არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, კახა კახიშვილი საქართველოს ამჟამიდნელი ხელისუფლებისადმი დასავლური პრესის კრიტიკულ დამოკიდებულებას, ქვეყნის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობისტური ორგანიზაციების მუშაობას უკავშირებს.
ის აქვე, აღნიშნავს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტურად უნდა ემუშავა და ის დეტალები, რაც უცხოელებს აინტერესებდათ სრულყოფილად უნდა აეხსნათ.
„მიხეილ სააკაშვილს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის 15 წლიანი გამოცდილება და პირადი კონტაქტები აქვს. ერთია, როდესაც ოფიციალური შეხება გაქვს რომელიმე თანამდებობის პირთან და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთან და მეორეა, როდესაც ამ წარმომადგენლობასთან გაქვს პირადი კონტაქტები, რომელიც მართლაც, ძალიან ბევრს წყვეტს.
ამავდროულად, უკვე წლებია, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ლობისტების საუკეთესო გუნდი მუშაობს და სამწუხაროდ, საერთაშორისო პოლიტიკა უკვე ისეთ დონეზეა, რომ ლობისტების გარეშე, ვერაფერს ვეღარ გააკეთებ.
ასევე ის ელჩები, რომლებიც წესით, სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ინტერესების დამცველნი უნდა იყვნენ, რეალურად პოლიტიკური ნიშნით არიან დანიშნულნი. შესაბამისად, მათი დიდი ნაწილი ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციას აგრძელებს“, - განაცხადა კახიშვილმა.
კახიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციაში ყოფნის პერიოდშიც, ელჩები და ლობისტური ორგანიზაციები ამავე მიზნით მუშაობდნენ და აღნიშნავს, რომ მაშინ შეიქმნა დიდი ლეგენდა, რომ ივანიშვილი ოლიგარქი და რუსეთიდან მართულია.
„ეს როგორც ჩანს, საკამოდ კარგად იყო შეფუთული და დამუშავებული. წარმოიდგინეთ, თანხვედრა მიმდინარეობდა, ერთი და იგივე ინფორმაციას აწვდიდნენ ლობისტები, ელჩები და ამას ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციაც ადასტურებდა. შესაბამისად, დასავლეთში ჩამოყალიბდა ასეთი იმიჯი, რომ საქართველო პოსტ საბჭოთა კავშირის სივრცეში დემოკრატიული შუქურა იყო, მაგრამ ახლა, არის საშიშროება, რომ უკან დაბრუნდეს, რადგან სათავეშია ადამიანი, რომელიც მართულია და მეორეც, დასავლეთის კურსის გამტარებელი არ არის. საბოლოოდ, ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, საერთაშორისო მედიაში ასეთი კრიტიკა წამოვიდა. ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ უფრო ეფექტურად უნდა იმუშავოს და უნდა ემუშავა კიდეც“, - განაცხადა კახიშვილმა.
კითხვის პასუხად, დასავლურმა კრიტიკამ რამდენად შეიძლება იმოქმედოს ქვეყნის შიგნით არსებულ პროცესებზე, კახიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობამ „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე სახე ძალიან კარგად იცის.
„საქართველოს მოსახლეობაზე ცუდად არ იმოქმედებს, რადგან იციან, რომ ეს ყველაფერი რეალობას არ შეესაბამება. ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით, მაგრამ მეორეა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებს. სააკაშვილი ყოველ დღე გაიძახის, უპრეცენდენტო ნაბიჯი გადავდგი, ვაღიარე ოპოზიციის გამარჯვება, დავთმე ძალოვანი უწყებები და მინდა ხელი შევუწყო ქვეყნის წინსვლასო. ამას დასავლეთში იჯერებენ. შესაბამისად, სააკაშვილმა და „ნაც მოძრაობამ“ დემოკრატიის გვირგვინი მოირგო თავზე და ახლა დასავლეთში ბევრი ფიქრობს, რომ მეტი რა უნდა ექნა მიშა სააკაშვილს? ადამიანურად აღიარა არჩევნებში დამარცხება, მთავრობა წარუდგინა ისეთი, როგორიც ივანიშვილს სურდა, ძალოვნები მისცა, ეს კიდევ, მოვიდა და ხალხს იჭერს. შესაბამისად, მივიჩნევ, რომ აუცილებელია თითოეული ბრალდება პროკურატურის მხრიდან ძალიან კარგად დასაბუთებული და გამყარებული იყოს მტკიცებულებებით, ამავდროულად, საგარეო უწყებამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს“, - განაცხადა კახიშვილმა და დასძინა, რომ „უნდა ჰქონდეს დასავლელ პარტნიორებს ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც რეალურად საქართველშია“.