თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, საქართველოს შს სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს, დათა ახალაიას, სოსო თოფურიძეს, გერონტი ალანიას და ოლეგ მელნიკოვს დღეს ბრალი წარედგინებათ.
მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, 2012 წლის 18 ნოემბერს საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს მუშაკთა ცემის ფაქტზე. კბილაშვილის ინფორმაციით, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2005 წლის 5 იანვარს მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს უფროს მ. ა.-ს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იოსებ თოფურიძე და იმ მოტივით, რომ მისი ნახვა სურდა დეპარტამენტის დირექტორ დავით ახალაიას, დაიბარა თავისთან. დაახლოებით 14:00 საათზე მ.ა. მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს პირველი განყოფილების უფროს დ.კ.-სთან ერთად მივიდა მოდულის შენობაში. დავით ახალაიას მიერ დაშვებული საშვით მ.ა. და დ.კ. ავიდნენ იოსებ თოფურიძის სამუშაო ოთახში, რომელმაც 15-20 წუთის ინტერვალით ჯერ მ.ა., ხოლო შემდეგ დ.კ. შეიყვანა დავით ახალაიასთან. დეპარტამენტის დირექტორთან შესულ მ.ა. –ს დავით ახალაიას გარდა ოთახში დახვდნენ გერონტი ალანია, ოლეგ მელნიკოვი და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელი პირები. მცირეოდენი გამოკითხვის შემდგომ, რომელიც ეხებოდა 2005 წლის 2 იანვარს რესტორან "ძველ სახლში" ყოფილი შს მინისტრის ცოლის, თაკო სალაყაიასთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, პირადად დავით ახალაიამ, გერონტი ალანიამ, ოლეგ მელნიკოვმა, იოსებ თოფურიძემ და ოთახში მყოფმა სხვა პირებმა მ.ა. სასტიკად სცემეს ხელებითა და ფეხებით, რაც გაგრძელდა დაახლოებით 7 წუთი. დავით ახალაია აფურთხებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მას. ნაცემი მ. ა. გაიყვანეს დავით ახალაიას ოთახიდან და მოათავსეს იმავე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ოთახში. აღნიშნულის შემდეგ იოსებ თოფურიძემ უკვე დ.კ. შეიყვანა დავით ახალაიასთან, რომელმაც მას ასევე დაუწყო გამოკითხვა თაკო სალაყაიასთან დაკავშირებულ ინციდენტზე, რა დროსაც გაირკვა, რომ 2005 წლის 2 იანვარს რესტორან "ძველ სახლში" დ.კ.-ს ოჯახურ სუფრაზე მ.ა.-ს ნაცვლად იმყოფებოდა სხვა პირი, მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს პირველი განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი დ.ნ. დავით ახალაია იოსებ თოფურიძესთან ერთად სასწრაფოდ მივიდა ცალკე ოთახში მყოფ მ.ა.-სთან და ბოდიშის მოსახდელად დაჰპირდნენ სამსახურებრივ წინსვლას და გამოუშვეს მოდულის შენობიდან ისე, რომ არ დაუბრუნებიათ სამსახურებრივი პირადობის მოწმობა და ტაბელური იარაღი" - განაცხადა კბილაშვილმა.
მისივე თქმით, სწორედ ამის შემდეგ, დაახლოებით 16:00 საათზე მოდულის შენობაში გერონტი ალანიას მიერ დაშვებული საშვით შევიდა დავით ახალაიას მიერ დაბარებული მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს პირველი განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი ზ.მ.
„დავით ახალაიას დავალებით და სიტყვებით „გაიყვანეთ სხვა ოთახში და იქ მიხედეთ" ზ.მ. ამ ეტაპზე დაუდგენელმა კუდ-ის თანამშრომლებმა გაიყვანეს ერთ-ერთ ოთახში, დასვეს სკამზე, ქამარზე იარაღის ჩამოსაკიდი ღვედით ზურგს უკან შეუკრეს ხელები და დაიწყეს მისი ცემა, რაც განხორციელდა 3 ეტაპად და თითოეული გრძელდებოდა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. ხელებითა და ფეხებით ნაცემ ზ.მ.-ს ცემის თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ სკამზე ხელებგაკრულს იატაკზე წაქცეულს ტოვებდნენ ოთახში. ნაწამები და უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი ზ.მ. მოდულის შენობიდან გამოუშვეს მხოლოდ 23:55 საათზე" - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
მისივე თქმით, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან.