ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, პოლიტპატიმრებს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება ექნებათ.
როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, როცა დადგინდება, რომ პირები სასჯელს უსამართლოდ იხდიდნენ, მათ რეაბილიტაციისა და კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ - თუ ამას მოითხოვენ.
„ამ ადამიანების რეაბილიტაცია უნდა მოხდეს“, - დასძინა კანონმდებელმა.
სამუშაო ჯგუფი მუშაობას დღეს ასრულებს და დღეს დამატებით კიდევ იმ პირთა ვინაობა გახდება ცნობილი, რომლებსაც პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა სტატუსი მიენიჭებათ. ასეთი კი, 200-ზე მეტი ადამიანი იქნება. პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა საბოლოო სია და დადგენილების პროექტი პარლამენტს 5 დეკემბერს წარედგინება.