ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა: მეტი მეტისთვის, თუ მეტი იმავესთვის?

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა: მეტი მეტისთვის, თუ მეტი იმავესთვის?


თითქმის ერთი კვირის წინ, ევროკავშირის ამჟამინდელმა მმართველმა ქვეყანამ, პოლონეთმა ამაყად განაცხადა, რომ 500 მედიასაშუალებაზე მეტმა ითხოვა აკრედიტაცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე, რომელიც ვარშავაში 29, 30 სექტემბერს ჩატარდა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ შეხვედრა ძირითადად PR აქციას და პოლონეთის მთავრობისთვის ერთ-ერთი საყვარელი იდეის გამოცოცხლების შესაძლებლობას წარმოადგენდა, განსაკუთრებით 9 ოქტომბრის არჩევნების კონტექსტში.

პოლონელი კომენტატორები არ მოეკიდნენ მსუბუქად მათი საგარეო მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას, რომელშიც მან ბელორუსიაზე ერთობლივი დეკლარაციის არარსებობას „პოლონური დიპლომატიის მარცხი“ უწოდა. მაშ, რა დასკვნები უნდა გამოიტანონ ევროპელმა ლიდერებმა სამიტიდან?

ძირითადად იგივე

ევროპის განახლებულ სამეზობლო პოლიტიკაში, რომლის პრეზენტაციაც ამ წლის მაისში მოხდა, ნათქვამია, რომ ევროპა და მისი მეზობლები თანამშრომლობას განახორციელებენ პრინციპით „მეტი მეტისთვის“. ეს იდეა ევროკავშირის მხარდაჭერას რეალურ და არა ქაღალდზე გატარებულ რეფორმებს უკავშირებს.

მაგრამ სამიტის შედეგები აშკარად აჩვენებს, რომ იმ დროს, როდესაც არაბული გაზაფხულის ფონზე ევროკავშირს სამხრეთ სამეზობლოსთან მიმართებაში მკაცრი პოზიცია უკავია, პოსტ-საბჭოთა აღმოსავლეთით ის ძველ შეცდომებს იმეორებს.

იმის ნაცვლად, რომ პატივი მიეგო პრინციპისთვის „მეტი მეტისთვის“, ევროკავშირმა კვლავ დახუჭა თვალი რეფორმების უკმარობაზე რეგიონში და მეტი ფინანსური დახმარებისა და უფრო ღრმა პოლიტიკური თანამშრომლობის დაპირება გასცა.

ევროკავშირი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების სანაცვლოდ, ბელორუსიის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს 9 მილიარდ დოლარს შეპირდა (ეს თავისუფალი არჩევნები მას თანამდებობიდან გადადგომას არ ავალდებულებს). ეს დაპირება, სხვა თუ არაფერი, გასაოცარია და სამწუხარო მოგონებას აღვიძებს – ალიანსმა ასეთივე შეცდომები დაუშვა ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ რეგიონში. ეს კი იმის ვარაუდს აჩენს, რომ ევროკავშირმა ვერ გამოიტანა დასკვნები არაბული გაზაფხულიდან და კვლავაც ჩაიდენს მის მიერ წარსულში დაშვებულ შეცდომებს.

ისინი, ვინც სამიტს წარმატებად მიიჩნევენ, იმის მტკიცებას დაიწყებენ, რომ ევროკავშირის განახლებული ვალდებულებანი რეგიონის მიმართ, ხელს შეუწყობს სტაბილურობის შენარჩუნებას აღმოსავლეთით და დაიცავს რეგიონს რუსეთის გავლენისაგან. ისინი იმასაც იტყვიან, რომ განახლებული ვალდებულებანი რეგიონს ევროპულ ღირებულებებთან უფრო დააახლოვებს.

მაგრამ ეს ენა, ერთადერთი თანმიმდევრული რამაა ევროკავშირის განახლებად ინიციატივებში რეგიონის მიმართ. „აღმოსავლეთის პარტნიორობა ევროკავშირის სუსტი დაპირების კიდევ ერთი ინკარნაციაა – ისეთი, რომელსაც რეგიონის ლიდერებმა არ უპასუხეს დემოკრატიისადმი, კანონის უზენაესობისადმი და პოლიტიკური რეფორმებისადმი ერთგულებით.

დეკლარაცია ბელორუსიის საკითხზე, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობმა ხელი არ მოაწერეს უბრალოდ გამოხატავდა „ღრმა შეშფოთებას ადამიანის უფლებათა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დარღვევათა გამო.“ რეგიონში ევროკავშირის მიერ დახარჯული ფულის რაოდენობის გათვალისწინებით, თუ ასეთ საბაზისო პრინციპებზეც არ არის თანხმობა, გაწეული ხარჯი და შედეგი უზარმაზარ პრობლემად იქცევა.

და თუ ევროკავშირის ფინანსური დახმარება პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას მოხმარდება, ბიუჯეტებისა, რომელთა ხარჯვაც ვერ კონტროლდება, ევროკავშირის გადასახადის გადამხდელები შეიძლება დაინტერესდნენ იმით, თუ კონკრეტულად რას აფინანსებენ. კედელზე ცერცვის ყრა იმ იმედით, რომ აქედან რაღაც გამოვა, მათ აშკარად ძვირად უჯდებათ. სანამ ევროკავშირი ამგვარ მიდგომას ახორციელებს, რუსეთს შეუძლია მოდუნდეს და გაიღიმოს. ევროკავშირის ნახევრად ერთგულება და ყოველთვის ნახევრადგამომცხვარი პროექტები საკმაოდ ორაზროვანია საიმისოდ, რომ მართლა შექმნას სხვაობა და ამიტომ რუსეთს ეკონომიკური და ფინანსური მანევრირებისთვის დიდი სივრცე რჩება. ამ თვალსაზრისით მოსკოვის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი, ალბათ, ყველაზე ნამდვილი რამაა.

გადავაქციოთ აღმოსავლეთი უკეთეს ადგილად

სანამ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგ სამიტს მოიწვევს, კარგი იქნებოდა მის ლიდერებს ასეთი კითხვა დაესვათ საკუთარი თავისთვის: არის კი მეორე მხარე ჩვენსავით სერიოზულად განწყობილი საკითხისადმი?

ეს მხოლოდ გეოპოლიტიკურ და ფინანსურ წუხილებს როდი ეხება. გაწამებულმა საზოგადოებებმა რეგიონში ბოლოს შეიძლება იფიქრონ, რომ ევროკავშირი იმ წარუმატებელი ეკონომიკური და პოლიტიკური მოდელების შექმნის თანამონაწილეა, რომელთა გამოც ასე იტანჯებიან ისინი თავის ქვეყნებში. ეს არა მხოლოდ ევროკავშირის რეპუტაციისთავის არის საზიანო, ეს ამავე დროს გააქარწყლებს სოციალურ დონეზე ნებისმიერი გაუმჯობესების იმედს, რომ აღარაფერი ვთქვათ რეგიონის პოლიტიკურ ეშელონებზე.

არადა, როდესაც ბოლოს ეს საკითხი გადავამოწმეთ, ევროკავშირს სურდა მსოფლიო უკეთეს ადგილად სწორედ მოქალაქეებისთვის ექცია.
foreignpress.ge