შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი თანამოაზრეებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციას ქმნის.
როგორც ნადარეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ორგანიზაცია „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრი" ღია იქნება ყველა იმ პირისთვის, ვინც თავს ახალი მთავრობის უკანონო ქმედებების მსხვერპლად მიიჩნევს.
ნადარეიშვილის განმარტებით, ორგანიზაცია რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს და მისი წევრები გეგმავენ შსს-დან გამოითხოვონ ოფიციალური სტატისტიკა ქვეყანაში ბოლო პერიოდში მომხდარი დანაშაულებების შესახებ. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, პასუხს საჯარო უწყებებიდან თანამშრომლების გათავისუფლების გამოც მოითხოვენ.
„ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ქვეყანაში მძიმე მოვლენები დაიწყო. ეს არის პოლიტიკური ოპონენტების დევნა, მედიაზე და თვითმართველობებზე ზეწოლა, ადამიანების განთავისუფლება სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით და ხალხის დაშინება. არსებობს ინფორმაცია, რომ ქვეყანაში იმატა კრიმინალმა და კორუფციულმა ფაქტებმა"- აღნიშნა ანი ნადარეიშვილმა.