საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, საქართველოს ელჩები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში, აშკარად დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკის გზას ადგანან. ამის შესახებ ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს" პრესკლუბში განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო პუბლიკაციებში საქართველოს ხელისუფლებისადმი გამოთქმული კრიტიკული სტატიების იგნორირება არ შეიძლება, მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევაში პუბლიკაციებში აშკარა უზუსტობებია.
„ფაქტია, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში საერთაშორისო პუბლიკაციებში აკრიტიკებენ დღევანდელ ხელისუფლებას. ზოგიერთ შემთხვევაში ეს კრიტიკა არის საქმიანი. ზოგიერთ შემთხვევაში იგი ცდება იმ საზღვრებს, რომელსაც საქმიანი კრიტიკა მოიცავს. არ არის დასამალი, რომ ხშირ შემთხვევაში როგორ ჩვენი საელჩოების, ისევე ყოფილი მმართველი პარტიის ხელში კვლავ აღმოჩნდა ლობისტური შესაძლებლობები, რომლებიც გავლენას ახდენენ. მე შორს ვარ იმისგან, რომ ამ ლობისტებს ყველაფერი შეუძლიათ, ასევე აბსოლუტურად გამორიცხულია რომელიმე ჟურნალისტის მოსყიდვა, მაგრამ ჩვენი ელჩები ამერიკასა და ევროკავშირში აშკარად ადგანან დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკის და არა თავის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გზას" - განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისივე განმარტებით, სანამ სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას ყველა იმ საქმეზე, რომელიც ახალი ხელისუფლების პირობებში აღიძრა, ხელისუფლების შეფასება ამ მხრივ ობიექტური ვერ იქნება.
„კრიტიკის ძირითადი ქარცეცხლი ჩვენ დაგვატყდა იმის გამო, რომ ქვეყანაში, ზოგიერთის აზრით, მიმდინარეობს შერჩევითი მართლმსაჯულება და აპატიმრებენ პოლიტიკური ნიშნის მიხედვით. პირადად მე ამ შეფასებებს არ ვეთანხმები. ობიექტური იქნება შეფასება მას შემდეგ, რაც სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას. ვერავინ ვერ დაგვაბრალებს და არც არავის დაუბრალებია, რომ სასამართლოზე ხორციელდება ზეწოლა"- განაცხადა ბერძენიშვილმა.