად დაუჯდა.
შემოთავაზების შემთხვევაში, ითანამშრომლებთ ივანიშვილთან?
- ჯერჯერობით ვერაფერს ვხედავ ისეთს, რომელიც ამ თანამშრომლობისკენ ან არათანამშრომლობისკენ მიბიძგებდეს. მომავალი გვიჩვენებს ყველაფერს. მოწადინებული ვიქნები, საქართველოში ძლიერი ალტერნატივა შეიქმნას. ეს უაღრესად მნივნელოვანია, რადგან ქვეყანა საითკენაც მიექანება, მიექანება სწორედ იმის გამო, რომ არანაირი ალტერნატივა არ არსებობს. კარგი იქნება, თუ ეს ალტერნატივა ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლებაა. რაც შეეხება თანამშრომლობას, უნდა გაცხადდეს რეალური მიზნები. არ მაწუხებს ის საკითხები, რის გაპიარებასაც ხელისუფლება იწყებს. გვეუბნებიან „რუსული ფულიო“, ეს ხელისუფლება რუსული ფულით არ არის მოსული სათავეში?
ივანიშვილის მხრიდან ნათქვამი „ფსევდოოპოზიცია“ რას ნიშნავს?
- მისი მხრიდან ნათქვამი სიტყვა, ალბათ, თვითონვე უნდა განმარტოს. ჩემი მხრიდან თუ გაინტერესებთ, მე ვიცი, რაც არის ფსევდოოპოზიცია. ეს ის ძალები არიან, რომელთაც ხელისუფლება აფინანსებს იმისთვის, რომ ოპოზიციური ნიშა დაიკავონ და ყველა გადამწყვეტ მომენტში ისეთი პოზიცია შეინარჩუნონ, რაც ხელისუფლებას აწყობს. ეს მარტივი თამაშია, ეს არის მეთოდიკა, რომელსაც ფართოდ იყენებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მაგალითად, სომხეთშიც. ამის სერიოზული აპრობირება განხორციელდა სომხეთში, ქოჩარიანის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. როგორც ჩანს, ეს ერთი პოლიტიკური პიარტექნოლოგიის ნაწილია, რომლის გათამაშებაც ხდება კავკასიაში, უფრო სომხეთსა და საქართველოში.
„ექვსიანი“ დაიშალა. როგორ განვითარდება მოვლენები და იმ ფონზე, როცა პერსპექტივა არ ჩანს, ღირს კი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გამართვა?
- ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ გაქვს ძალა. საერთოდ, არანაირ მოლაპარაკებაზე არ ღირს დაჯდომა, თუ შენს უკან ძალა არ არის - საზოგადოების მხარდაჭერა არის პოლიტიკოსების ძალა. მოლაპარაკებას აზრი ჰქონდა იმ შემთხვევაში, თუ ის პოლიტიკური ძალები, ვინც მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დამსხდარიყვნენ, ხალხის მხარდაჭერას მოიპოვებდნენ. ასეთ ვითარებაში არანაირ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. ახლა ძალის მოკრებაა საჭირო. როგორც ჩანს, პოლიტიკურ სპექტრში სერიოზული გადაჯგუფება მაინც მოხდება. მაგრამ თემა, რომელსაც ჰქვია საარჩევნო გარემო, ხელიდან არცერთ შემთხვევაში არ უნდა გავუშვათ, რადგან ეს არის ის ჯოხი, რომელიც მუდმივად უნდა ურტყა ხელისუფლებას. მოლაპარაკებები თუ ქუჩის აქციები - არცერთ მეთოდზე არ უნდა თქვა უარი პოლიტიკაში. ქუჩის ნებისმიერ აქციასა და ნებისმიერ დაპირისპირებას მოჰყვება ხოლმე მოლაპარაკება, თუნდაც იმისთვის, რომ გამარჯვება გააფორმონ. ამ ოპოზიციას დღეს ამის რესურსი არ აქვს. თუ უფრო ძლიერი ოპოზიციური ერთობა შეიქმნება...
მათ შორის, ახალი სახეებით?
- ქართულ პოლიტიკას ახალი სახეები აუცილებლად დასჭირდება, რადგან მე ვფიქრობ, ძველი სახეების მიმართ საზოგადოების მხრიდან გარკვეული მოყირჭება უკვე არსებობს.
ყოფილი პარტნიორების მხრიდან „ექვსიანის“ დაშლა თავად „ეროვნულ ფორუმსა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ ბრალდებათ.
- წარმოდგენა არ მაქვს. სჯობს, ამაზე პასუხი „ფორუმსა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ ჰკითხოთ. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ეს მაინც ორის ბრალი იყოს. თავიდანვე არასწორად დაიწყო ქმედება, რადგან აუცილებელი იყო ჯერ შეთანხმება სამოქმედო გეგმაზე და მერე გამოცხადება. ხშირ შემთხვევაში, ასეთ შეცდომას უშვებენ ხოლმე პოლიტიკური პარტიები, როდესაც ჯერ რაღაცას გამოაცხადებენ, იმედს შექმნიან და ამ დროს კი ძირითად საკითხებზე შეთანხმება არ აქვთ მიღწეული. ეს მძიმე შეცდომაა, რომელიც მთლიანად „ექვსიანმა“ დაუშვა. ყველაზე ცუდი კი ურთიერთგადაბრალების კამპანიაა, რაც ახლა მიმდინარეობს. ეს არც დამბრალებელს და არც პასუხის გამცემს, მინუსის გარდა, არაფერს მოუტანს.