უფლებადამცველმა, სასჯელაღსრულების საზოგადოებრივი მონტორინგის ჯგუფის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია მოინახულა.
ლორთქიფანიძის განცხადებით, განცხადებები თითქოს ახალაიაზე ფსიქოლოგიური ხასიათის ზეწოლა ხორციელდებოდა სიმართლეს არ შეესაბამება.
„დღეს, ბაჩო ახალაიას ერთი საათის განმავლობაში ვესაუბრე. მინდა სრული პასუხიმგებლობით განვაცხადო, რომ ის არანაირი ხასიათის ფსიქოლოგიურ ზეწოლას არ განიცდის, თუ მხედველობაში არ მივიღებთ, რომ იგი კატეგორიულად არ ეთანხმება მისი მოთავსების პირობებს ნომერ მეშვიდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კრიმინალურ ავტორიტეტებთან, იმ პირებთან, რომელთა წინააღმდეგ, ბრალდების მოწმედ გამოძიების პროცესში სასამართლოზე გამოდიოდა“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
რაც შეეხება, ახალაიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების პირობებს, ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ის იზოლირებულადაა მესამე სართულზე, თუმცა მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით, დადგენილია ცალკე სპეციალიზირებული დაწესებულება იმ დამნაშავე პირთა მიმართ, რომლებიც მსჯავდებულნი არიან სხვადასხვა დანაშაულებისთვის, მაგრამ დაკავებამდე მსახურობდნენ ძალოვან უწყებებში, მათთვის ე.წ. მატროსოვის დაწესებულებაა განკუთვნილი.
„აქედან გამომდინარე, ვსვამ შეკითხვას, რატომ არ უნდა იყოს ბაჩო ახალაია მოთავსებული ამ სპეციალიზირებულ დაწესებულებაში, რატომ იქმნება პრობლემა მაშინ, როდესაც შეიძლება, რომ ეს საკითხი ცალკე მსჯელობის საგანი გახდეს და თუნდაც, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ყურადღება მიიპყროს, რატომ იქმნება პრობლემა იმ ვითარებიდან, რომლიდანაც, შეიძლება არავითარი პრობლემა არ წარმოიქმნას. ამ კითხვით აუცილებლად მივმართავ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.