ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს კახა გეწაძეს ჭიდაობის ფედერაციის სრული შემადგენლობა თავდებად დაუდგა.
მოჭიდავეების განცხადებით, გეწაძე ყოველთვის თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მისი მხრიდან, არც ქვეყნის დატოვების საფრთხე არსებოს.
შესაბამისად, ისინი ფედერაციის პრეზიდენტის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ. „ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია სრული შემადგენლობით კახა გეწაძეს თავდებში უდგება. პირადად მეც, დანამდვილებით ვიცი, რომ ის ყოველთვის თანამშრომლობდა გამოძიებასთან და დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგაც ითანამსრომლებს. შესაბამისად, არ არის აუცილებელი მისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება და მისი ციხეში ჩასმა. ის არ არის ადამიანი, რომელიც გაექცევა გამოძიებას“,-განაცხადა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ.
ცნობისთვის, პროკურატურამ გეწაძესთან დაკავშირებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა. ის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.