ბუტა რობაქიძის საქმეში მაშინდელი შს მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შესაძლო ფიგურირების საკითხი გადამოწმების სტადიაშია. ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში გადაცემა „პოლიტმეტრში" სტუმრობისას განაცხადა, რობაქიძის საქმის გამო შესაძლოა, სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
„საქმე გახსნილია შეფარდებით, ანუ დადგენილი და გარკვეულია ის, რომ ახალგაზრდებს არავითარი იარაღი არ ჰქონიათ და დღემდე როდესაც მათ ბრალი ედებათ იარაღის უკანონო შენახვა-ტარებაში, ეს მოიხსნა და გაქარწყლდა. ასევე მიქაძის მონაწილეობა ამ საქმეში გახსნის ელემენტია, თუმცა სხვა პირებთან დაკავშირებით დასაზუსტებელი კომპონენტები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ საქმე ბოლომდე არ არის გახსნილი, მაგრამ ეს საქმე არსობრივად გახსნილია" - განაცხადა კბილაშვილმა.
კითხვაზე, ფიგუირირებს თუ არა რობაქიძის საქმეში ოქრუაშვილის გვარი, კბილაშვილის თქმით, „ეს საკითხი გადამოწმების სტადიაშია და ექვემდებარება შესწავლას".
„ამიტომ, ვიდრე დაზუსტებულად არ იქნება მომწიფებული საკითხი, რომ გადაჭრით ითქვას დიახ, ან არა, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ" - განაცხადა კბილაშვილმა და დასძინა, რომ ამ დროისთვის ოქრუაშვილის მოწმის სახით გამოყენება არ მომხდარა.
ბუტა რობაქიძის საქმეში მტკიცებულებათა გაყალბების ბრალდებით საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ზურაბ მიქაძე დააკავეს.