საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გუგული მაღრაძე პოლიტპატიმართა სიაში - გია გორელაშვილის ჩასმას ითხოვს.
როგორც ჟურნალისტებს მაღრაძემ განუცხადა, ვიცე-პოლკოვნიკის სერგო თეთრაძის შეთხზულ საქმეში, თეთრაძესთან ერთად ისეთი ადამიანები გაიყვანეს, რომელთაც თეთრაძესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ.
„გია გორელაშვილი საგარეჯოში ღვინის ქარხანის თანამშრომელი იყო. მას ქალიშვილი ჰყავს, ერთი შვილი კი, ავარიაში დაეღუპა. ის არც ღარიბი და არც მდიდარი კაცია. მას პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ ჰქონია. თავის დროზე, ამიერკავკასიის საარტილერიო სასწავლებელში სწავლობდა, ბევრი სომეხი და რუსი მეგობარი ჰყავდა. ეტყობა, ეს ადამიანი იმისთვის დასჭირდათ, რომ ამ საქმისთვის მიეკერებინათ. გორელაშვილის მეუღლემ მითხრა, რომ სამართალდამცავები ოჯახში რაღაცას ჩხრეკდნენ და თითქოს ჩიპი იპოვესო, რომელიც თითქოს საიდუმლო ინფორმაციის შემცველი იყო. გოროლაშვილს მოსთხოვეს, რომ სომეხი მეზობელების გვარები მაინც დაესახელებინა. ის შეთხზულ საქმეში მონაწილეობას არ ადასტურებდა, რის გამოც, ის აწამეს - წამწამები დააცალეს, ხელები დაგლეჯილი ჰქონდა და ხის ბუსუსებიანი ჯოხით სცემეს. თურმე, იმდენად სისხლიანი ტანსაცმელი ჰქონდა, რომ მის მეუღლეს ვერ გამოატანეს. ის ბრალს, რომ არ აღიარებდა, უთხრეს, რომ თეთრაძის ამბავი ხომ იცი და ის დაგემართება შენცო. მან კი, უპასუხათ, რომ იგივეს ვერ გაიმეორებთ, რადგან აქედან ერთი გვამის ნაცვლად, ორს გაიტანთო. საკუთარ სათვალეს ყუნწი მოაცალა და გულზე დაირტყა, რის შემდეგაც, ამ ტიპის წამებას თავი დაანებეს და ქალიშვილით დაემუქრნენ. ამის შემდე კი, მან განცხადებას ხელი მოაწერა. ეს ადამიანი 2011 წლის სექტემბრიდან კი პატიმრობაშია“, - აცხადებს მაღრაძე.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 17 სექტემბერს სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ომის ვეტერანი და სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი მაღალჩინოსანი, ვიცე-პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, მის სახლში ჩხრეკის ჩატარების შემდეგ, გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, ერთი კვირის თავზე კი ოჯახს შეატყობინეს, რომ სერგო თეთრაძე გლდანის ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა. ოჯახის წევრებსა და უფლებადამცველებში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ოფიცერი, რომელიც, სავარაუდოდ, ჯაშუშობაში იყო ეჭვმიტანილი, ციხეში დანაშულის აღიარების მიზნით განხორციელებული ფიზიკური ზემოქმედების შემდეგ, კარანტინში ყოფნის დროს დაიღუპა. ვიცე-პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის სიკვდილის გარემოებებზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა, 2011 წლის 31 დეკემბერს გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის მიზეზით შეწყდა. ახალი მთავარპროკურორის გადაწყვეტილებით კი, საქმე ძიებაში დაბრუნდა.